ლევან ბრეგაძე - სამართლიანობის იდეა სულხან-საბა ორბელიანთან
სამართლიანობას მრავალი ასპექტი აქვს და, საზოგადოდ, სამართლიანობა არის ეთიკის ფილოსოფიის ერთ-ერთი ყველაზე რთული კატეგორია. სულხან-საბა ორბელიანთან შეინიშნება სამართლიანობის უპირველესი მოთხოვნით დაინტერესება: ეს არის სიკეთის სიკეთით გადახდის მოთხოვნა, რაც კერძო შემთხვევაა ძველისძველი შეგონებისა – „ნუ გაუკეთებ სხვას იმას, რასაც არ ისურვებდი შენთვის გაეკეთებინათ“, რომელიც კონფუცისთანაც (551-479) გვხვდება (მოწაფე ცი-გონგი ეუბნება კონფუცის: „რაც მე არ მინდა გამიკეთოს სხვამ, იმას არც მე გავუკეთებ სხვას“, რაზედაც მოძღვარმა მიუგო: „ასე მოქცევა შენ ჯერ კიდევ არ ძალგიძს“. – კონფუცი 1984: 60), სახარებაშიც ( „როგორც თქვენ გსურთ მოგექცნენ კაცნი, თქვენც ასევე მოექეცით მათ“ [ მათე 7.12]; შდრ. ლუკა 6.31), ხოლო შემდეგ საფუძვლად დაედო კანტის ეთიკას და კანტის კატეგორიული იმპერატივის სახელით არის ცნობილი. კანტთან ის ასეა ფორმულირებული: „იმოქმედე მხოლოდ იმ პრინციპის თანახმად, რომელ პრინციპსაც საყოველთაოდ გამოყენების ღირსად მიიჩნევდი“, ანუ, სხვების მიმართაც ისევე სამართლიანად მიიჩნევდი მის გამო...