ლევან ბრეგაძე - სამართლიანობის იდეა სულხან-საბა ორბელიანთან



სამართლიანობას მრავალი ასპექტი აქვს და, საზოგადოდ, სამართლიანობა არის ეთიკის ფილოსოფიის ერთ-ერთი ყველაზე რთული კატეგორია. სულხან-საბა ორბელიანთან შეინიშნება სამართლიანობის უპირველესი მოთხოვნით დაინტერესება: ეს არის სიკეთის სიკეთით გადახდის მოთხოვნა, რაც კერძო შემთხვევაა ძველისძველი შეგონებისა – „ნუ გაუკეთებ სხვას იმას, რასაც არ ისურვებდი შენთვის გაეკეთებინათ“, რომელიც კონფუცისთანაც (551-479) გვხვდება (მოწაფე ცი-გონგი ეუბნება კონფუცის: „რაც მე არ მინდა გამიკეთოს სხვამ, იმას არც მე გავუკეთებ სხვას“, რაზედაც მოძღვარმა მიუგო: „ასე მოქცევა შენ ჯერ კიდევ არ ძალგიძს“. – კონფუცი 1984: 60), სახარებაშიც („როგორც თქვენ გსურთ მოგექცნენ კაცნი, თქვენც ასევე მოექეცით მათ“ [მათე 7.12]; შდრ. ლუკა 6.31), ხოლო შემდეგ საფუძვლად დაედო კანტის ეთიკას და კანტის კატეგორიული იმპერატივის სახელით არის ცნობილი.

კანტთან ის ასეა ფორმულირებული:

„იმოქმედე მხოლოდ იმ პრინციპის თანახმად, რომელ პრინციპსაც საყოველთაოდ გამოყენების ღირსად მიიჩნევდი“, ანუ, სხვების მიმართაც ისევე სამართლიანად მიიჩნევდი მის გამოყენებას, როგორც შენ მიმართ.

სულხან-საბას „სიბრძნე სიცრუისას“ პერსონაჟი რუქა არ ცნობს ამ იმპერატივს. უფრო ზუსტად, იგი თითქოსდა წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ ადამიანები სიკეთეს სიკეთით არ პასუხობენ, სინამდვილეში კი სიამოვნებას ანიჭებს სიკეთის ბოროტებით გადახდა და ცდილობს თეორიულადაც გაამართლოს ამგვარი ქცევა.

რუქა ფარისევლურად წუხს, ლეონს მეფის კეთილგანწყობა მოვუპოვე, მან კი სიკეთე ბოროტებით გადამიხადა, მტრად მომეკიდაო. და წარმოთქვამს მისთვის ძალიან მნიშვნელოვან ფრაზას: ეს არ მიკვირს, ვინაიდან „ძველთაგან თქმულა: ‘არას კაცს კარგის მოქმედისათვის კარგი არ უქმნია’, და მის მაგიერ ავი მიუგია“ (ორბელიანი 1959: 113).

ანუ ადამიანები ბუნებით უსამართლონი არიანო, ირწმუნება იგი. ამით მას სურს თავისი უსამართლობა და ბოროტება გაამართლოს. საამისოდ რუქა იშველიებს იგავს „კაცი და გველი“:

„ერთი კაცი მოვიდოდა გზაზედა. ნახა, ერთს ძეძვს ცეცხლი შემოჰგზნებია და ზედ გველი გასულა. წასასვლელი გზა არა აქვს, ღონობს და წივის. ნახა მან კაცმან, შეეწყალა და თქვა: – ამ გველს მოვარჩენ, მადლია ჩემთვისაო.
მივიდა, შუბის წვერი მიუშვირა. გველი ზედ შემოეხვია, მხარზე შეახლტა და ყელს შემოეღვლარჭნა, მაგრა მოუჭირა.
ჰკითხა მან კაცმან: რა გაწყინე, რატომ მიზამ? სიკვდილს მოგარჩინეო!
გველმან უთხრა: კარგისათვის კარგი არავის უქმნია და მეც ასრე გიყავო.
კაცი შეეხვეწა: ამდენი მაცალე, იგი ჭანდარი რომ დგას, მუნამდის მივიდეთ და მას ვჰკითხოთ. თუ ჩემის ცოდვით ხემაც ხმა ამოიღოს და დაგიშალოს, გამიშვი, თუ არა და, რაც გინდა, მიყავო.
ცოტა მოუფონა გველმან და მივიდნენ ჭანდართან.
ჰკითხა მან კაცმან: ეს გველი სიკვდილს მოვარჩინე, აწ ესე მიზამსო.
მან ჭანდარმან ეგრე უთხრა: ამ ცხელს მინდორში მარტო ერთი ხე ვდგავარ; მგზავრი, თუ არა ჩემს ჩრდილში, ვერ განისვენებს. მოვლენ, მოიგრილებენ, დავაჩრდილებ, შემდეგ შტოებს დამამტვრევენ, ზოგს დასწვენ, ზოგს კოლოფებად აკეთებენ: რა კარგი ხეაო! კარგისათვის კარგი არავის უქმნია, მოუჭირე, გველოო!
მოუჭირა ყელსა გველმან.
კიდევ შეეხვეწა კაცი გველსა: ცოტა მოუშვიო, აგერ ხარი სძოვს, მას ვჰკითხოთო!
წავიდნენ, ხარს ჰკითხეს.
ხარმან უთხრა: მოვხნავ, დავფარცხავ, გავლეწ და ზაფხულ-ზამთარ სულ კაცთათვის ვმუშაობ, დამაწვენენ და დამკლავენ: რაო და, სტუმარი მომივიდაო! კარგისათვის კარგი არავის უქმნია, მოუჭირე, გველოო!
მოუჭირა კიდევ ყელსა.
შეეხვეწა კაცი: ცოტა კიდევ მაცალე, აგერ მელი არის და მასაც ვჰკითხოთო!
მივიდნენ, მელს ჰკითხეს. კაცმან თავისი საჩივარი და გველმან ხისა და ხარის მოწმობა მოახსენა.
მელმან უთხრა თავის ხერხიანის სიტყვითა გველს: ლომნადირთ ხელმწიფისაგან დასმული მდივანბეგი ვარო, ყელზე შემოჰხვევიხარ და ისე მესამართლები, როგორ იქმნებაო? შემოეშვი და შენც დამიჩოქე და ამ კაცმანცაო!
რა გველი შემოეშვა და დაბლა ჩამოვიდა, დაჰკრა მელმან ტოტი თავში. გველი მოკლა და თქვა: გველის სამართალი ეს არისო!
მერმე მან კაცმან ის მელა აღარ დაინდო და შუბის შეცემა მოინდომა: კარგი რამ ბეწვი აქვსო.
შეუტყო მელმან. გაექცა და თავსა აბრალა: დავაშავე მოვარჩინეო! 
– აწ შენც, ლეონ, მას გველსავით გამოგიყვანე, მარჩობ და რა ვქნა?“ (ორბელიანი 1959: 113-114).

პასუხოდ ლეონი ისეთ იგავს ჰყვება, სადაც გველიც კი ადამიანს სიკეთეს სიკეთით უხდის („კეთილი გველი“):

„ერთი გლახაკი კაცი მივიდოდა გზასა. ნახა ორი გველი – ერთი შავი და ერთი წითელი, იბრძვის და შავი ერეოდა.
და თქვა მან კაცმან: ამ წითელს ეჭირვება მოხმარება და მოვეხმარებიო.
მივიდა, შავს გველს ჯოხი დაჰკრა და მოკლა.
მოვიდა წითელი გველი, თავი ადგილზედ დაუკრა და კალთას კბილით მოეკიდა და გაზიდა. გაჰყვა ეს კაცი. ერთის კლდის ქვაბში მიიყვანა. ეგზომი განძი აჩვენა, მეფეს არა ჰქონდა იმდენი, და გამდიდრდა კაცი იგი.
– რუქავ! როგორიც კაცი შენა ხარ, ის გველიც, შენი ნათქვამი, შენისთანა ყოფილა, თვარა კარგისათვის ავს ვინ უზამს კაცსაო“ (ორბელიანი 1959: 114).

ცხადია, ამ პერსონაჟთა განსხვავებული დამოკიდებულება სამართლიანობისადმი მათ განსხვავებულ მსოფლმხედველობას, იდეოლოგიას ეფუძნება. ლეონისა და რუქას მსოფლმხედველობები ზედმიწევნით გამოიკვლია თეიმურაზ დოიაშვილმა, რომელმაც გამოწვლილვით შეისწავლა „სიბრძნე სიცრუისას“ დიალოგები. იგი ლეონის ასეთ დახასიათებას იძლევა:

„ლეონის ეთიკის დასაყრდენი აბსოლუტური ზნეობრივი იდეალის – ღმერთის უზენაესობის აღიარებაა. მას [...] ერთდროულად ღვთის განგების არსებობაც სწამს და ნების თავისუფლების, არჩევანის უფლებასაც სცნობს. არსებითი ისაა, რომ მისი იგავ-არაკების პერსონაჟები, რუქას პერსონაჟებისაგან განსხვავებით, პირადი სარგებლიანობის, ან, უფრო უარესი, ბოროტების პრინციპით კი არ მოქმედებენ, თავისუფალი არჩევანის ჟამს უსმენენ სახიერი ღმერთის ხმას, რომელიც მათ ნებას სიკეთისაკენ წარმართავს. „კარგის პასუხად ეგ მექნა, ღმერთი რას მიზემდაო“, – ამბობს პატიოსანი არაბი“ (დოიაშვილი 2013: 18).

რაც შეეხება რუქას, მისთვის, თეიმურაზ დოიაშვილისავე სიტყვით, „სინამდვილე დესაკრალიზებულია. მართალია, უიშვიათესად, იგი ღმერთს ახსენებს, მაგრამ შემოქმედს საამსოფლო საქმეთაგან გაკიდეგანებულად სახავს. დესაკრალიზებულ სინამდვილეში ღვთის განგებას ცვალებადი, გაურკვეველი ბედი, ბედისწერა ენაცვლება, მას კი მუდმივად უპირისპირდება თავისუფალი ნება. ამასთან, ბედისწერა მორალურობას მოკლებული, შეუცნობელი ქიმერაა, ამიტომ მასთან ჭიდილში, თვითგადარჩენის გზაზე, პიროვნებაც თავისუფალია მორალისგან. აი, რა აძლევს რუქას საფუძველს, მოურიდებლად ილაპარაკოს ავის ქმნაზე, ადამიანში ბოროტების პრიმატზე. იგი თითქოს, ერთი მხრივ, ანტიკურ, პლავტესეულ თეზისს აცოცხლებს, რომ „ადამიანი ადამიანისათვის მგელია“, მეორე მხრივ კი რენესანსისა და ახალი დროის იმ მოაზროვნეებს ეხმიანება, რომლებიც ადამიანს ბუნებით ბოროტ, ეგოისტური ზრახვების მქონე არსებად მიიჩნევდნენ. რუქა, ნებით თუ უნებლიეთ, შორდება რელიგიური ეთიკის არეს, რომლის გარეთ თავისუფალი ნება მოკლებულია ღვთაებრივ ზედამხედველობას და, ამდენად, ბოროტი ნებაა“ (დოიაშვილი 2013: 17-18).

გამოთქმა „ადამიანი ადამიანისთვის მგელია“ მომდინარეობს ძველი ბერძენი დრამატურგის ტიტუს მაკციუს პლავტუსის (ძვ. წ. 254-ძვ. წ. 184) კომედიიდან „ვირები“. ამის საპირისპიროდ, რომაელი ფილოსოფოსის სენეკას (ძვ. წ. 4-ახ. წ. 64) აზრით, „ადამიანი ადამიანისთვის წმიდათა წმიდა რამ არის“. საგულისხმოა, რომ „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) და „CRRC–საქართველოს“ მიერ 2018 წლის მარტში საქართველოში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 20% სრულიად ეთანხმება იმას, რომ გამოთქმა „ადამიანი ადამიანისთვის მგელია“ ახასიათება ჩვენს საზოგადოებას (ინტერნეტი 1).

რუქასა და ლეონს შორის სამართლიანობის საკითხზე ხანგრძლივი კამათი იმართება იგავებით. ამ კამათში მათ გარდა ვაზირი სედრაქი და მეფის ძე ჯუმბერიც მონაწილეობენ. რუქას უზუსტობები მოსდის: ისეთ იგავებს იშველიებს, რომლებიც ერთი შეხედვით მის წისქვილზე ასხამენ წყალს, სინამდვილეში კი ასე სულაც არ არის, რაც შეუმჩნეველი არ რჩება ლეონს და მახვილგონივრულად აბათილებს რუქას არგუმენტებს. ამის თაობაზე თეიმურაზ დოიაშვილი შენიშნავს:

„უფრო რთული ვითარებაა მესამე „დიალოგში“, სადაც რუქა შემართული და აქტიურია. რუქას მონაყოლი ოთხი იგავიდან სამში ლეონი, როგორც მისი კომენტარები მოწმობს, ვერ ხედავს კარგის ავით მიზღვის ადეკვატურ მაგალითებს. ლეონისეული კრიტიკა შეფარული მინიშნებაა, რომ რუქას პოზიცია არამყარია“ (დოიაშვილი 2018: 20). ანუ ავტორი აქ შეფარულად, არადეკლარირებულად გვამცნობს, თუ თავისი რომელი პერსონაჟის პოზიციას იზიარებს.

რუქა ბოლოს ისე დაიბნა, რომ სედრაქის პასუხად ამგვარი რამ წამოსცდა:

„შენ მაგ ბუნების პატრონი ხარ, რომე ყოველი კაცი გიყვარს და მე ყოველნი მძულან“ (ორბელიანი 1959: 124).

უცბადვე მიხვდა, რომ თავი გასცა, და მდგომარეობის გამოსწორება ასე სცადა:

„მე კი არავინ მძულს, მაგრამ მე ყველას ამაზე ვძულვარ, მეფის ერთგული ვარ. მე ამის მეტი არავინ ვიცი და არცავის ვეფერები, ვირემ მეფე ცოცხალია, არცავინ მინდა“ (ორბელიანი 1959: 124).

ამრიგად, კეთილი და ბოროტი ადამიანების არსებობას რუქა კაცობრივი ბუნების სხვადასხვაგვარობით ამართლებს (ამისთვის სედრაქის იგავის „თათვალის“ [ფრინველია] საპასუხოდ ის ჰყვება იგავს „სალამანდრა“).

კარგი, დავუშვათ, ადამიანი – მოდით, ასე ვთქვათ – ადამიანთა ერთი ნაწილი –ბუნებით ბოროტია (გავიხსენოთ ჰეგელის ნათქვამი: „ზოგიერთს ჰგონია, რომ არაჩვეულებრივად ღრმა აზრს გამოხატავს, თუ იტყვის: ადამიანი ბუნებით კეთილიაო; ავიწყდებათ, რომ ბევრად ღრმა აზრია სიტყვებში: ადამიანი ბუნებით ბოროტია“. – ინტერნეტი 2), მაგრამ ადამიანი ბოროტი შეიძლება იყოს სხვების მიმართ, თავის თავის მიმართ ხომ ვერ იქნება ბოროტი – არაბუნებრივია ადამიანს თავისთვის ცუდი უნდოდეს! ახლა დავფიქრდეთ რა გამოვა, თუკი სიკეთეს ბოროტებით უპასუხებ. ამით, დიდი ალბათობით, იმას მიაღწევ, რომ არამარტო მისგან ვეღარ ეღირსები სხვა დროს სიკეთეს, ვისაც უსამართლოდ მოექეცი, არამედ არც იმათგან უნდა ელოდო კარგს, ვინც შეიტყო, თუ როგორ მიუზღე მოყვასს სიკეთის წილ ბოროტებით. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ (რელიგიურ, ფსიქოლოგიურ, სოციალურ და ა. შ. მოტივაციებს რომ შევეშვათ), მარტო ესეც კმარა იმისთვის, რომ მივხდეთ: ჩვენთვისვე ჯობს სიკეთეს ბოროტებით არ ვუპასუხოთ. ანუ, რა გამოდის? გამოდის ის, რომ კანტის კატეგორიული იმპერატივი სინამდვილეში სულაც არ ყოფილა კატეგორიული იმპერატივი. კატეგორიულ იმპერატივი აქსიომის მაგვარი რამ არის: დასაბუთებას არ საჭიროებს და არც უხერხდება დასაბუთება. კანტის კატეგორიული იმპერატივის დასაბუთება კი ხერხდება და, როგორც ბოლო დროს აღიარეს, საჭიროც არის მისი დასაბუთება. ან, მოდით, ასე ვთქვათ: როგორც ჩანს, მაინც საჭიროა ადამიანს დავუტოვოთ არჩევანის უფლება – მისდიოს ან არ მისდიოს ამ შეგონებას. ამ აზრზე დგას თანამედროვე გერმანელი ფილოსოფოსი, ცხოვრების ხელოვნების ფილოსოფიის ახლად დამფუძნებელი ვილჰელმ შმიდი. ის ფიქრობს, რომ მაინც საჭიროა დაისვას კითხვა – რატომ არ უნდა გავუკეთოთ სხვას ის, რასაც არ ვისურვებდით ჩვენთვის გაეკეთებინათ? პასუხი: იმიტომ, რომ ასე ჯობია ჩვენთვისვე.

ანუ, კატეგორიულად ნურავის მოვთხოვთ ისე მოექცეს სხვას, როგორ მოქცევასაც სხვათაგან თავის მიმართ ისურვებდა, ოღონდ, თუ სხვის მიმართ იმას ჩაიდენს, რასაც არ ისურვებდა მის მიმართ ჩაედინათ, მერე თავის თავს დააბრალოს რაც მოუვა.

[ვილჰელმა შმიდმა ეს მოსაზრება გამოთქვა ამ საუკუნის დამდეგს თბილისის „კავკასიურ სახლში“ წაკითხულ ერთ-ერთ ლექციაზე.
სტატიაზე მუშაობისას ბატონ შმიდს მივწერე, მისი რომელი ნაშრომი უნდა დამემოწმებინა ამ თვალსაზრისის ციტირებისას. გთავაზობთ მის პასუხს:
„დიახ, რაც შეეხება კანტს, სწორად გახსოვს. შეგიძლია დაიმოწმო ის, როგორც ზეპირი გამონათქვამი, ასე მოკლედ [როგორც ლექციაზე ვთქვი] არსად მიწერია, მაგრამ სწორედ ასეა. ვრცლად კი ამის თაობაზე ვწერ ჩემს წიგნში „ცხოვრების ხელოვნების ფილოსოფია“, რომელიც ზურკამპის გამომცემლობამ გამოსცა 1998 წელს“].

თუ ჩვენ საბასთან ვიპოვიდით სამართლიანად მოქცევის ამგვარ მოტივაციაზე, მის პრაგმატულობაზე, თუნდაც მინიშნებას, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა საქართველოში ეთიკური აზრის განვითარების ისტორიისათვის. და, მგონი, არის ასეთი მინიშნება იმ ეპიზოდში, რომელშიც სედრაქი უხსნის რუქას, რატომ ჯობია სიკეთის სიკეთით გადახდა სიკეთის ბოროტებით გადახდას. ეს არამარტო საბას ეპოქაში, არამედ დღესაც კი სამტკიცებელია – შესაძლოა დღეს უფრო მეტადაც კი. ჩვენ მიერ უკვე ნახსენები ბერლინელი ფილოსოფოსი ვილჰელმ შმიდი 2000 წელს გაზეთ „ჩვენი მწერლობისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, ამბობს: „ცხოვრების ხელოვნების ფილოსოფია ცდილობს, მორალს კი არ დაეფუძნოს, არამედ ცხოვრების ხელოვნების მეშვეობით მივიდეს მორალთან. ამის მიზეზი ის არის, რომ დღეს, ყოველ შემთხვევაში, დასავლეთის ქვეყნებში, ყოველგვარი მორალური საზომი იმსხვრევა. შეუძლებლი ხდება საყოველთაოდ მისაღები მორალური წესების დადგენა – ყველა ადამიანი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. ჩვენ შეგვიძლია ამის გამო წუხილი გამოვთქვათ, მაგრამ შეცვლით აქ ბევრს ვერაფერს შევცვლით. ჩემი რჩევაა ასე მოვიქცეთ: ჩვენ უნდა ვაღიაროთ: კი, ბატონო, ყველა თავის თავზე ფიქრობს. ყველა დაინტერესებულია ცხოვრება უკეთ მოიწყოს. ახლა ჩვენ ამ გარემოებით უნდა ვისარგებლოთ და ასე ვთქვათ: თუ გსურს გონივრულად იცხოვრო, თუ გსურს ცხოვრებიდან სარგებელი ნახო, კარგს იზამ, თუ მარტო საკუთარ თავზე არ იფიქრებ. რადგან შენი ცხოვრება შენ გამო კი არ არის მდიდარი, შენი ცხოვრება სხვა ადამიანების გამოა მდიდარი“ (შმიდი 2000: 1).

საბას პოზიციაც ამის მსგავსია. მისთვის აშკარაა, რომ სიკეთის ბოროტებით გადახდა მტრებს გვიმრავლებს და მოყვარეთა რიცხვს გვიმცირებს, რაც საზიანოა ადამიანისთვის. ამას ნათლად მიგვანიშნებს საბას თხზულებიდან ქვემოთ დამოწმებულ ციტატაში ჩვენ მიერ ხაზგასმული სიტყვა „დაძაბუნდები“:

„მან სიტყვის მდინარემან, ამბავტკბილმან, ენამრავალმან ვაზირმა სედრაქ დაუწყო წვრთნა რუქასა და ეტყოდა:

– რუქავ, [...] ამას გეტყვი და გასწავლი: რა კაცი კაცს გაუმტერდება, სიქიშპე ვეღარას დაანახვებს. [...] ყოველს კაცსა სიყვარულს უნდა აჩვენებდე, თვარა, რა გაუმტერდე და ვეღარ შეიძლო, დაძაბუნდები. [...] რად იქმ უგვანსა, რად არ დაადუმებ ცუდის საუბრისაგან ენასა“ (ორბელიანი 1959: 122-123. – ხაზგასმა ჩვენია. – ლ. ბ.).

ამას მოსდევს ამხანაგის/ამხანაგობის ღირსებების ჩამონათვალი, დასტური იმისა, რაც ახლახან ციტირებულ ფრაგმენტში ვილჰელმ შმიდმა გვითხრა: „შენი ცხოვრება შენ გამო კი არ არის მდიდარი, შენი ცხოვრება სხვა ადამიანების გამოა მდიდარი“:

„კარგი ამხანაგი ადვილად არ იშოვების, გზაზედ ცუდად არ იპოვების, იაფად ვერავინ იყიდის.
ამხანაგი ციხე წყლიანია, ზღუდე მაღალია, სიმაგრე დაურღვეველია.
ამხანაგი ლხინი ფრიადია, სიხარულთა გამამდიდრებელია, სუფრათა შემამკობელია.
ამხანაგი გულთა ნათელია, თვალთა ჩინია, მკლავთა ძალია და ზურგთა მომბმელია.
ამხანაგი მტერთათვის მაზიანებელია, მოყვარეთათვის საიმედოვნეა, უცხოს თანა გამოსაჩენია და მეცნიერსა თანა მოსამსახურეა.
ამხანაგი ჭირში მომხმარია, სნეულებაში მკურნალია, სიკვდილში თავის წამგებია.
ამხანაგის უკეთესსა შენ რას იშოვნი?“ (ორბელიანი 1959: 123).

ადვილი შესამჩნევია საბას პერსონაჟის ამ მსჯელობისა და გერმანელი ფილოსოფოსის ზემოთ ციტირებული თვალსაზრისის მსგავსება, არსებითად – იგივეობა.

რაკი ასეა, რატომ უნდა უპასუხოს კაცმა სიკეთეს ბოროტებით, რაც ისე ხშირად ხდება, რომ ამგვარი სარკასტული ფრაზაც კი გაჩნდა: „მიკვირს რად მიმუხთლე – მე ხომ შენთვის არანაირი სიკეთე არ გამიკეთებიაო!“ (შდრ. რუსული ანდაზები: „Не делай добра, не получишь зла“, „Старая хлеб-соль забывается“, „От добра добра не ищут“). რა მოტივაცია – ცნობიერი თუ გაუცნობიერებელი – შეიძლება ედოს საფუძვლად სიკეთის ბოროტებით გადახდას? ამის პასუხი შეგვიძლია ვიპოვოთ ლაროშფუკოსთან. მისი სახელგანთქმული წიგნის მე-14 მაქსიმა გახლავთ ეს:

„ადამიანები არა მარტო ივიწყებენ მათთვის გაწეულ სამსახურსა თუ მათთვის მიყენებულ შეურაცხყოფას, არამედ სიძულვილითაც კი უყურებენ თავიანთ კეთილისმყოფელთ და მზად არიან მიუტევონ შეურაცხმყოფელთ. აუცილებლობა იმისა, რომ სიკეთეს მადლიერებით უნდა მიაგონ სანაცვლო, ხოლო შეურაცხყოფას – შურისძიებით, მათ მონობად ეჩვენებათ, რომელსაც არასდიდებით არ სურთ მოუხარონ ქედი“ (ლაროშფუკო 1991: 6-7. ხაზგასმა ჩვენია. – ლ. ბ.)

როგორც ჩანს, იმდენად ძლიერია ადამიანის მოთხოვნილება თავისუფალი იყოს თავის ქმედებებში, რომ მის მიმართ ჩადენილ სიკეთესაც და ბოროტებასაც ბორკილებად აღიქვამს, ხოლო სიკეთის ბოროტებით და ბოროტების სიკეთით მიზღვას – ამ ბორკილების მსხვრევად!

ჩინელ ბრძენს კონფუცის, რომელიც ზემოთ უკვე ვახსენეთ, ჰკითხეს: „ამბობენ, რომ ბოროტებისთვის სიკეთით უნდა გადაიხადო. სწორია ეს?“ მოძღვარმა თქვა: „მაშინ სიკეთე როგორღა გადავიხადოთ? ბოროტებას უნდა მიეზღოს სამართლიანად, ხოლო სიკეთეს – სიკეთით“ (ინტერნეტი 3).
         
ამისგან თვალსაჩინოდ განსხვავებულია ქრისტიანული ეთიკა. ქრისტიანული თვალსაზრისით, ვინც სიკეთეს სჩადის, უწინარეს ყოვლისა თავისთვის სჩადის. ამიტომ ჩვენ მიმართ სიკეთის ჩამდენი სამაგიეროს მიზღვას ჩვენგან არ საჭიროებს – სამაგიეროს მას ღმერთი მიუზღავს (შესაბამისად, არც ბოროტების ჩამდენს უნდა ვუპასუხოთ ბოროტებით – ამ შემთხვევაშიც ღმერთს უნდა მივენდოთ).

„კაი კაცს თავისი გულივე მადლს უხდის“, – ამბობს ილია ჭავჭავაძის „გლახის ნაამბობის“ მთავარი პერსონაჟი გაბრიელი (ჭავჭავაძე 1950: 57) და იქვე, ცოტა ქვემოთ, გადმოგვცემს თავის საუბარს მოძღვართან. გაბრიელი სინანულს გამოთქვამს, რომ სიღატაკის გამო მოძღვრისთვის სწავლის საფასურის გადახდას ვერ შეძლებს:

„– შენ ღვთის მსახური იყავ და მე კი შენი ვიქნები. ჩემი მადლი ეგ იქნება, სხვა-რიგად მე გადახდა არ შემიძლიან.
– აგე, მადლობის მთქმელი სად არის, – მანიშნა ცისკენ, – ის ახლა იქიდან ორივეს დაგვყურებს...
– და შენს სიკეთეს თავის გულის-ფიცარზედა სწერს, – ვუთხარი მე და გავაწყვეტინე სიტყვა“ (ჭავჭავაძე 1950: 58).

ფსიქოლოგიის საკითხებისადმი მიძღვნილ ერთ ვებგერდზე, რომლის ავტორად დასახელებულია „В мире чудес“, ვკითხულობთ: „პირად ურთიერთობებში ადამიანი, რომელიც სიკეთეს სჩადის, კომპენსაციას იმითი ღებულობს, რომ ამის შედეგად თავს კარგად გრძნობს“ (ინტერნეტი 4). შესაძლოა ამას გულისხმობდეს ილია ჭავჭავაძის ზემოთ ციტირებული მაქსიმა: „კაი კაცს თავისი გულივე მადლს უხდის“.

მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ, „როცა სხვას სიკეთეს ვუშვრებით, ჩვენ თითქოს მასზე მაღლა ვდგებით, ჩვენი თვითშეფასება მაღლდება, მისი კი დაბლა იწევს და მას დამცირებულობის განცდა უჩნდება, რაც მასში სიკეთის ჩამდენის გაუფასურების სურვილს ბადებს“ (იქვე).

ამიტომ იმავე სტატიაში გვირჩევენ: „თუ სიკეთის გაკეთების სურვილი გაქვთ, ეს ანონიმურად მოიმოქმედეთ. თორემ გამოთქმა „ნუ იზამ სიკეთეს და არ მიიღებ ბოროტებას“ („Не делай добра, не получишь зла“) შესაძლოა თქვენთვის რეალობად იქცეს“ (იქვე).

ქრისტიანული მორალის თვალსაზრისითაც, იმისათვის, რომ სიკეთე ბორკილად არ ექცეს მას, ვისაც ამ სიკეთეს ვუკეთებთ, კეთილი საქციელი ფარულად უნდა ჩავიდინოთ. ეს უმნიშვნელოვანესი მაქსიმა ოთხთავში ასეთი ხატოვანი ფორმულითაა წარმოდგენილი: „ნუ ეცოდინება შენს მარცხენა ხელს, რას აკეთებს მარჯვენა“ (მათე 6. 3). სრული კონტექსტი ასეთია:

„როცა შენ გასცემ მოწყალებას, დაე, ნუ ეცოდინება შენს მარცხენა ხელს, რას აკეთებს მარჯვენა. რათა შენი მოწყალება დაფარული დარჩეს, და მამამ შენმა, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგოს შენ ცხადად“ (მათე 6. 3-4).

სულხან-საბა ორბელიანი ასე ახასიათებს თავის ერთ-ერთ პერსონაჟს:

„იყო მაგისტროსი ერთი, დია კარგი და სახელოვანი ჭაბუკი, ყმა კეისრისა. და გაგზავნა კეისარმან მოციქულად საფრანგეთს. დია ქველის მოქმედი კაცი იყო, უფროსად ფარულად იქმოდის“ (ორბელიანი 1959: 120. ხაზგასმა ჩვენია. – ლ. ბ.). 

ეს იგავი („მაგისტროსი კეისრისა“) უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენს ამ ნაშრომში განხილული პრობლემის თვალსაზრისით: უპატრონო მკვდრის გვამის მიმართ გამოჩენილი გულისხმიერებაც კი არ დარჩება დაუჯილდოებელიო, – გვარწმუნებს იგი.

და ბოლოს: ფარულად ჩადენილი სიკეთე რომ დაუჯილდოებელი არ რჩება და სამართლიანობა ამ შემთხვევაშიც ზეიმობს, ამის მკაფიო ილუსტრაციაა მეფის წულ ჯუმბერის მიერ მოთხრობილი არაკი „ორნი ძმანი“:

„ორნი ძმანი იყვნენ. უხუცესს ცოლ-შვილი ჰყვა და მრწემი უცოლო იყო. გაიყარნენ ძმობისაგან და ერთად ვეღარ დადგნენ. ყოველივე განიყვეს, რაც ჰქონდათ. რა პური გაიყვეს, ერთის ორმო კალოს აქათ იყო და მეორისა იქით.
უხუცესი მოიპარევდის თავის ორმოდამა პურსა და ძმისაში ჩაყრიდის და იტყოდის: ‘მე ღმერთმან ცოლი და შვილი მიბოძა, მომგებელნი მყვანან. მას ძმას არარა ჰყავს. ესე მისი იყოს და მან ჭამოს’.
და იგი უმრწემესი ძმა მოიპარევდის თავისის ორმოდამ და უხუცესისაში ჩაჰყრიდის: ‘მე მარტო ვარ და ჩემი სარჩო, სადაც მივალ, ადვილ არს; იგი, ძმა წვრილშვილ არს და მას უფროსი უნდება და მისი იყოს’.
ეგრე დაჰყვეს ყოველნი დღენი და ღმერთმან ორთავ განუმრავლა ყოველი და არა მოაკლდა საზრდო მათ“ (ორბელიანი 1959: 52).

აქ, როგორც ეს იგავური ჟანრის ნაწარმოებს შეჰფერის, კურიოზული ფაბულა იმისათვის არის გამოყენებული, რომ მოვლენის არსი, კერძოდ ის, რომ ფარულად ჩადენილი სიკეთე აუცილებლად ანაზღაურდება, სრულყოფილად, ნათლად და ხაზგასმულად წარმოჩნდეს.

დამოწმებანი:

დოიაშვილი 2013: თეიმურაზ დოიაშვილი. სულხან-საბას დიალოგები. წიგნში: მოტირალ-მოცინარი. თბილისი: გამომცემლობა „სიტყვა“, 2013.
ინტერნეტი 1: http://www.newposts.ge/?l=G&id=171560-საქართველო,%20საზოგადოება,%20გამოთქმა.
ინტერნეტი 2: http://www.marx-forum.de/philosophie/begriffe/begriffe_m/moral.html (ბოლო ნახვა: 19.10.2018)
ინტერნეტი 3: https://socratify.net/quotes/konfutsii/14395.
ინტერნეტი 4: https://chudesa.site/psixologiya-zhizni-ne-delaj-dobro-esli-ne-xochesh-poluchit-zlo/
კონფუცი 1984: Konfuzius. Gespräche. Aus dem chinesischen übersetzt und herausgegebn von Ralf Moritz. Leipzig: Reclam, 1984.
ლაროშფუკო 1991: ლაროშფუკო. მაქსიმები. თარგმნა ბაჩანა ბრეგვაძემ. თბილისი: „ხელოვნება“, 1991.
ორბელიანი 1959: სულხან-საბა ორბელიანი. თხზულებანი ოთხ ტომად, ტ. I. თბილისი: 1959.
ორბელიანი 1966: სულხან-საბა ორბელიანი. თხზულებანი ოთხ ტომად, ტ. IV2. თბილისი: 1966.
შმიდი 2000: „რომანტიზმი არის ხიდი გერმანულ და ქართულ კულტურებს შორის“ (ინტერვიუ ვილჰელ შმიდთან) // გაზ. „ჩვენი მწერლობა“, გაზ. „ახალი ეპოქის“ ლიტერატურული ჩანართი # 17, 27.10-3.11.200.
ჭავჭავაძე 1950: ილია ჭავჭავაძე. თხზულებათა სული კრებული ათ ტომად, ტ. 2. თბილისი: საქართველოს სსრ სახელმწიფო გამომცემლობა, 1950.

*
წაკითხულია ქუთაისში 2019 წლის 29 მარტს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივ სამეცნიერო კონფერენციაზე, რომლის სახელწოდება იყო „სამრთლიანობის  იდეა ქართულ სააზროვნო სივრცეში“.




Comments

Popular posts from this blog

ლევან ბრეგაძე - ბესიკ ხარანაულის „კარტოფილის ამოღება“

ლევან ბრეგაძე - ოთარ ჭილაძის „ჩანაწერები“

ლევან ბრეგაძე - კონსტანტინე გამსახურდიას ნოველა “მშვენიერება” და მისი მიმართება ფოლკლორულ წყაროებთან