თეიმურაზ დოიაშვილი - „არ ვეთანხმები მაინც მაგელანს...“
ვახტანგ ჯავახაძის პირველი პოეტური კრებული იმ წელს დაისტამბა, როდესაც გალაკტიონი „თავის ძეგლივით დააკლდა მიწას“. ამ შემთხვევით ფაქტში იყო რაღაც სიმბოლური: ქართულ პოეზიაში კიდევ ერთი დიდი ეპოქა დასრულდა, გალაკტიონის „სივრცეებში დაბინადრების“ შემდეგ პოეტური სადროშოები თავიდან უნდა დანაწილებულიყო. ყოველ პოეტს, რომელიც შემოქმედებით გზას იწყებდა, ინდივიდუალურად უნდა გადაეწყვიტა, საით წასულიყო _ თავი გენიალური წინამორბედის დიდი სამყაროსათვის შეეფარებინა, თუ საკუთარი რისკით შესდგომოდა გოლგოთას გზას, თავად ეზიდა პოეზიის მძიმე ჯვარი.
60_იან წლებში მოსულ პოეტებს ტვირთად აწვათ იმის შეგნება, რომ „ყველაზე კარგი ლექსები უკვე კარგახნის დაწერილია“, ამ კარგი ლექსების ავტორი კი მათ გვერდით ცხოვრობდა და თავისი უხილავი გავლენის ქვეშ აქცევდა „ახალუხლებს“. ნიჭიერნი მის პოეტურ სუფრასთან ისხდნენ, როგორც უმცროსი თანამედროვენი, სხვებმა უმადური ხვედრი ირგუნეს _ ნასუფრალს მიეძალნენ.
ვ. ჯავახაძისათვის გალაკტიონი იმთავითვე პოეზიის სიმბოლოდ იქცა, მისი მუზის მუდმივი თანამგზავრი გახდა. „და ვაწყობ, როგორც მძიმე აგურებს, სიტყვებს, რომელთაც ფიქრი მოიტანსო“, _ ამ სტრიქონების ავტორს თითქოს არაფერი უნდა ჰქონოდა საერთო არტისტიზმითა და მუსიკის სულით აღბეჭდილ პოეზიასთან. Mმაგრამ ვ. ჯავახაძე გვიანი პერიოდის გალაკტიონსაც იცნობს _ მისი ლექსების ლირიკული სინაზე და ღრმა ქვეტექსტი, აზრის სინათლე და ზომიერი ირონია, სასაუბრო მეტყველება და ინტონაცია განსაკუთრებით ახლობელი აღმოჩნდა ახალგაზრდა შემოქმედისათვის. ვ. ჯავახაძის პოეტურ განვითარებაში გალაკტიონის ფიგურა ერთგვარი ესთეტიკური ორიენტირის როლს ასრულებს: არის ხანა, როდესაც იგი საკუთარი თუ სხვისი პოეზიის ღირებულებას გალაკტიონთან სიახლოვით განსაზღვრავს, მაგრამ დგება ის ეტაპიც, როდესაც პოეზიის ღირსებას, ქართული ლექსის სასიცოცხლო ინტერესებიდან გამომდინარე, გალაკტიონთან დაშორებაში ხედავს.
* * *
ვ. ჯავახაძის დებიუტი წარმატებული იყო. მოვიდა თვითანალიზის ნიჭით დაჯილდოებული პოეტი, რომელმაც შემოქმედების თემად აქცია საკუთარი გზის ძიების, თვითდამკვიდრების მტანჯველი პროცესი. ინერციის ძალა დიდი იყო. იგი ხან უშუალო გავლენაში იჩენდა თავს („და მთელი ქვეყნის მოვლის სურვილი მარადი არის, როგორც სიკვდილი“...), ხანაც სტერეოტიპულ ფორმაში იყო შეფარული („ოთახში მეფობს სიჩუმე თოვლის, გატვრენილია ოცნების ჰუნე“...). მაგრამ ახალგაზრდა პოეტს ფხიზელი გონება ჰქონდა, ის ილუზიებს არ იქმნიდა. ძიების ჟამს მას სხვათა გამეორებაც უხდებოდა და უკვე მიგნებულის, ნაპოვნის ხელახლა აღმოჩენაც: „ვიპოვნი სტრიქონს, თითქო ჩემია, და თითქო ჩემი არ არის მაინცო“. „მეორედ აღმოჩენას“ თავისი სიკეთეც ჰქონდა. პოეტი ბრმად არ იმეორებდა არსებულს, ძველი ფორმების პიროვნული მიგნებით ის საკუთარი ხმისა და სიმღერის ძიებას გაცნობიერებულ სახეს აძლევდა.
სხვათა გადამღერება მაძიებელ პოეტს შვებას ვერ მოუტანდა. საჭირო იყო სიტუაციაში გარკვევა, სინამდვილის მოვლენებში ორიენტირება, პოეტური ტრადიციის გააზრება. ბრძოლების, ჰეროიკის ხანა უკან დარჩა:
დამშვიდებული დამხვდა ცხოვრება,
უკვე ეძინათ მძიმე იარებს,
სახელგანთქმულმა დიდმა ბრძოლებმა
ქვეყნად უჩემოდ გადაიარეს.
პოეზიას მასაზრდოებელი წყარო სხვაგან უნდა ეძებნა: ეროვნული მწერლობის წიაღში მომზადდა ნიადაგი პოეზიის ე.წ. `ყოფითი რეფორმისათვის~. რეფორმა თეორიული მანიფესტების გამოუქვეყნებლად განხორციელდა, მაგრამ ამ პერიოდის მხატვრული პროდუქცია დიდ მასალას იძლევა მის გასააზრებლად. ყოველდღიურობის ერთფეროვნებაში მთვლემარე მშვენიერება თანდათან შესამჩნევი გახდა ახალი პოეტური თვალთახედვისათვის. დამკვიდრდა ახალი თემები და განწყობილებანი. რიტორიკას და ზეაწეულობას საგნებისა და მოვლენებისადმი ინტიმური, განსჯასთან ნაზიარები მიდგომა შეენაცვლა. ეს უკვე ჩამოყალიბებული პოზიცია იყო, დაპირისპირებული მომძლავრებულ პარადულ სტილსა და ბუტაფორიულ მონუმენტალიტზმთან. პოეტებმა მანამდე აუთვისებელ სფეროებში დაიწყეს შთაგონების ძებნა. `შენ სილამაზეს ეძებდი, სადაც ვერა ხედავდნენ ვერაფერს სხვები~, — წერდა ვ. ჯავახაძე. განსხვავებულმა პოზიციამ გამოსახვის სხვა მანერა, სხვა ტონალობა მოითხოვა. პათეტიკურ სტილთან გამოთხოვება შეუფარავად აირეკლა პოეტის ზუსტ მინიშნებაში:
და გაურბოდა მყვირალა სიტყვებს,
როგორც ცოდვილი გაურბის სასჯელს.
ანალოგია `პოეტი~ — `ცოდვილი~, `მყვირალა სიტყვა~ — `სასჯელი~ გამჭვირვალე ქვეტექსტის შემცველია.
ახალი სააზროვნო სისტემის დამკვიდრებისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ინტროსპექციული მეთოდის პრინციპულ დანერგვას, მედიტაციური ელემენტების გაძლიერებას. `ახალი პოეზია~ ამ ელემენტთა ურთიერთკავშირში მოიაზრება. განსჯა, ფიქრი თვითდაკვირვების მძლავრი იარაღი გახდა. პოეტი, მოქცეული ცხოვრების ყოველდღიურობისა და საკუთარი სულის გარემოცვაში, ფიქრით აკეთილშობილებს არსებობას. ასეთი სულიერი განწყობილების დროს არის ნათქვამი ეს სიტყვები: `რა უცნაური განძია ფიქრი~. ეპოქალური მოვლენების შემდეგ ადამიანმა მოიცალა საკუთარ არსებაში ჩასაღრმავებლად:
მე ჩავიხედე საკუთარ სულში
და უცნაური სურათი ვნახე...
და მე ვიგრძენი, ყველაზე ცუდად
თურმე საკუთარ სურვილებს ვიცნობ.
მოულოდნელ აღმოჩენას ინტენსიური თვითდაკვირვება მოჰყვა. გადახალისდა პოეტური ატმოსფერო, გაძლიერდა ინტერესი საკუთარი სულიერი ცხოვრებისადმი.
გარდაქმნის ამ პროცესმა, რომელიც თავდაპირველად სტიქიურ ხასიათს ატარებდა, შემდგომში გაცნობიერებული სახე მიიღო. ვ. ჯავახაძემ თითქმის გზის დასაწყისშივე გაიაზრა, საით მიდიოდა ეპიგონიზმის გზა და საით მიემართებოდა სარისკო, მაგრამ საიმედო ბილიკი ახლის ძიებისა:
მხოლოდ პირველი ნაბიჯი მიმძიმს,
როგორ გავენდო დღეებს ხვალინდელს:
საით არ უნდა წავიდე — ვიცი
და ვიცი, საით უნდა წავიდე.
პოეზიის `ყოფითი რეფორმა~ განხორციელდა და ვ. ჯავახაძემ თავისი წვლილი შეიტანა გარდაქმნაში. ახლა მას უკვე ჰქონდა უფლება, თანაგრძნობა და ყურადღება მოეთხოვა:
სხვები მღეროდნენ ძალიან დიდხანს,
სხვათა დუმილის დამდგარა ჯერი,
ახლა მეც ვიტყვი ორიოდ სიტყვას,
სხვამაც ისმინოს სიმღერა ჩემი.
გზა მიგნებული იყო, მაგრამ ეს არ იყო არსებულის რღვევა, ახალი პოეტური კანონის შემუშავება. მოხდა მხოლოდ ლირიკულ აქცენტთა გადანაცვლება. ვ. ჯავახაძის ყურადღება კონცენტრირებული იყო განწყობილების შექმნაზე, განცდის ინტენსიურობაზე. ლირიკული დღიურის ფორმა აფიქსირებდა ყოველივე იმას, რაც აწუხებდა, უყვარდა, აღელვებდა პოეტს. მის ლექსებს მომხიბვლელობას ანიჭებდა გრძნობის სიწრფელე, აღქმის კონკრეტულობა. ვ. ჯავახაძის ამ პერიოდის ლექსებში ფორმა მეორეხარისხოვანი ფენომენია: მეტრული რეპერტუარი შეზღუდულია, რითმები _ ყრუ და ჩვეულებრივი, ხოლო ბგერითი ორგანიზაციისადმი ყურადღება _ მინიმალური. პოეტი არც მეტაფორული აზროვნებით იქცევს ყურადღებას, პირიქით, მეორდება ტრადიციული სიტყვა-სახეები — გაზაფხული, ქარი, წვიმა... მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ეს სახეები რაღაც გრძნეულებით განცდის პირველყოფილ სურნელს და კონკრეტულობას ინარჩუნებენ. ვ. ჯავახაძის სტიქია შედარებაა. მხატვრული აზროვნების ეს ფორმა იყო ყველაზე ორიგინალური, რითაც პოეტმა ყურადღება მიიქცია. `ისეთი წყნარი სიჩუმე არის, მესმის ბალახი როგორ იზრდება~, `როგორც ტრამალზე გასულ მენაღმეს, ერთი შეცდომის უფლება დამრჩა~, `წვიმის წვეთებში ქალაქი მოჩანს, როგორც ძალიან დიდი სოფელი~... — ეს სახეები უტყუარ პოეტურ ნიჭზე მიგვანიშნებდა.
ვ. ჯავახაძემ მიაღწია იმას, რომ მისი ლექსები არ ჰგავდა სხვისას, მოძებნა სხვათაგან განსხვავებული აღქმის კუთხე. მაგრამ მან, როგორც თვითანალიზის უნარის მქონემ, ისიც იგრძნო, რომ ეს არ იყო თვისებრივად ახალი პოეტიკა. მისი ლექსები, უპირატესად, არსებული პოეტური ტრადიციით საზრდოობდა. პოეტის დამსახურება მხოლოდ მოქმედი კანონის ფარგლებში ცალკეული ნიუანსების აღმოჩენა და ინდივიდუალური გააზრება იყო. განვითარების პირველი ეტაპი დასრულდა. ვ. ჯავახაძე ევოლუციის გზით მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჭირო იყო თვისებრივად ახალი პოეტიკის დამკვიდრებისათვის ბრძოლა. როგორც გამოთხოვება დაძლეულ სიმაღლეებთან, როგორც ლტოლვა ახალი სივრცეებისაკენ, ისე გაისმა პოეტის საგულისხმო სიტყვები:
მე შევაჩვიე თვალი სალუტებს,
მე შევაჩვიე სმენა რექვიემს,
და გუშინდელი სევდა სალუდე
ქვაბის ორთქლივით გავარეკვიე.
მე შევაჩვიე თვალი სინათლეს,
სიმართლესავით წმინდა სინათლეს,
მხოლოდ ისეთი სიტყვა მიმართლებს,
რომლის იმედიც მქონდა წინადღეს.
ზღვისკენ მიხმობენ წვიმის გამები,
ეხოს მიბრუნებს ყველა ხეობა,
მაგრამ საჭირო სიტყვა გამირბის,
როგორც ლეოპარდს მოსახლეობა.
მე უკან მივდევ უინერციოდ
და, დავემსგავსო თუნდაც იდიოტს,
მაინც ბოლომდე უნდა ვეძიო,
მაინც ბოლომდე უნდა მივდიო...
ლექსი, საიდანაც მოვიტანეთ ეს სტრიქონები, გარდაქმნათა წინადღეს დაიწერა. ძალების მოსინჯვის პირველი ცდა იყო კრებული `სამხრეთი~ (1970), რასაც მოჰყვა მძაფრი ძიებით აღბეჭდილი `მეშვიდე~ (1974) და ექსპერიმენტებით დანაღმული `მარტი, აპრილი, მაისი~ (1977).
* * *
ცვლილებანი, რაც ვ. ჯავახაძის უკანასკნელი წლების ლირიკაში შეინიშნება, უპირველეს ყოვლისა, სინამდვილისადმი ახლებური მოდუსის შემუშავებაში გამოიხატა. იყო დრო, როდესაც პოეტი ცხოვრებას მეოცნების თვალებით შესცქეროდა. ყმაწვილი კაცი, რომლის სული სიკეთესა და სიწმინდეს მიელტვოდა, ნაკლებ ყურადღებას აქცევდა ცხოვრების ობიექტური მოვლენების გააზრებას. სამყაროს საგნებსა და მოვლენებს იგი საკუთარი სულით ავსებდა და უფრო საკუთარ პიროვნებაზე გვესაუბრებოდა, ვიდრე ცხოვრების ავ-კარგზე: `პირდაპირ მითქვამს, რაც მიპოვნია, არა ჩემს გარეთ, არამედ ჩემშიო~.
პოეტის ზნეობრივ პოზიციას ადამიანური ცხოვრების სურვილი, გულწრფელობა და მოყვასისადმი თანაგრძნობა განსაზღვრავდა:
ისე უბრალოდ უნდა ვცხოვრობდეთ,
როგორც ხეები დგანან ქუჩებში,
გულახდილები ვიყოთ ბოლომდე,
არ დავუკარგოთ ნუგეშს ნუგეში.
ამ მშვიდ, ლირიკულ ინტონაციაში უშფოთველი ცხოვრების სურვილი როდი იყო შეფარული. პოეტმა იმთავითვე იგრძნო, რომ ადამიანი ცხოვრების უბრალო მოწმედ არ არის მოსული ამქვეყნად. დროის წინაშე პირადი პასუხისმგებლობის გრძნობა, აქტიური მოქალაქეობრივი პოზიცია ვ. ჯავახაძის გარეგნულად აუმღვრეველ ლექსებს შინაგან ძალასა და ენერგიას ანიჭებდა:
შენ ხარ ცხოვრების დიადი კერპი
და არა მისი უბრალო მოწმე,
კვირაში ერთი დღე არის მკვდრების,
დანარჩენები ეკუთვნის ცოცხლებს.
სინამდვილისადმი დამოკიდებულების ცვლილება იმ მომენტიდან იწყება, როდესაც პოეტი თვალთახედვის ისარს შინასამყაროდან გარესამყაროსაკენ მიმართავს. იგი ცხოვრების მოვლენებს თავის განწყობილებებს აღარ ახვევს თავს, არამედ ცდილობს მათ არსში გარკვევას. მეოცნების ადგილს ანალიტიკოსი იკავებს. სინამდვილისადმი მიმართების ასეთი რადიკალური შეცვლა იმ არნახულმა გარდაქმნებმა განაპირობა, რაც სამეცნიერო–ტექნიკურმა რევოლუციამ მოიტანა. ჩვენ თვალწინ დაირღვა იდილიური წარმოდგენა სამყაროზე, რაც პოეტს ავალდებულებდა არამარტო გადაესინჯა ძველი ჭეშმარიტებანი, არამედ განესაზღვრა გარდაქმნათა ზნეობრივი მიმართულებაც. ვ. ჯავახაძე ქართველ პოეტთა შორის ერთი პირველთაგანია, ვინც თავისი დროის ურთულესი პრობლემების გამოხატვა სცადა. მას არ შეშინებია იმისა, რომ ზოგჯერ ცვლილებათა არსის გააზრება ჭირდა და ამის გამო არც ცივილიზაციისადმი უნდობლობა გამოუხატავს:
ფარდობითობის თეორიის მაღალ გალავანს
დიდხანს ვუარე, მაგრამ კარი ვერ მოვუნახე
და გაოცების დაუკარგავად
ნდობით შევხედე დღეებს უახლესს.
ეს ნდობა ბრმა ნდობა როდია. იგი გულისხმობს მოვლენათა შეფასებას სიკეთისა და ბოროტების საწყაულით, ე.ი. ადამიანის პოზიციებიდან. პოეტი, რომელიც არსებობის ობიექტური კანონების შეცნობას ცდილობს, თვალს უსწორებს ცხოვრების მკაცრ სინამდვილეს, თავისი დროის მართალ სურათს ხატავს:
ატომისა და ნეილონის საუკუნეში
გზები გაიხსნა უძნელესი და ურთულესი
და მიკროსკოპით საძებარი გახდა ნუგეში
ატომისა და ნეილონის საუკუნეში.
ატომისა და ნეილონის საუკუნეში
ადამიანი შეუმჩნევლად გახდა უხეში.
თანდათან კარგავს მოთმინების უნარს იობი,
ძალიან ხშირად ედავება ტყუილი მართალს,
გულგრილად ცხოვრობს უფრო მკაცრი კაცობრიობა:
მღებავი — ღებავს, მხატვარი _ ხატავს.
ეს სრულიად ახლებურად დანახული სამყაროა, თავისუფალი ჭაბუკი მეოცნების გულუბრყვილო აღტაცებისაგან. მკაცრი სინამდვილე აღარაფერს ტოვებს ძველი იდეალებიდან: გულახდილობას გულგრილობა ცვლის, სიწრფელეს — უხეშობა, ხოლო ნუგეშისცემას (გახსოვთ, `არ დავუკარგოთ ნუგეშს ნუგეშიო~) — მიკროსკოპით საძებარი თანაგრძნობა. ცხოვრება მკაცრი გახდა და პოეტის ხმასაც ფოლადი ემატება — სიმართლე, მხოლოდ და მხოლოდ სიმართლე ხდება მისი პოეზიის მთავარი გმირი.
ვ. ჯავახაძის ლექსებში მკაფიოდ მოჩანს გარდაქმნილი სამყაროს კონტურები, იგრძნობა დროის რიტმი. იგი არ ეკუთვნის იმათ რიცხვს, ვინც მისტირის სოფლის იდილიას. ის დაჟინებით ამუშავებს ქალაქის თემატიკას. ცხოვრების ურბანიზაციას უარყოფა კი არა, შემოქმედებითი ათვისება სჭირდება — ასეთია პოეტის პოზიცია. იღებს რა ტექნიკური რევოლუციის ეპოქას, ვ. ჯავახაძე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ეპოქისმიერ ზნეობრივ პრობლემებს. ტექნიკურმა პროგრესმა არ მოხსნა სიკეთისა და ბოროტების მარადიული დაპირისპირება, პირიქით, უფრო გაამძაფრა იგი. კვლავაც ბარიკადების სხვადასხვა მხარეს დგანან, ერთი მხრივ, `სერვანტესის დედა და დები, ვან გოგის ძმა და სააკაძის უმცროსი ბიჭი~ და, მეორე მხრივ, `ქრისტეს მოწაფე, აბელის ძმა, მეფისტოფელი~. ჩვენ თვალწინ `გრძელდება ომი, სისხლისმღვრელი, სასტიკი ომი~. კაცობრიობის მომავალი იმაზეა დამოკიდებული, თუ ვის ხელში აღმოჩნდება მრისხანე ძალა — გაგარინისა და ამსტრონგის ამხანაგებისა თუ ჯორდანო ბრუნოსა და ლორკას ჯალათთა ხელში. ადამის მოდგმის გაფრთხილებად აღიქმება პოეტის ლექსებში ხიროსიმას ტრაგედია, რომლის გამო ზნეობრივი სრულყოფის გზაზე შემდგარ კაცობრიობას `ეხლაც ტკივა, დღესაც ტკივა, ისევ ტკივა — სინიდისი~.
გლობალური საკითხი უფრო კონკრეტულ სახეს იღებს, როდესაც პოეტი ხმას იმაღლებს ტექნიკის მიღწევათა ეპოქაში ადამიანის გაუფასურების, ცხოვრების ნიველირებისა და სტანდარტიზაციის წინააღმდეგ. იგი ებრძვის გულგრილობას და ინდიფერენტიზმს, როდესაც კოსმიურ ხომალდთა ხანაში კაცობრიობის თვალწინ `ნელა, მზესავით იძირება ოკეანეში ათასხუთასი წლის ხომალდი — ვენეცია~.
ვ. ჯავახაძის ბოლო პერიოდის ლირიკას სიმკაცრის ელფერი დაჰკრავს, მით უფრო, მისი ადრინდელი ლექსების ფონზე. მაგრამ მას ხელი არ აუღია ოცნებაზე. ცხოვრების ავ–კარგის შეცნობამ იგი `პირქუშ მეოცნებედ~ აქცია. უფრო რადიკალური სახე მიიღო მისმა პოეტურ–ზნეობრივმა კრედომ:
გინდა მაქე და გინდა მაგინე,
მწარეს ვერ ვიტყვი ტკბილის მაგიერ,
ვერა, უმანკო სიტყვის მაგიერ
ვერასდროს ვიტყვი სიტყვას მანკიერს.
ახალმა ეპოქამ, თანამედროვე ცხოვრებამ ახალი შინაარსი მისცა ვ. ჯავახაძის ლექსებს, რამაც პოეტისაგან ახალ გამომსახველობით საშუალებათა ძიება მოითხოვა. ვ. ჯავახაძე არ შემდრკალა, რადგან იგი პოეტთა იმ პლეადას ეკუთვნის, რომელთაც იწამეს, რომ `В век разума и атома, мы — акушеры нового~ (ა. ვოზნესენსკი).
* * *
განახლების პროცესი ვ. ჯავახაძის პოეზიაში ძველი შეხედულებების გადაფასებით დაიწყო, როდესაც პოეტმა ყოყმანის გარეშე განაცხადა:
შეხედულებებს — ძველს და საეჭვოს —
გადაფასების დაუდგა ჟამი.
გამოთხოვება `ძვირფას შეცდომებთან~ მტკივნეული იყო, მაგრამ განახლების აუცილებლობა `წმინდა მსხვერპლს~ მოითხოვდა. ახალ სიტუაციაში ახალი რედაქციით გახმიანდა ნაცნობი სტრიქონები:
საით არ უნდა წავიდე, ვიცი,
მაგრამ არ ვიცი, საით წავიდე.
ამ სტრიქონებში ახალგაზრდული უდარდელობის ნატამალიც აღარაა. ყალიბდება ზნეობრივი უკომპრომისობით აღბეჭდილი პოზიცია: პოეტს ერთი კარგი სტრიქონიც გაამართლებს სიკვდილის წინაშე, მაგრამ მან უნდა გაუძლოს ცდუნებას — ლამაზ, `პოეტურ~ ფორმას არ ანაცვალოს უმთავრესი — სიმართლე, ჭეშმარიტება. ვ. ჯავახაძემ ლამაზი ფრაზის `კეთებაც~ იცის, რომელიც მას თვითდამშვიდებას მოუტანს, მაგრამ იგი არ იიოლებს გზას. ის ერთადერთი სტრიქონი მაინც ნაღდი და უტყუარი უნდა იყოს:
მე მხოლოდ ერთი სტრიქონი მმართებს,
რომ გადავურჩე უეჭველ სიკვდილს,
მაგრამ არ ვყიდი ქაღალდის ვარდებს
და არც ხელოვნურ ნაძვისხეს ვყიდი.
სიტყვა პოეტური სამკაული არ არის, ის, უპირველეს ყოვლისა, სიმართლის თქმის საშუალებაა, სიმართლეს კი ერთადერთი და აუცილებელი სიტყვა უყვარს. სიტყვის გამოყენებასაც თავისი ზნეობრივი კოდექსი აქვს, რომლის უმთავრესი დებულება, პოეტის გააზრებით, ამგვარად იკითხება: `შეცვლის ყოველგვარ იერარქიებს სიტყვა ნათქვამი სიტყვის მაგიერ~. ასე ყალიბდება ერთადერთი სიტყვის პოეტიკა:
როცა ტრიუმში წყალი შეჟონავს
და გემს მორევი ითრევს,
გემზე ტოვებენ —
უკიდურესად
აუცილებელ ნივთებს.
ლექსიც ასეა:
დადუღებული
ლექსი იტანს და იტევს —
მხოლოდ და მხოლოდ
უკიდურესად
აუცილებელ სიტყვებს.
ერთადერთი სიტყვის პოვნა, `წისქვილის ქვასავით გაცვეთილი~ სიტყვების ახალი მიზნისათვის დაგეშვა ვ. ჯავახაძის პოეტური ვნებაა. იგი მთელს თავის შესაძლებლობასა და გამომგონებლობას მხატვრული აზროვნების ტრადიციული ფორმების გადააზრებას, ლექსის ძირითად კომპონენტთა განახლებას ახმარს.
ვ. ჯავახაძის პოეტიკის ზოგიერთ ნიშანდობლივ მოვლენას ერთადერთი სიტყვის ძიების პათოსი განსაზღვრავს. პოეტი გულისტკივილით წერდა: `ერთი საჭირო სიტყვის ძებნაში ათასი კარგი სიტყვა დავხარჯეო~. ახლა უკვე მის პოეზიაში საპირისპირო ტენდენცია იჩენს თავს — პოეტური ეფექტის შექმნა სიტყვათა მინიმალური ოდენობით. სწრაფვა სიტყვიერი ეკონომიისაკენ გარეგნულ გამოხატულებას პოულობს ისეთ ლექსებში, რომელთა სტრუქტურა სიტყვათა გამეორებას ეყრდნობა. რიგ ლექსებში გამეორებანი შეიძლება მანერულად მოგვეჩვენოს, მაგრამ უკეთეს ნიმუშებში პოეტი ახერხებს ექსპერიმენტი ლექსის ჩანაფიქრს შეუთანხმოს და ამით მხატვრულ ხერხს მოტივირებული სახე მისცეს.
ვ. ჯავახაძე ძალიან ხშირად იყენებს რიცხვით სახელებს. რიცხვები სულ უფრო მეტ ადგილს იკავებენ ჩვენს ცხოვრებაში, რადგან სამყარო თავიდან ბოლომდე დანომრილია — ბინის ნომრიდან საფლავის ნომრამდე. მაგრამ მთავარი ისაა, რომ რიცხვი ყველაზე ზუსტი და ამ სიზუსტის გამო შეუცვლელი სიტყვაა. `უფრო მკაცრი კაცობრიობის~ დასახასიათებლად ვ. ჯავახაძე `სიკვდილივით მკაცრ რიცხვებს~ მიმართავს:
მაგრამ ეს ციფრი მკაცრი ციფრია,
არ მაპატიებს იგი არაფერს,
არც ძალიან ბევრს მებოდიშება,
არც ძალიან ბევრს მალაპარაკებს...
იქმნება `ციფრების პოეტიკა~ თავისი მკაცრი სიზუსტით, ობიექტურობით და შეუვალობით. ეს მშრალი ციფრები, როდესაც ისინი კონკრეტულ სიტუაციას უკავშირდებიან, უჩვეულო ემოციას და ზემოქმედების უნარს იძენენ. არა მგონია, ომის საშინელება უფრო მძაფრად იყოს გადმოცემული, ვიდრე `ციფრების ჭეშმარიტებაზე~ დამყარებულ ამგვარ ლექსში:
როგორც ამბობენ სტატისტიკის მოყვარულები,
ორმოცდაათი მილიონი, დაახლოებით
ორმოცდაათი მილიონი კაცის სიცოცხლე
დაუჯდა ომი გაბრაზებულ კაცობრიობას...
დავიმახსოვროთ ერთადერთი მარტივი ციფრი,
ორმოცდაათი მილიონი... დაახლოებით
ორმოცდაათი მილიონი კაცის ღიმილი
აკლია ახლა დაფიქრებულ კაცობრიობას.
ვ. ჯავახაძის ზოგიერთი ლექსი ციფრებით თავისებურ თამაშზეა აგებული. `თამაში~ საერთოდ, პოეტის ბოლო კრებულში დიდ ადგილს იკავებს. ეს გამოწვეულია არამარტო იმით, რომ ყოველ ადამიანში ჩამალულია ბავშვი, რომელსაც `თამაში~ უყვარს და რასაც ხელოვნებისადმი ლტოლვა ჰქვია, არამედ უმთავრესად იმით, რომ `თამაში~ საშუალებას აძლევს შემოქმედს ინერტული მდგომარეობიდან გამოიყვანოს პოეტური მასალა, მიმართოს იმგვარ ექსპერიმენტს, რაც `თამაშის~ პირობითობის გარეშე თვითმიზნური, ანდა სულაც უაზრო იქნებოდა. `თამაშის~ ამ შესაძლებლობებს ვ. ჯავახაძე ოსტატურად იყენებს.
ლექსში `მომენატრა მიწა მეტი~ გათამაშებულია კვიმატი რიცხვი ცამეტი, რომელიც უშუალოდ დასახელებული არ არის, მაგრამ ხან რითმაში ილანდება: `მომენატრა მიწა მეტი, მზე მეტი და ცა მეტი~, ხანაც ირიბად არის მინიშნებული: `არც თოთხმეტზე მეტი იყო, არც თორმეტზე ნაკლები~, `ორჯერ ხუთი მერცხალი და კიდევ სამი მერცხალი~ და სხვ. ნავსი ციფრი `ცამეტი~, რომელიც ლექსში დაქარაგმებულია, სიცოცხლეს, შენებას უკავშირდება, და ამდენად, შინაარსობრივ გადააზრებას განიცდის.
რიცხვები ზოგჯერ ნაწარმოების ფარულ ფაბულას ქმნიან. ამ თვალსაზრისით საინტერესოა ლექსი `ერთ სოფელში~, რომლის ზღაპრულ, სტილიზებულ თხრობაში ჩართულია გათვლა ერთიდან ცხრამდე. პოეტი რიცხვებს ან იდიომატურ გამოთქმებში ხმარობს, ან ამბის ბუნებრივ თხრობას უხამებს, რაც `თამაშს~ შენიღბულ სახეს აძლევს:
...ერთი სიტყვით, ერთ სოფელში ატყდა ერთი ამბავი.
მერე უცებ გაიბუტა ბერიკაცი ღრენია
და ოჯახში ორი ღერი სიტყვაც არ დასცდენია.
მიატოვა სამი შვილი და ოთხივე ბადიში,
ორღობეში გაეხირა, როგორც თევზი ბადეში.
ხუთი ვერსი გაიარა, გზაზე გიჟად მონათლეს,
ექვსი ოქრო უწყალობა გაუქმებულ მონასტერს.
მეშვიდე დღეს გამოვიდა მყუდრო სალოცავიდან,
რვა სანთელი წაიღო და ცხრა მთას იქით წავიდა.
ხომ არა აქვს `თამაშს~ თვითმიზნური ხასიათი? ეს კითხვა ვ. ჯავახაძის ექსპერიმენტული ლექსების კითხვისას ხშირად დაგვებადება. პასუხის ძიებაში კანონზომიერებას შევამჩნევთ: პოეტი `თამაშს~ ორგანულად უხამებს ლექსის ჩანაფიქრს, ყოველი მისი `პოეტური უცნაურობა~, როგორც წესი, შინაგანად მოტივირებულია.
ძიების გზაზე პოეტს ყველაზე დიდ დაბრკოლებას აზროვნების შაბლონები, მზამზარეული ფორმები უქმნის. ინერციის დაძლევა პირველი რიგის ამოცანა ხდება. ვ. ჯავახაძე ამ ამოცანას თავისებურ გადაწყვეტას უძებნის. იგი გვთავაზობს მრავალფეროვან ხერხებს, `აუცნაურებს~ ტრადიციულ ფორმებს დ ამით მკითხველი ინერტული მდგომარეობიდან გამოჰყავს.
პოეტი მკითხველის გააქტიურების მიზნით შემოქმედებითი პროცესის თანამონაწილედ იხდის მას. ლექსი `უგამყიდველო მაღაზიაში~ აგებულია, როგორც გაშლილი მეტაფორა. პოეტი ჯერ მარტივ მეტაფორას (`პამიდორების ხანძარი~) გვთავაზობს, შემდეგ კი მის საფუძველზე გაიგივებათა მთელს სისტემას ქმნის. მკითხველის აქტიურობას განაპირობებს ის, რომ იგი გაიგივებათა თანამონაწილეა:
უგამყიდველო მაღაზიაში
პამიდორების ხანძარი ენთო
და ცეცხლის რიგში უსიტყვოდ იდგა
ორასზე მეტი მშიერი ვედრო.
ისე ღვიოდა მუქი ალმური,
ვერ გაარჩევდი ვისმე და რასმე,
არ ისვენებდა ოთხასი ხელი —
თავგანწირული სახანძრო რაზმი.
უხმოდ გაჟონა ალმა სისხლივით,
უცებ მოედო ვეება კვარტალს,
ათასზე მეტი კოცონი ენთო
ყველა კიბესთან და ყველა კართან.
ყველამ ჩაცეცხლა თავისი წილი
და როცა გაქრა შიში და ზაფრა,
უგამყიდველო მაღაზიაში
პამიდორების ხანძარი ჩაქრა.
ვ. ჯავახაძეს უყვარს სიტუაციით ნაკარნახევი მზა ფორმების შეცვლა, გადააზრება, რის შედეგადაც უბრალო ემპირიული ფაქტი მხატვრულ ღირებულებას იძენს:
განუწყვეტელი,
გადაბმული
წვიმების შემდეგ,
საგარნიზონო ლაზარეთის მაღალ ფანჯრებში
ყველაზე
კარგმა
დასტაქარმა
შემოიხედა.
ლექსის პირველი სტრიქონები ინერციით მზამზარეულ ფორმას — `მზეს~ გვთავაზობენ, მაგრამ ამ სიტყვის გამოყენება ნაწარმოებს ფაქტის უბრალო რეგისტრაციად გადააქცევდა. მოულოდნელი შენაცვლებით მოისპო ინერცია, აზრს სხვა სადინარი მიეცა, ლექსი კი სრულიად ახლებური, საინტერესო ქვეტექსტით დაიტვირთა.
ვ. ჯავახაძეს პოეტური აზროვნების პროცესშიც შემოაქვს `თამაში~. იგი ხან `უცნაური~ თემით იპყრობს ყურადღებას, ხან ტრადიციული მეტაფორული თქმების ათამაშებით `იქცევს თავს~, ხანაც საგანთა რეალური ურთიერთობის შეცვლით, ან სიტყვათა ტრადიციული რიგის შებრუნებით `გვაღიზიანებს~.
ლექსში `მანეს იასამანთან~ პოეტი ქმნის უჩვეულო მხატვრულ ტილოს, რომელიც მსოფლიოს უდიდეს მხატვართა რჩეული ფრაგმენტებისაგან შედგება. მათი მონტაჟით პოეტი ჩვენ თვალწინ ქმნის საკუთარი ფანტაზიით წარმოსახულ სურათს:
მანეს იასამანთან და
მონეს იასამანთან
მზემ გოიას საქანელა
გაჰკიდა და გამართა.
ხოკუსაის მთებზე ენთო
წმინდა შარავანდედი,
იღვიძებდნენ ვან–გოგის და
რენუარის ვარდები...
ლექსი `თოვლისფერი ეტლები~ თითქმის მთლიანად ტრადიციული მეტაფორული გამოთქმებისგან შედგება, რომელთაც, ფაქტობრივად, მეტაფორულობა დაკარგული აქვთ: `გაზაფხული გამეფდა~, „ბულბულების სამეფო~, `პოეტების მეფე~, `მნათობთა მეფე~, `ყვავილთა მეფე~ და სხვ. მხატვრული ეფექტი იმას ემყარება, რომ მეტაფორად მრავალგზის გამოყენებული `მეფე~ ლექსის ფინალში პირდაპირი მნიშვნელობით არის ნახმარი: `მეფე იყო აფრიკის რომელიღაც ქვეყნისა~. სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობის `შეჯახებით~ ვ. ჯავახაძე გვახსენებს ჩამოთვლილ გამოთქმათა გარდასულ პოეტურობას, ე. ი. აღადგენს თითქმის წარხოცილ მეტაფორიზმს.
სხვაგან პოეტი ცვლის მოვლენათა ჩვეულ ურთიერთმიმართებას და ობიექტთა გადანაცვლებით ავტომატიზმისაგან ათავისუფლებს აზროვნებას:
მიაცილებდნენ
ბავშვები
სკოლებისაკენ დედებს.
მიაჩქარებდა საათი
პატარებსა და დიდებს.
გადასასვლელზე
გოგონა
მიაქანებდა მამას.
მიაბრძანებდა
ბულდოგი
ასაკში შესულ დამას...
ასეთივე შთაბეჭდილება იქმნება მაშინაც, როდესაც ქვემოთ მოყვანილ სტრიქონებს ვკითხულობთ:
ასი ათას
ცხრა მილიონ
ოთხი მილიარდი
კაცი ქვეყნად
დაჩალიჩობს,
დამღერის და
დადის.
მეც დავდივარ —
რვა თვისა და
ორმოცი წლის კაცი,
დღეში ვფარავ —
ას მეტრსა და
ათ კილომეტრ მანძილს...
ლექსის ფინალში მკითხველს ხუმრობანარევი განმარტება ელოდება:
და ვკითხულობ არაბულად:
სამი,
ორი,
ერთი.
ხერხები, რომელთაც ვ. ჯავახაძე იყენებს აზროვნების სტანდარტულ ფორმათა გასაახლებლად, მრავალფეროვანია. მაგრამ ამჯერად ჩვენთვის თითოეულის აღნუსხვა კი არ არის მთავარი, არამედ ძიების ყოვლისმომცველი პათოსის ხაზგასმა.
* * *
ვ. ჯავახაძის ძიებანი ყველაზე უფრო რელიეფურად რითმის სფეროში გამოჩნდა. ლექსის ეს მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც ადრე არც ჟღერადობით იქცევდა ყურადღებას და არც ლექსიკური სიახლით, საგანგებო ზრუნვის საგანი გახდა. როდესაც პოეტმა ირწმუნა, რომ ყველა `პოეტური მატერიკი~ აღმოჩენილი არ იყო, მან მეტი ყურადღება მიაქცია რითმას. გამრავალფეროვნდა რითმის ფონიკა — ზუსტი და ასონანსური რითმების გვერდით მომძლავრდა კონსონანსური რითმა. გაიზარდა სარითმო სიტყვების სემანტიკური წონა, გახშირდა შედგენილი რითმების გამოყენება. პოეტმა სრულყოფილად აითვისა ის მონაპოვარი, რაც რითმის სფეროში გააჩნდა ქართულ პოეზიას და საკუთარი მიგნებებითაც გაამდიდრა იგი.
მაგრამ ვ. ჯავახაძე აქ არ შეჩერებულა. მის ძიებაში გამოიკვეთა რითმის კრიზისის სიმპტომებიც. რითმისადმი განსაკუთრებული ყურადღების პარალელურად დაიწყო მისი პაროდირება. რითმის შესაძლებლობათა ამოწურვის სიმპტომებს შეიცავს ომონიმური და კალამბურული რითმების გამოყენება ვ. ჯავახაძის მიერ. რითმა აღარ გულისხმობს სმენისადმი პატივისცემას, ძირითადი ყურადღება აზრის ირონიულ–კომიკურ `ათამაშებას~ ექცევა. განსაკუთრებით საყურადღებოა ომონიმური რითმის გამოყენება ამ ფუნქციით, როდესაც ირონიის საგნად თავად რითმის ეს სახეობა იქცევა. პოეტი თამაშობს ნაცნობ ასოციაციებზე, მიჯრით ხმარობს ომონიმურ რითმებს, მაგრამ იქვე აუქმებს მათ:
მაგონდება ბარი, —
არა მთა და ბარი,
არც თოხი და ბარი,
მხოლოდ ღამის ბარი...
ომონიმური რითმის კლასიკური ფუნქციის მოშლაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ ვ. ჯავახაძის ლექსებში ისინი, უმეტესად, კალამბურულ რითმას უახლოვდებიან.
რითმის პაროდირების პროცესი უფრო ღრმავდება. ავტორი ზოგჯერ ისე აგებს ლექსს, თითქოს საგანგებოდ ზრუნავდეს რითმაზე, არსებითად კი მის მიმართ თავის ირონიულ–პაროდიულ განწყობილებას ამჟღავნებს.
თქვენი ლამაზი თვალების გამო
ბევრმა გაუგო ცხოვრებას გემო,
თქვენი ლამაზი თვალების გამო
დამშვიდდა მკაცრი ფერების გამმა,
თქვენი ლამაზი თვალების გამო
ნაპირს შეცდომით მოადგა გემი.
ლექსში სამგზის გამეორებულ სიტყვას `გამო~ ერითმება ხმოვანმონაცვლე სიტყვები: გემო–გამმა–გემი, რაც პოეტური `თამაშის~ შთაბეჭდილებას ქმნის. მაგრამ არსებითი ის არის, რომ ბოლო სტრიქონი ირონიულ მინიშნებას შეიცავს: ლექსში `გემის~ გამოჩენა რითმამ განაპირობა (`ნაპირს შეცდომით მოადგა გემი~). გარეგნულად თითქოს რითმისადმი განსაკუთრებული ინტერესია ხაზგასმული, არსებითად კი რითმის `თავმომწონეობას~ აქ ქვეტექსტში გატანილი ირონიული ღიმილი ანელებს.
ვ. ჯავახაძის ზოგიერთი ექსპერიმენტი კაცს შეიძლება წმინდაწყლის გართობად, ან სულაც პოეტის უცნაურობად მოეჩვენოს. გამოუცდელი მკითხველი იქნებ შეაცბუნოს კიდეც ამგვარმა სტრიქონებმა:
შორს ღრუბლები ტივტივებენ,
ახლოს ქარი ტიტინებს,
თითქოს ტივ–ტივ–ტივ–ტივები
ეხლებიან ტი–ტინებს.
რას ნიშნავს ეს `ტივ–ტივ–ტივ~ ან `ტი–ტი~? პოეტური გართობაა? არა. ლექსი ამ სტრიქონებით იწყება:
ახმაურდა, ბაზარივით,
დაკაწრული ფირფიტა,
ფირფიტიდან დაბზარული
ლექსი ამო–ფრი–ფრინდა.
აშკარაა, რომ რითმათა მეშვეობით (აზანზარებს — ზა–ზა–ზა–რებს, უსუსურს — სუ–სუ–სულს, პაპანაქება — ბა–ბა–ბანაკებად...) პოეტი გაბზარული ფირფიტის იმიტაციას ახდენს.
ზემოგანხილულ ორ ლექსში ურთიერთსაპირისპირო მოვლენებია ფიქსირებული: პირველ შემთხვევაში გარეგნულად არცთუ აქცენტირებული რითმების პაროდირება ხდება მოტივირების უქონლობის გამო, მეორე შემთხვევაში კი გარეგნულად გამორჩეული რითმები მოტივირების შედეგად კარგავენ ექსტრავაგანტურ იერს.
რითმის პოეტიკის საფუძვლიანი ცოდნა და მისი პაროდირება განსაკუთრებით იგრძნობა ვ. ჯავახაძის უკანასკნელ კრებულში `მარტი, აპრილი, მაისი~. მაგალითად, ლექსი `ქეთევან დედოფალი~, რომელიც კითხვა–პასუხის პრინციპით არის აგებული, ასე იწყება:
დიდსულოვნება ჩვენი
დიდი და დიადია,
ოღონდ დასტური მოგვეც,
დასტურის სიტყვა!
—არა!
პირველ სარითმო სიტყვად აღებულია `დიადია~, რომელიც რითმად მოითხოვს `დასტურის სიტყვას~ — `დიაღ~. რითმა ჩვეული ასოციაციით სწორედ აქეთ გვიბიძგებს, მაგრამ ლექსის ლოგიკა რითმის კარნახს კი არ ემორჩილება, არამედ დედოფლის ისტორიულ პასუხს — `არა~. ეს პრინციპი გასდევს ლექსს თავიდან ბოლომდე: ყოველი სტროფის პირველი სარითმო სიტყვა (`გაბადია~, `ტრაღედია~, `მელოდია~, `ლიახვს~, `წიაღ~) მოითხოვს ევფონიურ გამართლებას — `დიაღ~, მაგრამ ნაწარმოების აზრობრივი წყობა ყველგან საპირისპირო `არას~ წამოსწევს. დასკვნით სტროფში კი სიტყვას `ჩაიარა~ ნაცვლად ევფონიურად მოსალოდნელი სიტყვისა `არა~ რეალური ვითარების გამომხატველი `დიაღ~ `ერითმება~. პოეტური `თამაში~ აქ რითმის მექანიზმის ცოდნას ემყარება: რითმის პირველი წევრი გვკარნახობს მეორე წევრს, ახდენს მის ნაწილობრივ ანტიციპაციას, რაც ნაცნობ ასოიაციებზე თამაშის საშუალებას იძლევა. პირველი წევრი ასოციაციურად იწვევს მეორე წევრს და აქვე ხდება მისი არგუმენტირებული უარყოფა მეტყველების ჩვეული მიმართულების შეცვლის გზით.
`ევფონიური სიტყვის~ `ლოგიკური სიტყვით~ შეცვლის ეფექტი განსაკუთრებით საგრძნობია მაშინ, როდესაც რითმა შეცულია, ე. ი. როდესაც რითმის პირველი თანაწევრი მთლიანად შეიცავს ასოციაციურად მისაგნებ სიტყვას, `მოსალოდნელი~ და `რეალური~ სიტყვები კი ერთმანეთის ანტონიმებია:
დაისადგურებს სულში
სიცივე გამთოშავი
შორს, თანაგრძნობის ნიშნად,
მთა გამოჩნდება თეთრი.
ან
და თუკი მთვარემ ზეცა
მოაშარავანდედა,
დაგესიზმრება ისევ
შენზე უმცროსი მამა.
პოეტი ქმნის ისეთ კონსტრუქციას, სადაც რითმა, როგორც ასოციაციური წევრი, არსებობს, მაგრამ უარიყოფა კიდეც აზრობრივი ლოგიკით. რითმა არის და არც არის. ლექსის რეალურ შინაარსთან ერთად `თამაში რითმაზე~ გამჭვირვალე ქვეტექსტს ქმნის. იგი შენიღბული ფაბულაა პაროდიისა.
ვ. ჯავახაძემ ბოლო კრებულში შეიტანა ლექსი `მხიარული ექსპერიმენტი: ბეღურა — აქლემი~, სადაც პაროდირებულია `რითმის ფატალიზმი~. უცნაურ სახეცვლილებაში, როდესაც `ბეღურა~ ბოლოს `აქლემად~ გადაიქცევა, მთავარი დამნაშავე რითმაა. სიტყვიდან სიტყვაზე ევფონიური ასოციაციით გადასვლა `მხიარული ექსპერიმენტის~ საფუძველს ქმნის: ბეღურა–ხასანბეგურა–ბეგარა–ბაგირი–უნაგირი–ნადირი–ნადიმი–აქიმი–აქ ლომი–აქლემი. გარეგნულად ლექსი თითქოს რითმის `ძლევამოსილებას~ ამტკიცებს, რეალურად კი გარდაქმნის ალოგიკურობა ირონიის წყაროა.
ძიების პროცესში ვ. ჯავახაძის ინტერესთა სფეროში მოექცა ლექსის ბგერითი ფორმაც, რომლის მიმართ პოეტი ადრე სრულ ინდიფერენტიზმს იჩენდა. იგი ქმნის ექსპერიმენტულ ლექსებს, სადაც სიტყვათა ევფონიური კავშირების, ზოგადად, ბგერითი ფორმის აქცენტირება სრულიად უეჭველია.
ევფონიურ ორგანიზაციას ვ. ჯავახაძის ლექსებში მუსიკალური ფუნქცია არ აკისრია, პოეტი ლექსის კეთილხმოვანებისათვის კი არ იღვწის, არამედ ქმნის დაძაბულობის ველს პოეტური ნაწარმოების სიტყვიერ შინაარსსა და ბგერით ფორმას შორის. ბგერითი ფორმა ზოგჯერ იმდენად არის აქცენტირებული, რომ იქმნება ფორმა–შინაარის გათიშვის შთაბეჭდილება. მაგრამ დაკვირვებისას აღმოვაჩენთ, რომ ეს გათიშვა მოჩვენებითია, პირიქით, კავშირი დემონსტრირებულია პარადოქსული გზით — ბგერითი ფორმის ჰიპერტროფირებით.
პოეტი ისევ `თამაშს~ გვთავაზობს. ევფონიური ორგანიზაციის აქცენტირებით იგი ფორმალისტური ვარჯიშის შთაბეჭდილებას ქმნის, `თამაშის~ მხიარული ფინალი კი ის არის, რომ სიმულირებული `ზაუმი~ იოლად გაიაზრება მკითხველის მიერ. მაგალითად:
მზე ათას სართავს ართავდა
და ვიდრე ნებას დართავდა,
თავთავთანა და თავთავთან
თავთავი ამოთავთავდა.
წაიკამათეს თავთავთა,
დარჩნენ თავ–თავი თავთათან და
მერე დამშვიდდნენ თანდათან,
დაწყვილდნენ, როგორც მთა და მთა,
როგორც დედა და დედა და
როგორც ტყუპები — და და და.
ამ ლექსში სტრიქონები თითქოს გაბმულ ბგერით რიგს ქმნიან, მაგრამ შთაბეჭდილებას უმალ ანეიტრალებს მისი გამოკვეთილი შინაარსი. აი, `ფსევდოზაუმის~ კიდევ ერთი ნიმუში: `მაშინ აყვირდა დაბალი: — მე თუ ვყოფილვარ დებილი, მაშასადამე, შენა ხარ დაბალი დებილის დობილი~.
ეს `თამაში~, როგორც სხვაგანაც ვთქვით, მხოლოდ `თამაში~ არ არის. ვ. ჯავახაძე სიტყვის ინერტული მდგომარეობიდან გამოყვანის გზებს ეძებს, ერთმანეთთან შეზრდილი `აღმნიშვნელისა~ და `აღსანიშნის~ გაქვავებული მდგომარეობიდან გამოყვანას ცდილობს...
ვ. ჯავახაძის ექსპერიმენტული ძიებანი ე. წ. `ფიგურულ ლექსებშიც~ აისახა, სადაც სტრიქონებში ასოთა რაოდენობა და განლაგება ქმნის გრაფიკულ სურათებს — პირამიდას, კიბეს, შადრევანს... რა არის ეს — უბრალო პოეტური ეგზერსისი თუ მხატვრული ღირებულების მქონე მოვლენა?
`ფიგურული ლექსები~ ახალი გამოგონილი არ არის. ისინი ანტიკურ ხანაშივე იქმნებოდა და არც შუასაუკუნეებისა და ბაროკოს ეპოქის პოეტები დარჩენილან მის მიმართ გულგრილნი. ახალ დროში ფიგურულ ლექსებს ქმნიან რუსეთში — ვ. ბრიუსოვი და ს. კირსანოვი, უცხოეთში — ქ. მორგენშტერნი და გ. აპოლინერი, თანამედროვეთაგან — ლ. მარტინოვი, ა. ვოზნესენსკი... ვ. ჯავახაძისათვის, ცხადია, ცნობილია ეს ფაქტები, მით უმეტეს, რომ მისი ზოგიერთი `ფიგურული~ ფორმა (`პირამიდა~, `კიბე~) დასახელებულ ავტორებთანაც გვხვდება.
დასაფარავი არ არის, რომ `ფიგურულ ლექსებს~ ერთგვარი პოეტური ვარჯიშის, ფორმით გატაცების დაღი აზის, მაგრამ ვ. ჯავახაძის `ფიგურულ ლექსებში~ გრაფიკული ფორმა ყოველთვის დაკავშირებულია ლექსის სიტყვიერ შინაარსთან, თემასთან. ამის გამო მისი ექსპერიმენტები ერთგვარად სცილდება პოეტური ვარჯიშისა თუ გართობის ზღვარს და ახალი გამომსახველობითი საშუალების ძიების ელფერს იძენს. ვცადოთ ამ მოვლენის გააზრება და შესაძლო პერსპექტივების გათვალისწინება.
ვ. ჯავახაძის `ფიგურულ ლექსებში~ დაცულია მეტრისა და რითმის ნორმები, რასაც ერთი შეზღუდვაც ემატება — ასოთა რაოდენობის დაცვა სტრიქონში. პოეტური სისტემის ამგვარმა გართულებამ უნდა გაზარდოს ლექსის ინფორმაციის მოცულობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გართულება გამართლებული ვერ იქნება. არის თუ არა `ფიგურულ ლექსში~ დამატებითი ინფორმაცია, აქვს თუ არა მას ესთეტიკური ღირებულება?
სანამ ამ კითხვას ვუპასუხებდეთ, ვ. ჯავახაძის პოეტური ბუნების ერთ თავისებურებას უნდა მივაქციოთ ყურადღება. სინამდვილის ათვისებისას ვ. ჯავახაძისათვის ძირითადი ორგანო თვალია. ის ფერმწერისა თუ გრაფიკოსის თვალით უმზერს საგნებს. აკი თვითონვე ამბობს: `ვაკვირდებოდი საყვარელ ფერებს გადაქცეული მარტო თვალებადო~. როდესაც პოეტი საუბრობს `მაქსიმალურად მწვანე ფოთოლზე~, რომელიც მოთავსებულია `ნეიტრალური ფერის ვაზაში~ და ფერთა აღქმას უკავშირებს `უკიდურესად მუქი ავეჯისა~ და `ზედმეტად თეთრი კედლების~ ფონს, სურათი ფერმწერის თვალით არის დანახული. ფერთამეტყველებას არცთუ იშვიათად გრაფიკოსის ხაზმოსმა ენაცვლება, როცა საგნები გამოისახება, როგორც გეომეტრიული ფორმები:
გამოუკეტა ქარებს კარები,
გამოუკვეთა ხიდებს ხედები,
კვიპაროსები _ ვერტიკალები
და წეროების სამკუთხედები.
პოეტს, რომელიც ასე აღიქვამს საგნებს, უჩნდება ამ ფორმათა გამოსახვის სურვილი ლექსის გრაფიკულ შესაძლებლობათა ფარგლებში. პოეზია ორიენტაციას იღებს გრაფიკაზე. ცნობილ ტრიადაში `მუსიკა–პოეზია–მხატვრობა~ პოეზიისათვის ორი შესაძლებლობა არსებობს — მუსიკასთან ან მხატვრობასთან დაახლოება. პირველი შესაძლებლობა დიდი ხანია მოისინჯა: მუსიკის კონსტრუქციული პრინციპის გადატანამ პოეზიაში მნიშვნელოვანი შედეგები მოგვცა. მეორე გზა ჯერჯერობით თითქმის გაუკვალავია, მაგრამ კინოსა და ტელევიზიის ეპოქაში, როდესაც არაჩვეულებრივად იზრდება ინფორმაციის თვალით ათვისების როლი, მას გარკვეული პერსპექტივა აქვს. თანამედროვე ადამიანი არანაკლებ ინფორმაციას იღებს ხედვითი სახეებიდან, ვიდრე კითხვის გზით. ხედვითი ხატი მისთვის შეტყობინებად, სიტყვად იქცევა. ამგვარად, მკითხველის შინაგანი მზადყოფნაც პოეტს ექსპერიმენტის ჩატარების შესაძლებლობას აძლევს.
ვ. ჯავახაძის `ფიგურული ლექსების~ გრაფიკულ ფორმას განსაზღვრავს ლექსის მთავარი სიტყვა–თემა: გზა, პირამიდა, კიბე, შადრევანი..., სახე-სიტყვის ვიზუალური ფორმა. მაგალითად, ვ. ჯავახაძის პირამიდის ფორმის ლექსში ლაპარაკია პირამიდის აგებაზე, რითაც ამ გრაფიკული ფორმის არსებობა გამართლებულია.
ლექსის გრაფიკულმა ფორმამ შეიძლება გარკვეული როლი შეასრულოს პოეზიისათვის ნიშანდობლივი, სპეციფიკური შეზღუდვის დაძლევაში. ცნობილია, რომ ლექსის კომპოზიცია დროშია განფენილი, პოეტურ ნაწარმოებში `ერთი ნაწილი იბადება მეორისაგან და შემდეგი ნაწილი ისე არ ჩნდება, თუ წინარე არ მოკვდა~ (ლ. და ვინჩი), ე. ი. ლექსის ერთიანობაში აღქმა არ ხერხდება. ლექსის თემის გრაფიკული გამოსახვა გარკვეული თვალსაზრისით აფართოებს პოეზიის გამომსახველობით შესაძლებლობებს: მკითხველის თვალი ერთბაშად ითვისებს იმას, რაც ტექსტში, ლექსის სპეციფიკურობის გამო, ნაწილ–ნაწილ, დროული თანმიმდევრობით არის მოცემული. ა. პუშკინი აღტაცებაში მოიყვანა შ. ნოდიეს გამომგონებლობამ, როდესაც მან კიბის აღწერისას სტრიქონების კიბისებური განლაგება გამოიყენა. გენიალურმა პოეტმა ამ კერძო ფაქტში პოეზიის გამომსახველობით საშუალებათა გაფართოება დაინახა და მისი რეაქციაც ამით იყო გამოწვეული.
`გრაფიკული ლექსების~ დღევანდელი დონე არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ხელაღებით უარვყოთ გავრცელებული აზრი: `იქ სადაც გეომეტრია იმარჯვებს, პოეზია წაგებული რჩებაო~. მაგრამ გარკვეულ ფარგლებში თეორიულად გამართლებული და პრაქტიკულად მისაღწევი ჩანს ლექსის გრაფიკული ფორმის ფუნქციური გამოყენება. ვ. ჯავახაძის `ფიგურული ლექსები~ კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს ავტორის მაძიებელ ბუნებაზე.
* * *
`ბედნიერებას მხოლოდ გატკეპნილი გზით მიაგნებო~, _ ეს ფრაზა ფრთხილი, მშვიდი ცხოვრების მოყვარული პოეტის ნათქვამია. ვ. ჯავახაძემ მიატოვა მშვიდი ცხოვრება, ხელთ მოგზაურის ჯოხი აიღო და ხიფათით სავსე გზას დაადგა. აღმოჩენათა ხანა ჯერ არ დასრულებულა. `არ ვეთანხმები მაინც მაგელანს და თვალს ვუსწორებ ახალ ჰორიზონტს~, _ აცხადებს იგი და მკითხველიც იმედით ელის ახალი პოეტური სივრცეების ხილვას.
1978 წ.

Comments
Post a Comment