ლევან ბრეგაძე - ოთარ ჭილაძის „ჩანაწერები“
ჟურნალ “ქართული მწერლობის” 2010 წლის პირველ ნომერში ოთარ ჭილაძის “ჩანაწერები” გამოქვეყნდა, მწერლის გარდაცვალების შემდეგ.
ორიოდე სიტყვა ჟანრისათვის.
ეს ჟანრი დიდხანს ელოდა თავის დროს. ისტორია ხანგრძლივი აქვს, II-III საუკუნეების ბერძნულენოვანი რომაელი მწერლის კლაუდიუს ელიანის “ჭრელ-ჭრელი ამბებიდან” იღებს სათავეს, მაგრამ ბოლო დრომდე ერთობ მარგინალურ ჟანრად ითვლებოდა, მეტიც, ჟანრთა შორის არც კი მოიხსენიებდნენ. ბევრი მწერალი ავსებდა უბის წიგნაკებს ჩანაწერებით, რომელთა გამომზეურება აზრადაც არ მოსდიოდათ, და ისინი მხოლოდ მათი გარდაცვალების შემდეგ თუ გამოქვეყნდებოდა, ისიც თხზულებების ყველაზე სრულ გამოცემებში. ეს იყო და ეს.
ჩვენს დროში ამ ჟანრისადმი ინტერესი გაიზარდა.
მე-20 საუკუნის მრავალი მწერალი სიცოცხლეშივე სთავაზობდა მკითხველს უბის წიგნაკის ჩანაწერებს, რომლებიც, როგორც აღმოჩნდა, სხვა “ბობოლა” ჟანრებზე არანაკლები წარმატებით ახერხებს ეპოქისეული განწყობილებების გადმოცემას, წარმოდგენას გვიქმნის დიდზე მცირედის მეშვეობით, გვახედებს მწერლის ლაბორატორიაში, ფრაგმენტულობისა და სიჭრელის მიუხედავად (თუ, იქნებ, სწორედ ამის წყალობით) გატაცებით იკითხება, და, რაც მთავარია, უკეთ წარმოაჩენს მწერლის პიროვნებას, ხასიათს, ვიდრე სხვა ჟანრის თხზულებანი (შდრ. რეცეფციული ესთეტიკის თეორეტიკოსთა ეს დაკვირვება: “ყველაზე მძაფრ აქტუალიზაციას იწვევს არა დასრულებული, ყოვლისმომცველი სურათი ან აღწერა, არამედ – სწორედ ფრაგმენტები ან სხვათა შორის, უცაბედად ნათქვამი სიტყვები”. – კრებული “სჯანი” III, გვ. 213, სტატია “აქტუალიზაცია”).
მახსენდება შვეიცარიელი მწერლის მაქს ფრიშის ჩანაწერები, რომლებიც მწერლის სიცოცხლეშივე გამოცემულ მის ტომეულებშია დაბინავებული რომანებისა და პიესების გვერდით; აგრეთვე სერგეი დოვლატოვის “უბის წიგნაკები”, ასევე მწერლის სიცოცხლეშივე გამოცემული.
ჩვენთან ასეთი ვითარებაა:
ძვირფასია იონა მეუნარგიას ჩანაწერები ნიკოლოზ ბარათაშვილის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლისა და მე-19 საუკუნის სხვა ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა შესახებ;
ასევე – ჩანაწერები ლადო ასათიანისა, 1979 წელს გამოცებულ ერთტომეულში რომ არის შესული;
2005 წელს “მერანმა” დასტამბა მიხეილ ჯავახიშვილის სასწაულებრივად გადარჩენილი უბის წიგნაკები (1924-1935 წწ.), რამაც მკვლევართა დიდი ინტერესი გამოიწვია, მრავალი გამოხმაურება მიეძღვნა მას;
ლიტერატურის გურმანებისთვის კარგი საჩუქარი იყო გურამ რჩეულიშვილის ჩანაწერების გამოჩენა, რომელიც ჯერ პრესაში (გაზეთ “ქომაგში”) გამოქვეყნდა, შემდეგ კი მწერლის ექვსტომეულის მე-5 ტომშიც დაიდო ბინა;
ლიტერატურის მუზეუმმა წიგნებად გამოსცა გალაკტიონ ტაბიძის, გერონტი ქიქოძის, მაყვალა მრევლიშვილის, სერგო კლდიაშვილის, გურამ ასათიანის, ნოდარ დუმბაძის, ოტია პაჭკორიას, არჩილ სულაკაურის, ედიშერ ყიფიანის, ლევან ასათიანის უბის წიგნაკები;
გამომცემლობა “ინტელექტმა” დააარსა სერია “მცირე პროზა” და ამ სერიით გამოვიდა ანა კალადაძის ჩანაწერები (“სიყვარულისგან ფართოვდება ქვეყანა”);
ქართველ მწერალთაგან ამ ჟანრის ტექსტებს აქვეყნებდნენ და აქვეყნებენ აკაკი გაწერელია (“დაკვირვებანი და შთაბეჭდილებანი”), რევაზ ინანიშვილი (“ჩანაწერები სამაგიდო რვეულებიდან”), ნოდარ შამანაძე (“აკრეფილი თავთავები”), ემზარ კვიტაიშვილი (“რქაწითელის მტევანი”), ტარიელ ჭანტურია (“დინოზავრიდან დიზაინამდე”), ნიკა აგიაშვილი, ბაჩანა ბრეგვაძე, ჯარჯი ფხოველი; უფრო ახალგაზრდებიდან: როსტომ ჩხეიძე, ზაალ სამადაშვილი, ზაზა შათირიშვილი, იოსებ ჭუმბურიძე, გიორგი გოგოლაშვილი, გიგი სულაკაური, დათო ტურაშვილი...
ვიცი, ბევრი გამომრჩებოდა – ამ ჟანრის ბუმია ახლა საქართველოში.
ჩანაწერების მთავარი მახასიათებელია თემატური მრავალფეროვნება, თემატური სიჭრელე, მოდით, ასე ვთქვათ: პოიკილოთემურობა (შდრ. ბიოლოგიური ტერმინი “პოიკილოთერმული”: “პოიკილოს” ბერძნულად ჭრელს ნიშნავს. ამ ჟანრის ზემოთ ნახსენები მამამთავრის ელიანის წიგნს ასე ჰქვია: “პოიკილე ჰისტორია” – “ჭრელ-ჭრელი ამბები”).
ჟურნალ “ქართულ მწერლობაში” ოთარ ჭილაძის ჩანაწერების რამდენიმე ფრაგმენტი გამოქვეყნდა – 1968, 1969, 1971, 1972, 1973, 1976, 1977, 1994, 1999,
2000, 2001 წლებისა.
არის თუ არა მათ შორის ისეთიც, რომელიც თავის დროზე პოლიტიკური ვითარების გამო ვერ გამომზეურდებოდა? არის. მაგალითად, ეს, 1969 წლის, ჩანაწერი:
“რუს პოეტებს ცოტა თავში აუვარდათ! რუსობა იმდენად უწყობს ხელს მათ პოპულარიზაციას, თავი მართლა გენიოსები ჰგონიათ. ევროპაც კარგი ქერქეტაა. სამწუხაროდ, უკვე ბევრჯერ დავრწმუნდი ამაში. რაც რუსულია, ყველაფერი უცნაურია, საინტერესოა, დიდებულია. ჯერ საკუთარ თავზე არ გამოუცდიათ და იმიტომ. ისე, იცოცხლე, კარგია დათოვლილი სტეპიც, მარხილიც, არაყიც, დათვის ქურქიც... რა უნდა მეტი მდიდარ, მაგრამ სულელ ტურისტს? არაფერი. უხეშობა და სიმდიდრე იზიდავს ადამიანს”;
ან ეს:
“რაიკომის მდივანი – გააზნაურებული მდაბიო” (1969 წ.);
შემდეგ:
“საქართველო იმ გემს გავს, საჭე რომ გაფუჭებია, ანძები რომ გადამტვრევია, კურსი რომ დაკარგვია, ეკიპაჟს რომ მიუტოვებია, მაგრამ ტრიუმი საჭმელ-სასმელის დიდი მარაგით აქვს ამოვსებული” (1969 წ.);
1968 წელს ჩაუწერია:
“ქურდობა, დაბეზღება, თაღლითობა ჩვენს ეროვნულ თვისებად იქცევა მალე”.
საერთოდ, ბევრს ფიქრობს სამშობლოს, ქართველობის მდგომარეობზე, მომავალზე:
“დრო გავატაროთ ლხინითა, ჰარი, ჰარალე!” – აი, აქედან იწყება ჩვენი წახდენა”, – ჩაუწერია 2001 წელს.
საკუთარი თავით დაუკმაყოფილებლობის გრძნობა და თAავმდაბლობა რომ დიდ შემოქმედთა თვისებაა, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს 1999 წლის ერთი ჩანაწერი:
“დამთავრდა ჩემი მწერლობა – რაც დავწერე, ნაგავია, რისი დაწერაც მინდოდა, ვერ დავწერე! ბასტა! ამოიწურა ძალღონე, დაწყდა წყარო, დაილია სანთელი, გათავდა პური... მიიწურა სიცოცხლე, როგორც ეს ნოემბერი...”.
ამავე ჩანაწერში თავის შიშებზეც ლაპარაკობს შემაცბუნებელი გულახდილობით:
“მაგრამ სიკვდილის რომ მეშინია? მერე რა?! ეს ცხოველური შიშია და მეტი არაფერი. მარტო სიკვდილის ხომ არ მეშინია?! მეშინია მიწისძვრისაც, ხანძრისაც, მთვრალი ხულიგანისაც, გრიპისაც...”.
ბევრს ფიქრობს სიკვდილზე; მასთან შეგუებას ასე ცდილობს:
“სიკვდილი ერთადერთი (და საუკეთესო) გამოსავალია იმ სიტუაციიდან, რომელშიც სიკვდილის წინ აღმოვჩნდებით ხოლმე...” (1999 წ.).
ანდა ასეთი აღიარება ვნახოთ:
“მე სიკვდილის უფრო მრცხვენია, ვიდრე მეშინია” (1973 წ.).
მიშელ მონტენის საკადრისი ფრაზაა, ძალზე მაღალინფორმაციული! სათქმელი, რომელსაც ეს ექვსი სიტყვა იტევს, მოზრდილ ესეიდ შეიძლება განივრცოს, უაღრესად ორიგინალურ ესეიდ, სადაც ადამიანის არსების სოციალური მხარე მოგვევლინება მისი ბიოლოგიური გამძლეობის ზოგიერთი საიდუმლოს გასაღებად.
ბევრი უფიქრია ახალგაზრდა მწერლებზე:
“ახალგაზრდა მწერლებთან დაკავშირებით: რაც შეიძლება მალე უნდა იგრძნონ იმათ, აუცილებელი და განუყრელი წევრები რომ არიან ქართული მწერლობის ოჯახისა (და არა მწერალთა კავშირისა), რაც შეიძლება მალე უნდა დადგნენ იმ ერთადერთ პოზიციაზე, რომელზედაც აუცილებლად უნდა იდგეს ქართველი მწერალი (ჯერჯერობით მაინც!)” (1999 წ.).
იმავე წელს ჩაუწერია:
“ნებისმიერი ახალგაზრდა, რომელიც დღეს ქართულად წერს, თვალის ჩინივით გასაფრთხილებელია. წერონ, მოიწიფონ ხელი, გონება აუცილებლად გაიხსნება დროთა განმავლობაში, და ბევრ რამეს, რაც დღეს აღიზიანებთ, ალბათ გმირობადაც ჩაუთვლიან თავიანთ წინამორბედებს... მთავარია, იქამდე, ერთმანეთი არ შეგვაჭმევინოს მტერმა, ქილაში გამომწყვდეული მორიელებივით...”.
ბერლინში, სალვადორ დალის ნახატების გამოფენაზე ყოფნისას შეუმუშავებია გენიალურობის ფორმულა:
“ნიჭიერება პლუს შრომისუნარიანობა პლუს სკანდალური ცხოვრება უდრის გენიალურობას (...). მეოცე საუკუნეში ერთნაირად საცოდავია ხელოვანი, თუკი მხოლოდ ნიჭიერებით ანდა მხოლოდ სკანდალური სიტუაციების შექმნის უნარითაა დაჯილდოებული. უერთმანეთოდ არცერთს არა აქვს ფასი. უხმაურო ნიჭიერება გვაეჭვებს, უნიჭო ხმაური კი გვაღიზიანებს” (1994 წ.).
“მეოცე საუკუნეშიო”, რომ წერს, ეს ძალზე მნიშვნელოვანია – აქ მასმედიის დიდი (თუ გადამწყვეტი არა) როლი იგულისხმება პიროვნების შესახებ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების პროცესში.
და ბოლოს ნატვრა მწერლისა (ქართველი მწერლისა!):
“ერთ რამეს ვინატრებდი მხოლოდ – ოდესმე, საუკუნეთა მიღმა, ისევ ამ მიწაზე და ამ ცის ქვეშ, ვიღაცამ, სულერთია ვინ, ოღონდ ჩემი ვინაობის და ხელობის მცოდნემ (შეიძლება დამფასებელმაც), ჩემს საფლავს
ჩასძახოს: იძინე მშვიდად, ჯერ ისევ ვარსებობთ, ისევ ვიბრძვით, ისევ ხალხი გვქვიაო!”.
სამშობლოს მომავლის გამო როგორი შეშფოთება იგრძნობა დიდი მწერლის ამ სიტყვებში, რომლებიც 1994 წლით არის დათარიღებული! დღეს, 16 წლის შემდეგ, ჩვენი მდგომარეობა ამ მხრივ შემაშფოთებელი კი არა, უკვე საგანგაშოა. ვაითუ ოთარ ჭილაძეს ეს ნატვრა არ აუსრულდეს.
*
პირველი პუბლიკაცია: ჟ. „კრიტიკა“, 2010, # 5, გვ. 201-205.

Comments
Post a Comment