ლევან ბრეგაძე - ბესიკ ხარანაულის „კარტოფილის ამოღება“
ჟურნალ „მნათობის“ 1982 წლის #9-ში დაიბეჭდა ელიზბარ ჯაველიძის წერილი სათაურით „პროზისა და პოეზიის მიჯნაზე“, რომელშიც უარყოფითად იყო შეფასებული გურამ დოჩანაშვილის მოთხრობა „ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები“ და ბესიკ ხარანაულის ლექსი „კარტოფილის ამოღება“. გთავაზობთ ჩვენი საპასუხო სტატიის („მხატვრული ნაწარმოები და კრიტიკოსის პოზიცია“) იმ ნაწილს, რომელიც ბესიკ ხარანაულის „კარტოფილის ამოღებას“ ეძღვნება.
*
[...] ახლა რაც შეეხება ბესიკ ხარანაულის „კარტოფილის ამოღებას“. ამ, მართლაც, უაღრესად საინტერესო და ორიგინალური პოეტის შემოქმედებაზე კრიტიკოსი, საერთოდ, ძალიან მაღალი აზრისაა. მისი სიტყვით, „თუ ვერლიბრი დამკვიდრდა ქართულ სინამდვილეში და არსებობის უფლება მოიპოვა, ეს ნიჭიერი პოეტის ბესიკ ხარანაულის დამსახურებაცაა. ვისაც მისი ლექსები და განსაკუთრებით კი პოემა „ხეიბარი თოჯინა“ გულდასმით წაუკითხავს, – წერს ე. ჯაველიძე, – არ შეიძლება ჩვენი აზრი არ გაიზიაროს. ბესიკ ხარანაულის თავისუფალი ლექსი მკითხველის ყურადღებას იქცევს, უპირველეს ყოვლისა, მკვეთრად ცვალებადი და მრავალფეროვანი რიტმული ორგანიზაციით, სამყაროს მოვლენათა სავსებით ორიგინალური აღქმით, ჯერაც არ ნახული, „გონით მიუაზრებელი“, პოეტური ხილვებით და, რაც მთავარია, აზრობრივი სიღრმითა და პრობლემის მოაზრების საკუთარი ხელწერით“.
ოღონდ, კრიტიკოსის აზრით, ბ. ხარანაულის რამდენიმე ლექსი - „კარტოფილის ამოღება“, „ყურის ტკივილი“, „ბავშვი და დედ-მამა“, „მეგობრის წერილი ბავშვობის აგარაკიდან“, „მოღალატე ცოლები“ – ვერ დგას სათანადო მხატვრულ დონეზე. მათზე მსჯელობის აუცილებლობას კრიტიკოსი ასე ასაბუთებს: „საერთოდ, არ არსებობს შემოქმედი, რომელსაც არ გააჩნდეს მეტნაკლებად სუსტი და ძლიერი ლექსი... ამიტომაც, როცა ამდენი ნიჭიერად დაწერილი ლექსი აქვს პოეტს, იქნებ არც ღირდეს მის, ასე ვთქვათ, „სუსტ“ ლექსებზე შეჩერება. მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში სხვა ვითარებასთან გვაქვს საქმე: ჯერ ერთი, ეს ლექსები არსებული ლიტერატურული მოდის გამო მოწონებას იმსახურებს პროფესიონალურ თუ არა პროფესიონალურ წრეებში და, მეორეც, რაც მთავარია, ამჯერად საქმე გვაქვს არა შემთხვევით ჩავარდნასთან, არამედ პოეტის შეგნებულ შემოქმედებითს პოზიციასთან და შეიძლება ასე ითქვას, წინასწარ განზრახულ პოზასთან“.
ზემოთ დასახელებული ლექსებიდან, რომლებიც, კრიტიკოსის აზრით, პოეტს არ გამოუვიდა, იგი მხოლოდ „კარტოფილის ამოღებას“ განიხილავს. ე. ჯაველიძის სიტყვით, „ეს ლექსი, თუ შეიძლება მას საერთოდ ლექსი ვუწოდოთ, ჭეშმარიტი პოეზიის სიმაღლეზე ვერ დგას“, „უფრო მეტიც, ეს ლექსი ეშვება ყოველგვარ პოეზიაზე დაბლა და, საერთოდ, მოკლებულია იმ ზემოქმედების უცილობელ ძალას, რომელიც, როგორც წესი და აუცილებელი პირობა, ყველა მხატვრულ ძეგლს უნდა გააჩნდეს“.
ამის მიზეზი, ე. ჯაველიძის აზრით, ის არის, რომ ლექსი წვრილმან თემაზეა დაწერილი და პოეტი „ვერ ახერხებს ამ წვრილმანების მხატვრულ დონეზე განზოგადებას და იმ პირობითობამდე ამაღლებას, რაც უნდა ახასიათებდეს ხელოვნებას, როგორც ცნებას და რაზეც, ჯერ კიდევ, არისტოტელე წერდა“.
სხვა ადგილას იგი აღნიშნავს, რომ „გამიზნულმა „უბრალოებამ“ პოეტი პრიმიტივიზმამდე მიიყვანა“ და „მთელი ეს ვრცელი ნაწარმოები იკითხება დუნედ და პროზისა და პოეზიის ზღვარზე ლასლასებს“.
იმის ნათელსაყოფად, რომ ლექსი უბრალო და უინტერესო ამბების უბრალო და უინტერესო გადმოცემად დარჩა და ვერ ამაღლდა ჭეშმარიტი პოეზიის დონემდე, კრიტიკოსი გადმოგვცემს ამ ლექსის შინაარსს. იგი წერს:
„პოეტი მოგვითხრობს კარტოფილის მოპოვების ისტორიას, როგორ იღებდნენ მას მეორე სამამულო ომის დროს, როგორ ცვლიდნენ სხვა პროდუქტებში; როგორ იღებენ ახლა... მერე გადმოგცემს თავის განსჯას ამ პროცესთან დაკავშირებით: „ამოვთხაროთ ჩვენი წარსული, ამოვყაროთ ოქროები, პირი ვუჩინოთ, ოთხ-ხუთ საათს მოვიწყინოთ, გული დავიტკბოთ და მერე ისევ გაისამდე მიწაში ჩავფლათ“. პოეტს არ ავიწყდება გადმოგვცეს თავისი ამბოხი დედის წინააღმდეგ, რომელიც ყოველ გაზაფხულზე უთვლის – „კარტოფილი უნდა დავთესოთ“, ხოლო შემოდგომაზე მოუწოდებს – „უნდა ამოვიღოთ“. მაგრამ ბოლოს პოეტის ამბოხი იმით მთავრდება, რომ აიკრავს გუდა-ნაბადს და მიდის თიანეთისკენ. შარშან კი კარტოფილის ამოსაღებად თავისი თხუთმეტი წლის ვაჟიც წაიყვანა, რომელმაც კარტოფილის ამოღებას ტოლ-ბიჭებთან თამაში ამჯობინა. ბოლოს „კარტოფილის ამოღება“ „სენტიმენტური ვახშმით“ მთავრდება...“
სრულიად აშკარაა, რომ აქ უგულებელყოფილია ამ ლექსის დრამატიზმი, რაც გარკვევით იკითხება ნაწარმოების გარეგნული, მოჩვენებითი უბრალოების მიღმა. მხედველობიდან გამორჩენილია რამდენიმე უაღრესად მნიშვნელოვანი მომენტი. საქმე ის არის, რომ ეს კარტოფილი, რომელზეც ამდენი ლაპარაკია ლექსში, როგორც საკვები პროდუქტი, არც ერთ პერსონაჟს არ აინტერესებს. ეს სავსებით ნათლად ჩანს შვილის ამბოხის გამომხატველი სტრიქონებიდან:
მოკლედ, ირკვევა, რომ კარტოფილი მხოლოდ საბაბია წელიწადში ორჯერ დედა-შვილის მშობლიურ მიწაზე ერთმანეთთან შესახვედრად. გავიხსენოთ, როცა შვილიშვილიც ჩაუყვანა სოფელში დედას, იგი „ლამის ანც გოგოს დაემსგავსა, ლამის დ ა ა ვ ი წ ყ დ ა, რომ კ ა რ ტ ო ფ ი ლ ი უნდა ამოგვეღო“, „და ისეთი უსუსური იყო იგი ამ სიხარულში, როგორც არასდროს არც ერთ გასაჭირში არა ყოფილა“. იქვე ვკითხულობთ: „სულ ასიოდე ძირიღა გვითესია, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს!“
სრულიად აშკარაა, რომ აქ კარტოფილს დაკარგული აქვს თავისი ძირითადი ფუნქცია, იგი გაუცხოებულია თავისი თავისაგან, შესაბამისად ასევე გაუცხოებულია თავისი თავისაგან მისთვის გაწეული შრომაც. ეს უკვე სიმბოლური შრომაა, იგი უფრო მშობლიური მიწის მოფერების რიტუალს ჰგავს, ვიდრე სარჩოს მოპოვების პროცესს:
ეს შრომა, რაკი იგი მშობლიურ მიწასთან, ბავშვობასთან, შვილის მშობელთან მიახლების საშუალებაა, ამის გამო სასიამოვნო და სახალისო პროცესია. მაგრამ, მეორე მხრივ, რაკი იგი საარსებოდ აუცილებლი შრომა აღარ არის, ამიტომ არსებითად უკვე ბუტაფორიადაა ქცეული. ლექსში ასახული შრომითი პროცესის ეს შინაგანი წინააღმდეგობა არის სწორედ დრამატიზმის საფუძველი. ამას კარგად გრძნობს სამივე პერსონაჟი: დედაც, შვილიც და შვილიშვილიც. დედა-შვილი ჯერჯერობით მაინც ახერხებს ამ შრომას „ნამდვილი“ შრომის ელფერი შეუნარჩუნოს, ისინი ახერხებენ ითამაშონ „ნამდვილი“ შრომა, იმიტომ, რომ ამ მიწასთან თავიანთი წარსულით, თავიანთი ტკბილ-მწარე მოგონებებით არიან დაკავშირებული. სამაგიეროდ შვილიშვილს, რომელიც აქ სტუმრად გრძნობს თავს, არავითარი ხალისი არა აქვს მონაწილეობა მიიღოს ამ სიმბოლურ, პირობით შრომაში, დედა-შვილს შორის არსებულ კონვენციას ის არ უერთდება, უფრო სწორად, ვერ უერთდება... მშობელ მიწასთან დამაკავშირებელი ძაფი მეტისმეტად სუსტია:
„ჯერ კიდევ ჰკიდია ყუნწს ფოთოლი,
მაგრამ ქარი უკვე გზაშია“.
ეს ორაზროვანი შინაარსის სტრიქონებია: ემპირიულ პლანში აქ ნამდვილ ფოთოლზეა ლაპარაკი, მგრამ სიმბოლური პლანიც სრულიად აშკარაა: მშობლიურ მიწასთან კავშირი საცაა უნდა გაწყდეს.
ახლა ორიოდე სიტყვა კარტოფილის როლზე ამ ნაწარმოებში. კრიტიკოსის აზრით, რაკი პოეტი ლექსის თემად კარტოფილის ამოღებას ირჩევს, ამით „მას სურს მოულოდნელობის, სიახლისა და ორიგინალურობის ელემენტით მოახდინოს ეფექტი მკითხველზე“, რადგან, მისივე სიტყვით, „ბესიკ ხარანაულს კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ ქართველი კაცის ფსიქიკისათვის კარტოფილის ამოღება არავითარ ესთეტიკურ და პოეტურ განცდას არ წარმოადგენს. ყოველ შემთხვევაში, ვენახი და კარტოფილი ესთეტიკური ფენომენის მოაზრების თვალსაზრისით ქართველი მკითხველისათვის ტოლფარდი ცნებები არ არის“.
გამოდის, თითქოს პოეტის უმთავრესი საფიქრალი ის ყოფილა, რომ როგორმე გაეოცებინა და გაეკვირვებინა მკითხველი. ეს მხოლოდ ზედაპირული შთაბეჭდილებაა. სინამდვილეში კარტოფილს ამ ლექსი ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესო ფუნქცია აკისრია, იგი აქ შეუცვლელი „პერსონაჟია“. საქმე ის არის, რომ კარტოფილის მოწევის პროცესი ისეთი პროცესია, რომელიც გვაიძულებს უშუალოდ, ხელშესახებად (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით) დავუკავშირდეთ მიწას (გავიხსენოთ: „როცა დედაჩემი მიწას აცლის კარტოფილს, ანდა სადმე დამალულს ეძებს თავის გრძნეულ თითებით...“). ხოლო, რაკი კარტოფილს ამ ლექსში თავისი ძირითადი ფუნქცია დაკარგული აქვს და მხოლოდ მშობლიურ მიწასთან მიახლების საბაბად არის ქცეული, ამიტომ მისი მოპოვების პროცესი, არსებითად, მშობლიური მიწის მოფერების პროცესია, გარეგნულადაც კი. ამიტომ სრულიად ცხადია, რომ მას ამ ლექსში ვერც ვაზი და ვერც სხვა რომელიმე კულტურა ვერ შეცვლის. ეს არის აქ ამ უსულო „პერსონაჟის“ ფუნქცია.
როგორც კი ვხვდებით, რომ ამ ლექსში კარტოფილი მისი ძირითადი დანიშნულებით არავის აინტერესებს, მაშინვე საცნაური ხდება შინაგანი კომიზმით შეფერილი სიტუაცია, რომელშიც ეს უსიტყვო „პერსონაჟი“ მოულოდნელად აღმოჩნდა, როგორც ის ღ ო ბ ე ცნობილი ქართული ანდაზიდან, რომელსაც ყურძნის სიყვარულით ეფერებიან. ამავე დროს ისიც სრულიად აშკარაა, რომ არც იმ ღობეს და არც ბესიკ ხარანაულის კარტოფილს თვითონ არავითარი ბრალი არ მიუძღვით იმაში, რომ კომიკურ ვითარებაში აღმოჩნდნენ, მათ ეს არაფრით დაუმსახურებიათ. ამის გამო ეს კომიკური სიტუაცია ამავდროულად დრამატულიც არის. ეს უცნაური დრამატული კომიზმი, ბუნებრივია, რაღაც დოზით, პერსონაჟთა მდგომარეობაზეც ვრცელდება, რაც კარგად ჩანს ლექსის ფინალში:
თითქოს დედა კმაყოფილი უნდა იყოს: შვილი და შვილიშვილი ჩამოუვიდა, კარტოფილი ამოიღეს, ჰპირდებიან გაზაფხულზე ისევ ჩამოვალთ და დავთესოთო. დედასაც ხომ ეს უნდოდა, რაღა აწუხებს, რამ დაანაღვლიანა? იგრძნობა, რომ ეს მოახლოებული დროებითი განშორებით გამოწვეული სევდა არ უნდა იყოს, ეს უფრო „დიდი რაღაცაა“, სიტყვით ძნელად გამოსათქმელი („...რაღაცის თქმაც დააპირა – დიდი რაღაცის, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა...“) – აშკარაა – დედა გრძნობს ვითარების ბუტაფორიულობას.
ასე რომ, სრულიად ბუნებრივ
მოვლენად უნდა მივიჩნიოთ, თუკი ეს ლექსი, – როგორც ე. ჯაველიძე ამბობს, – „მოწონებას იმსახურებს პროფესიონალურ თუ არა პროფესიონალურ წრეებში“.
*
პირველი პუბლიკაცია: ჟ. „მნათობი“,
1983, #1;
მეორე პუბლიკაცია წიგნში: ლ. ბრეგაძე.
სიტყვა ძველი, სიტყვა ახალი. თბილისი: 1988.

Comments
Post a Comment