ლევან ბრეგაძე - ცხოვრების ნაკადი



გურამ გეგეშიძის “ნაცრის კოშკი”, რომელიც 2001 წელს გამოსცა “მერანმა”, ერთ-ერთი პირველი ქართული რომანთაგანია, საბჭოთა ეპოქას რომ წარმოსახავს და საბჭოთა ცენზურა არ გაუვლია. მარტო ამის გამოც არის იგი ახლებური, უჩვეულო და უცნაური წიგნი იდეოლოგიურ წნეხში გამოტარებულ რომანებს შეჩვეული ჩვენი მკითხველისთვის. ყოფილ საბჭოთა მოქალაქეს ჯერ კიდევ თავზარს სცემს წიგნის ფურცლებზე დაბეჭდილი ასეთი სტრიქონები: “მან სიამაყით გაიფიქრა, რომ ბაბუა ოჯახში მაინც ბედავდა სიმართლის თქმას, კომუნისტების კრიტიკას, თუმცა არავისზე ნაკლებ არ ეშინოდა საბჭოთა რეჟიმის დაუნდობელი სისასტიკისა”. (“ნაცრის კოშკში” ასახულია ხანა მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან სტალინის გარდაცვალებამდე).

გურამ გეგეშიძის ადრინდელი ისტორიული რომანების მსგავსად აქაც ვერ ხერხდება უთვალავ პერსონაჟთაგან ერთი ან რამდენიმე მთავარი გმირის გამოყოფა, ურიცხვ მოტივთაგან და სიუჟეტურ განშტოებათაგან ისეთის გამორჩევა, მთავარ მოტივს ან მთავარ სიუჟეტურ ხაზს რომ უწოდებდი. “ცნობიერების ნაკადის” ანალოგიით და მის საპირისპიროდ შეიძლება ვთქვათ, რომ ამ რომანში ცხოვრების წყალუხვი და მღვრიე ნაკადი მოედინება. უამრავი ადამიანის თავგადასავალი, ზოგი შედარებით ვრცლად, ზოგიც სხარტად და ლაკონიურად მოთხრობილი, ჩაივლის ჩვენ თვალწინ “ნაცრის კოშკის” კითხვისას. აქ არის თხრობა, ამ სიტყვის ჭეშმარიტი გაგებით: ნანახის, განცდილის, გაგონილის თხრობა, და ნაკლებად – თხზვა; უფრო, ამბები, ხშირად – ამაზრზენი, თავზარდამცემი, და ნაკლებად – ხასიათები; ბევრი და ხანგრძლივი ტანჯვა-წვალება, ცოტა და ხანმოკლე სიხარული (“ცხოვრება სავსე იყო უკეთურებით”, “მხოლოდ სიღარიბე და მოწყენილობა ითვლებოდა ნორმად”).

ეს თავგადასავლები, ეს ამბები, რომელთა უმეტესობა დამოუკიდებელი ნოველებივით იკითხება, ერთობლივად ეპოქის ლამის სრულყოფილ სახეს ქმნის, და იქნებ სწორედ ეპოქა იყოს “ნაცრის კოშკის” ერთადერთი პროტაგონისტი. ალბათ ეპოქის რაც შეიძლება მართალი სახის შექმნისკენ სწრაფვით აიხსნება ხალხში გავრცელებული ბანალური და ფრივოლური ანეკდოტური ფაბულების გამოყენება მწერლის მიერ, რომლებიც მკვეთრ კონტრასტს ქმნიან იმ რაფინირებულ ტექსტებთან, რომანის არისტოკრატიული წარმოშობის პერსონაჟთა ბაგეთაგან რომ წარმოითქმის. (ამ დაპირისპირებულობას ავტორი მეტაფორულადაც წარმოაჩენს: “თამარა დეიდას წრისა და თაობის ადამიანები საგრძნობლად განირჩეოდნენ ირგვლივ ამოთავთავებული უმრავლესობისაგან, დღევანდელი ქართველი ხალხის ერთფეროვან, უსახურ ყანად გაშლილი რომ მოსდებოდა მთასა და ბარს”).

გურამ გეგეშიძის მწერლური თვალთახედვისთვის დამახასიათებელია ჩუმი გაოცებით აღსავსე დამკვირვებლობა. თვით გაუგონარი სისასტიკე ან ვერაგობა, რომელთა უთვალავ ვარიაციას შეხვდებით ამ რომანში, აღშფოთებაზე მეტად მის გაოცებას იწვევს. წერის მანერაც ამ ჩუმი გაოცებით აღსავსე დამკვირვებლობის შესატყვისი აქვს: ამომწურავად გადმოსცემს სათქმელს, აზრს გულმოდგინედ არგებს სიტყვიერ სამოსს, მე-19 საუკუნის რეალისტების ყაიდაზე. მისთვის უცხოა ამჟამად ესოდენ გავრცელებული ენობრივი ექსცენტრიკა. (მე-19 საუკუნის ქართული პროზის სტილთან სიახლოვეზე მიგვანიშნებს წინადადების დაწყება პირის ნაცვალსახელს მიდევნებული ზმნით: “ის იყო მეტისმეტად ჩუმი ბიჭი, არც უნდილაძეებს ჰგავდა და არც ვარდანიძეებს”, “ისინი შეექცეოდნენ ფრანგულ ღვინოსა და კონიაკს”... მაგრამ ამ კონსტრუქციასაც ზომიერად მიმართავს, რათა პაროდია არ გამოუვიდეს).

რთული და წინააღმდეგობრივი აზრიც კი, თუ იგი ნათლად არის გაცნობიერებული, შეიძლება უაღრესად სადა და ბუნებრივი სიტყვებით გადმოიცეს:

“ალბერტი ხედავდა, რომ მხოლოდ საერთო წარმოშობა და სისხლისმიერი ნათესაობა არ იყო ადამიანთა გამაერთიანებელი და შემაკავშირებელი. უამრავი რამ ადასტურებდა ამას, თუნდაც რევოლუციები და სისხლიანი სამოქალაქო ომები, როცა ერთი მოდგმის ხალხი, ვერაგული სიძულვილით შეპყრობილი, დაუნდობლად ჟლეტდა ერთმანეთს. ამავე დროს, არსებობდა სამშობლოს სიყვარული, საკუთარი ენის მოალერსე ჟღერა, საკუთარი მიწის სალუქი სურნელი. ეს არ იყო ლიტონი ცნებები. ყოველივე ეს ალბერტმა ძალუმად იგრძნო გადასახლებიდან დაბრუნებისას, მატარებელმა საქართველოში რომ შემოაღწია და თითქოს მიწიდან ამომსკდარმა უჩინარმა სითბოს ნაკადმა გაალღო მისი დამზრალი სული. მაგრამ სწორედ ამ მიწაზე ერთ ენაზე მოსაუბრე ხალხს ერთმანეთის ქიშპობით და სიძულვილით რამდენი სისხლი დაუღვრია უაზროდ? თანამებრძოლნი და თანამოაზრენიც რამდენჯერ ქცეულან ერთმანეთის მტრებად შურისა და ქიშპობის გამო? მხოლოდ სიყვარული და სიყვარულის ნიადაგზე წარმოქმნილი ურთიერთპატივისცემა იყო ერთადერთი ძალა, რომელიც ადუღაბებდა ადამიანებს, მაგრამ იმაშიც დარწმუნდა, რომ სიყვარულიც კი განგების ძალით ეძლევა კაცს”.

სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრს როდი სჯერა, რომ მშობლიური ქვეყნის და მშობელი ხალხის ჭეშმარიტი სიყვარული კი არ გამორიცხავს, არამედ გულისხმობს ნაკლისთვის თვალის გასწორებას, მის გაცნობიერებას, აღიარებას – თუ მანკიერების დაძლევა გინდა. ამ რომანის ავტორს არ უჭირს ერთ ოჯახურ კონფლიქტზე თხრობისას მშვიდად განაცხადოს: “ხშირ შემთხვევაში ქართველთა დამოკიდებულება ფიზიკური შრომისადმი საკმაოდ მახინჯი და კუდაბზიკურია”.

ერთგან ასეთ რამეს ვკითხულობთ: “ყველა ერთმანეთს შინაურულად მიმართავდა, ყვაოდა ქართული ფამილარობა, ბევრს გულითადობა რომ ჰგონია” – ამ ჩინებული ფრაზით ზუსტად არის დახასიათებული სიტუაცია ბათუმის სასტუმროს კაფეში და, რაც მთავარია, ერთი ცნების მეორეთი მახვილგონივრული ჩანაცვლებით კიდევ ერთი ნაბიჯია წადგმული წინ “ქართული ფენომენის” შეცნობის გზაზე.

გაზ. “24 საათის” დამატება “წიგნები”, 19.06. 2002, #N1, გვ. 3-4.








Comments

Popular posts from this blog

ლევან ბრეგაძე - ბესიკ ხარანაულის „კარტოფილის ამოღება“

ლევან ბრეგაძე - ოთარ ჭილაძის „ჩანაწერები“

ლევან ბრეგაძე - კონსტანტინე გამსახურდიას ნოველა “მშვენიერება” და მისი მიმართება ფოლკლორულ წყაროებთან