ლევან ბრეგაძე - რითმა როგორც არგუმენტი
იური ლოტმანის აზრით, რითმა რომ სათანადოდ არ არის შესწავლილი, ამისი მიზეზი მისი რთული ბუნებაა. მკვლევარის სიტყვით:
„რითმა თანაბრად განეკუთვნება მეტრულ, ფონოლოგიურ და სემანტიკურ ორგანიზაციას. სხვა ლექსმცოდნეობით კატეგორიებთან შედარებით რითმა რომ სუსტადაა შესწავლილი, ეს მნიშვნელოვანწილად მისი ბუნების სირთულესთან არის დაკავშირებული“ (ი. მ. ლოტმანი, პოეტური ტექსტის ანალიზი. ლექსის სტრუქტურა. 1972, გვ. 61).
ზემოთ დასახელებული ფუნქციები რითმისა (და აგრეთვე მათზე დაფუძნებული მაორგანიზებელი ფუნქცია), რომელთა გამოც გარითმული ტექსტი გაურითმავზე ადვილი დასამახსოვრებელია, კარგად არის ცნობილი.
ჩვენი დაკვირვებით, რითმის კიდევ ერთი ფუნქცია ის არის, რომ რითმა არგუმენტია – გარითმული ტექსტით გადმოცემული აზრის მართებულობაში რეციპიენტთა (მკითხველთა, მსმენელთა)
დასარწმუნებელი არგუმენტი. ცხადია, აზრის მართებულობის დასტურად ასეთი არგუმენტის მოხმობა რეციპიენტის ცნობიერებას სასაცილოდაც არ ეყოფა, მაგრამ ცნობიერების გარდა არაცნობიერიც არსებობს.
ამიტომ დავაზუსტოთ:
რითმა გარითმული ტექსტით გადმოცემული აზრის მართებულობაში რეციპიენტთა დასარწმუნებელი არგუმენტია, განკუთვნილი არა აღმქმელის ცნობიერებისთვის, არამედ მისი არაცნობიერისთვის.
კონვენციური ლექსის ისეთი თვალშისაცემი (აქ ალბათ უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით – ყურშისაცემი) ელემენტი, როგორიცაა რითმა, რეციპიენტთა (მკითხველის, მსმენელის) ემოციურად დამუშავების საშუალებაა, მისი მეშვეობით ისეთი ემოციური ფონის შექმნა ხერხდება, რომელიც ხელს უწყობს გადმოცემული აზრის დამაჯერებლობის გაძლიერებას, რასაც მეტი მნიშვნელობა მაშინ ენიჭება, როცა ავტორს სურს პარადოქსული შეხედულება “შემოგვაპაროს”, ვთქვათ, აი ასეთი, მრავალთათვის ყოვლად მიუღებელი, თვალსაზრისი: რასაც სხვას (სხვებს) მისცემ, ის არის შენი, ხოლო რასაც შენთვის დაიტოვებ (დაინარჩუნებ), ის გინდაც წყალში გადაგიყრია.
ვიდრე ამ პარადოქსულ აზრს მოგვახლიდეს (და ეგოისტური ინსტინქტებით შეპყრობილთ ანგელოზებს დაგვიფრთხობდეს), მანამდე პოეტი მთავარ სათქმელთან მეტ-ნაკლებად დაკავშირებულ უდავო ან ნაკლებ სადავო დებულებებს შეგვახსენებს, რათა თავისი უმთავრესი სათქმელისთვის შეგვამზადოს.
I დებულება: “მეფეთა შიგან სიუხვე, ვით ედემს ალვა, რგულია” (რეციპიენტი თანახმაა: რატომაც არა! მეფე (კარგი მეფე), ცხადია, გულუხვი უნდა იყოს. თან გუნებაში ფიქრობს: რა მენაღვლება, მე ხომ მეფე არა ვარ!);
II დებულება: “უხვსა ჰმორჩილობს ყოველი, იგიცა, ვინ ორგულია” (უდავოა: მორჩილება, რომელიც კარგად ნაზღაურდება, საიმედოა);
III დებულება: “სმა-ჭამა – დიდად შესარგი, დება რა სავარგულია?!” (ამ აზრს სიამოვნებით დაეთანხმება ყველა, ვისაც დღევანდელი კვერცხი ურჩევნია ხვალინდელ ქათამს, ასეთნი კი უმრავლესობას შეადგენენ);
და ბოლოს ის პარადოქსული მაქსიმა, რომელიც ამ სტროფის უმთავრესი სათქმელია:
“რასაცა გასცემ, შენია; რასც არა, დაკარგულია!”
ვიდრე ჩვენ ამ სტროფში წარმოდგენილი დებულებების აზრს ვუკვირდებოდით, რითმა (ალვა, რგულია // ვინ ორგულია // სავარგულია // დაკარგულია) ჩვენს არაცნობიერზე ახდენდა ზემოქმედებას, არაცნობიერზე, რომელიც, როგორც ცნობილია, “ბავშვის ლოგიკით“ ხელმძღვანელობს, – ასე “მსჯელობს”: რაც ახლა მითხრეს, ეს რომ სიმართლე არ იყოს, სრულიად განსხვავებული სემანტიკის მქონე, მაგრამ მსგავსი ჟღერადობის სიტყვათა გამოყენებით სათქმელი ასე მწყობრად როგორ ჩამოყალიბდებოდა!
რის გადმოსაცემადაც ახლა ამდენი სიტყვა დავხარჯეთ (“...სრულიად განსხვავებული სემანტიკის მქონე, მაგრამ მსგავსი ჟღერადობის სიტყვათა გამოყენებით სათქმელი ასე მწყობრად როგორ ჩამოყალიბდებოდა!”), შესაძლოა უფრო მოკლედ ამგვარად გადმოიცეს: ...სათქმელი ასე ჰარმონიული ფორმით როგორ ჩამოყალიბდებოდა!
ახლა დავსვათ კითხვა: ფორმის ჰარმონიულობას მიიჩნევს არაცნობიერი გადმოცემული აზრის სისწორის დასტურად?
ასე ჩანს.
ხოლო თუ ასეა, რა არქეტიპი უდევს საფუძვლად ამ მოვლენას? (მოგეხსენებათ, კოლექტიური არაცნობიერი არქეტიპებს ემორჩილება, არქეტიპებს ეყრდნობა, არქეტიპი კი, კ. გ. იუნგის განმარტებით, “წარმოადგენს (...) არქაული ხასიათის მკაცრად შემოსაზღვრულ სტრუქტურას, რომელიც როგორც ფორმით, ისე მნიშვნელობით მითოლოგიური მოტივების შემცველია”.
არქეტიპი ჩვენთვის საინტერესო შემთხვევაში არის პირველყოფილი ადამიანის წარმოდგენა ქაოსისა და კოსმოსის, ქაოსიდან კოსმოსის წარმოშობის შესახებ. ქაოსი (ანუ უწესრიგობა, დისჰარმონია) ასოცირებულია უაზრობასთან, საზრისის უქონლობასთან, კოსმოსი (ანუ წესრიგი, ჰარმონია) კი – აზრთან (მართებულ აზრთან), საზრისთან.
პირველყოფილი ადამიანისთვის სადაც ჰარმონიაა, იქ აზრიც არის – ღირებული აზრი – და არამარტო პირველყოფილი ადამიანისთვის.
აი საგულისხმო ციტატა გერმანული ვიკიპედიიდან:
“ცნება “ჰარმონია”, როგორც წესი, იქ გამოიყენება, სადაც ცალკეული ობიექტების ან მათი ნაწილების დალაგებაში გარკვეული კანონზომიერების გარდა აზრსაც, ღირებულებასთან მიმართებასაც ვარაუდობენ. ამ მიზეზით ბუნებისმეტყველთა უმეტესობა ამ ცნების გამოყენებას თავს არიდებს”.
გასაგებია, რატომაც არიდებენ ბუნებისმეტყველნი თავს თავიანთი მოღვაწეობის სფეროში ცნება “ჰარმონიის” გამოყენებას: რათა არ შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ ბუნების არაჰარმონიული მოვლენა, ასე ვთქვათ, დაბალი ხარისხის, დაბალი კატეგორიის მოვლენაა ჰარმონიულთან შედარებით, ხოლო ის, რაც უფრო ჰარმონიულია, უფრო აზრიანი და უფრო ღირებულიც არის; თვით სიტყვა ჰარმონია გვიბიძგებს ასეთი გაგებისაკენ.
პოეზია, ხელოვნება კი ბუნებისმეტყველება არ არის და პოეტიკაც და ესთეტიკაც ჰარმონიის ცნებას აქტიურად იყენებს.
ჰარმონიულობას, ცხადია, რიტმიც ქმნის, მეტრიც, ალიტერაციაც, მაგრამ ყველაზე უკეთ ამას რითმა ახერხებს, ვინაიდან ის კარგა ხანია ლექსის ყველაზე მარკირებული ელემენტია იმის გამო, რომ, როგორც ზემოთ ითქვა, იგი “თანაბრად განეკუთვნება მეტრულ, ფონოლოგიურ და სემანტიკურ ორგანიზაციას” (ი. ლოტმანი). რითმიანი ლექსის გაჩენამდე სათქმელის ფორმის ჰარმონიზაცია, უწინარეს ყოვლისა, სალექსო საზომს ანუ მეტრს ევალებოდა. რითმა კი მაშინაც გვიქმნის ჰარმონიულობის შთაბეჭდილებას, როცა ის ლექსის მეტრულად მაორგანიზებელი არ არის ანუ არ ზის თანაბარზომიერი მეტრული მონაკვეთების ბოლოს. მრავალი ანდაზის მეტრულ დისჰარმონიას ორი გარითმული სიტყვის ჰარმონია ანაზღაურებს:
“შიმშილმა ხმელი არ იცის და სიცივემ ძველიო”, “ბარეო და, როცა დაიღალო, სარეო!”;
“У брюха нет ни ушей ни уха”, “Не гонкой волка бьют, уловкой”;
“Ach steigt aufs schönste Dach”, “Allen muß man nicht gefallen”,
“Wer den Acker sät, der mäht”.
შეიძლება თქვან: აზრის სისწორის დასტურად რითმის მოშველიება იმდენად აბსურდული რამ არის ცნობიერებისთვის, რომ ამ ხერხით არაცნობიერზე ზემოქმედების იმედიც არ უნდა გვქონდეს. ვინც ასე იფიქრებს, იმის მსგავს შეცდომას დაუშვებს, როგორსაც ისინი უშვებენ, ვისაც ჰგონია: რაკი გაცნობიერებული მაქვს (კარგად ვიცი), რომ რეკლამას არ უნდა ენდო, ამიტომ ჩემზე რეკლამა ზემოქმედებას ვერ მოახდენსო. მაინც ახდენს. ამ შემთხვევაში არქეტიპს ხდომილების სიხშირის ხდომილების მართებულობასთან გაიგივება წარმოადგენს („ხალხს სრულიად წარმოუდგენელი რამეებისა სჯერა,
თუკი ისინი მეორდება“, –
წერს ერთგან ჯილბერტ ჩესტერტონი), მაგრამ ეს ჩვენს აჟამინდელ თემას სცილდება.
ჟ. „სჯანი“, 2007, #8.

Comments
Post a Comment