ლევან ბრეგაძე - ლიტერატურული პარალელები

1. 
თომას მანის ნოველაში, რომელსაც “მარიო და ჯადოქარი” ჰქვია, ასეთი ამბავია მოთხრობილი: 

იტალიის ერთ პატარა საკურორტო ქალაქში საგასტროლოდ ჩადის ჰიპნოზიორი ილუზიონისტი ჩიპოლა – ფიზიკურად მახინჯი (კუზიანი), ყველასა და ყველაფერზე გაბოროტებული, თავხედი, ცინიკოსი და ამავე დროს, თავისი საქმის ჭეშმარიტად დიდებული ოსტატი, რომელიც ბოროტად იყენებს ადამიანებზე ზემოქმედების უნარს, აიძულებს მათ ათასგვარი უხამსობა ჩაიდინონ და დიდ სიამოვნებას განიცდის სანახაობაზე მოსულთა გამასხარავებით. 

უცნაური ვითარება იქმნება: მაყურებლები აშკარა სიძულვილით იმსჭვალებიან თავგასული არტისტის მიმართ, მაგრამ ვერაფრით დაუღწევიათ თავი მისი მომნუსხველი ზეგავლენისაგან, ერთდროულად კიდეც ეზიზღებათ და აღტაცებულნიც არიან მისი ხელოვნებით. 

დარბაზში არის ერთი ახალგაზრდა ოფიციანტი, სახელად მარიო, რომელიც, ეტყობა, ყოველივე იმის მიმართ, რაც მის თვალწინ ხდება, ერთობ სკეპტიკურად და გულგრილად არის განწყობილი. ილუზიონისტი ხვდება, რომ ვერ მოახერხა ამ ჭაბუკის დამორჩილება და გადაწყვეტს უფრო გულმოდგინედ მოსინჯოს მისი ნებისყოფა. იგი მას სცენაზე ასვლას სთავაზობს. მარიო თანხმდება ამ გამოწვევას. დიდი გარჯისა და ჯაფის შემდეგ ჩიპოლამ მოახერხა მარიოს გადაყვანა ჰიპნოზურ მდგომარეობაში, შთააგონა მას, შენი სატრფო ვარო (ამასობაში მან გამოარკვია, რომ მარიო უიმედოდ იყო შეყვარებული ერთ ადგილობრივ ტურფაზე), საალერსოდ გამოიწვია ჭაბუკი და... მარიომ აკოცა ამ სიმახინჯის განსახიერებას. გამასხარავებული ყმაწვილკაცი მაყურებელთა დარბაზში ბრუნდება, ფხიზლდება, რევოლვერს იღებს და ორი გასროლით კლავს ილუზიონისტს. 

თავმოყვარეობაშელახული მაყურებლის მიერ სცენაზე მოკლული ილუზიონისტის ამბავი ქართულ ლიტერატურაშიც გვხვდება. მხედველობაში მაქვს აკაკი ბელიაშვილის ნოველა “ქემეთ ქალდანი”.

 სოფელში ჩადის გასტროლიორი ილუზიონისტი ბისკაიო და კლუბად გადაკეთებულ ეკლესიაში მართავს წარმოდგენას. მაყურებელთა შორის იმყოფება სოფლელი ჭაბუკი ქემეთ ქალდანი. იგი პირველ რიგში მოკალათებულა, ქალაქიდან დასასვენებლად ამოსულ გოგოებს მისჯდომია გვერდით და ყოველნაირად ცდილობს დაიმსახუროს მათი ყურადღება. 

მსახიობმა მალე მოახერხა მაყურებელთა გულის მოგება, დარბაზი ყოველ ნომერს ოვაციებით ხვდება. მარტო ქემეთს არ სჯერა მისი: ტყუილია! გვატყუებს! – წამდაუწუმ გაიძახის იგი. ბისკაიომ თავისი შენიშვნებით ადვილად შეძლო მაყურებელთა სამასხარაოდ ექცია ეს “ურწმუნო თომა”. 

ბოლოს ილუზიონისტმა თოფი გამოიტანა, ქემეთს გაუწოდა და უთხრა: რაკი ისეთი მაყურებელი ვნახე, ვისაც ჩემი არ სჯერა, გადავწყვიტე თავი აღარ ვიცოცხლო და შენ თვითონვე მესროლე დარბაზის ბოლოდანო. ქემეთმა თოფი კარგად გასინჯა, გატენა, დაუმიზნა და ჩახმახს მოსწია. თოფმა იქუხა, ბისკაიომ კი ხელით “დაიჭირა” ტყვია და მაყურებელს აჩვენა. უცბად, ტაშის გრიალში, ხალხმა შენიშნა როგორ ეცვალა ფერი მსახიობს: ქემეთს თავისი დამბაჩა ამოეღო და ბისკაიოს უმიზნებდა. “აბა, ეს ტყვიაც დაიჭირე, თუ კარგი ბიჭი ხარ!” – დაიძახა მან, გაისმა სროლის ხმა და გულგანგმირული ილუზიონისტი სცენაზე გადმოეკიდა. 

თომას მანის ნოველა 1930 წელს გამოქვეყნდა, აკაკი ბელიაშვილისა – 1935 წელს. დიდ მსგავსებასთან ერთად, ამ ნოველებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაც შეინიშნება, რაც იმაზე მეტყველებს, რომ “ქემეთ ქალდანის” ფაბულა “მარიო და ჯადოქარისაგან” დამოუკიდებლად არის მოფიქრებული. თომას მანის ნაწარმოებისაგან განსხვავებით, ქართულ ნოველაში ორი იარაღი ფიგურირებს: ერთი ბუტაფორიული, მეორე ნამდვილი. ქემეთი ბისკაიოს მიერ ჩატარებულ ნომერს განაგრძობს, ოღონდ თავისებურად, რაც ამბავს უფრო ანეკდოტურს, უფრო ნოველურს ხდის. ბისკაიო საბედისწერო გაუგებრობის გამო იღუპება, გულუბრყვილო მაყურებლის მსხვერპლი ხდება, ჩიპოლას სიკვდილი კი სამართლიანი შურისძიების აღსრულებაა. 

თომას მანის ნოველას ნამდვილად მომხდარი ამბავი დაედო საფუძვლად. მწერალი 1926 წელს მართლა ისვენებდა იტალიაში, სადაც იმ დროს უკვე ფაშიზმი ბატონობდა. მას თვითონ გადახდა თავს ყველა ის უსიამოვნება, რაც ნოველის ექსპოზიციურ ნაწილშია მოთხრობილი. ერთი კრიტიკოსისადმი მიწერილ ბარათში იგი აღნიშნავს: “ჯადოქარის” ამბავიც ნამდვილია და იგი ზუსტად ისე იქცეოდა, როგორც აღწერილი მაქვს. გამოგონილია მხოლოდ ლეტალური დასასრული: სინამდვილეში, კოცნის შემდეგ გამასხარავებული და შერცხვენილი მარიო გაიქცა, ხოლო მეორე დღეს, როცა ისევ მოგვართვა ჩაი, მეტად კმაყოფილი ჩანდა და დიდად აქებდა “ჩიპოლას” ხელოვნებას... მაგრამ მე, ჩემდათავად, გასროლაც არ გამომიგონებია: როცა იმსაღამოინდელ ამბავს ვყვებოდი, ჩემმა უფროსმა ქალიშვილმა თქვა: “არ გამიკვირდებოდა, ეგ ილუზიონისტი იმ ჭაბუკს იქვე რომ მიესიკვდილებინაო”. მხოლოდ ამ წამიდან იქცა ჩემ მიერ იტალიაში ნანახი და განცდილი ნოველადო, დასძენს თომას მანი. 

“მარიო და ჯადოქარს” სიმბოლური მეორე პლანიც აქვს. ეს ნაწარმოები არსებითად ფაშიზმის წინააღმდეგ არის მიმართული (ფაშიზმის სიმბოლო ჰიპნოზიორი ჩიპოლაა). ამგვარი დასასრულით თომას მანმა სრულიად გარკვევით განაცხადა, რომ არ არსებობს ფაშიზმისაგან თავდახსნის სხვა გზა, გარდა მისი ფიზიკური განადგურებისა. ნოველის გამოქვეყნებიდან თხუთმეტი წლის შემდეგ ცხოვრებამ სავსებით დაადასტურა დიდი მწერლის ამ წინასწარმეტყველების სისწორე.

2. 
ახალგაზრდა კაცი, სტუდენტი, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ერთ მშვენიერ დღეს მისი ოთახის მომიჯნავე პატარა ოთახი ახალგაზრდა ქალმა დაიქირავა. იგი ჭაბუკს პირველი დანახვისთანავე თვალში მოუვიდა, მაგრამ იმასაც მიხვდა, რომ ამგვარი მეზობლობის პირობებში მეცადინეობა ყოვლად შეუძლებელი ხდებოდა, მით უმეტეს, როდესაც თხელი კედელი ვერავითარ წინააღმდეგობას ვერ უწევდა გვერდით ოთახში წარმოქმნილ ბგერებს. გადაწყვიტა პირველ ხანებში დაჟინებით ესმინა და ყური შეეჩვია ხმაურისათვის, რათა შემდეგ იქნებ გაიოლებოდა წიგნის კითხვა. წევს და მკაფიოდ ესმის მცირედი გაფაჩუნებაც კი, თითქოს ხედავს კიდეც ქალის ყოველ მოძრაობას. აი იგი ადგა, დაჯდა, რაღაც ნივთს მოუცვალა ადგილი, გაიარ-გამოიარა. შემდეგ გარეთ გავიდა, კარი მიიხურა, მაგრამ, როგორც ჩანს, მალევე შემობრუნდა, რადგან შრიალი გაისმა: აჰა, წიგნს ფურცლავს. მერე რაღაცამ გაიწკარუნა და ისევ შრიალი ესმის – ეტყობა, ჩემოდანი გახსნა და თეთრეული ამოალაგა, ლოგინი გაშალა. საწოლი მათი ოთახების გამყოფ კედელზე მიუდგამს. რაღაც ენიშნა ჭაბუკს: ამით ნამდვილად ჩემი ყურადღების მიპყრობა უნდაო, – გაიფიქრა. ისევ შრიალი: კაბას იხდის, თმებს ივარცხნის, დაწვა... სტუდენტმა ვეღარ გაუძლო ცდუნებას, ზიარ კედელში დატანებულ ჩარაზულ კარს ეცა, შეამტვრია და ქალის ითახში ამოყო თავი. 

ოთახი არავინ იყო, ლოგინიც აუშლელი დაუხვდა. მიიხედ-მოიხედა და ხელად აღმოაჩინა მისი გამაღიზიანებლი ხმაურის წყარო: 

“ფანჯრის ერთი ნახევარი ცოტაზე გამოღებული აღმოჩნდა, ოთახში სიო შემოდიოდა, მეორე მიხურული ნახევრის ფარდას ალმაცერად ხვდებოდა და შრიალ-ფრიალით არხევდა”. 

ასეთია ლეო ქიაჩელის ნოველის “შეურაცხყოფილის” (1918 წ.) შინაარსი. 

ჩვენ მიერ სქემატურად გადმოცემული ამბავი მწერალმა საუცხოოდ გამოიყენა ფილოსოფიური განზოგადებისთვის. სანამ თავის ამ “თავგადასავალს” მოგვიყვებოდეს, ნოველის გმირი ასეთ ფიქრებს გვიზიარებს: “იქნებ ის, რაც ჩვენ ასე გვიზიდავს ცხოვრებაში, რაც ამდენ აღტკინებას იწვევს ჩვენში და ხშირად თავსაც კი გვაწირინებს, თავისთავად არაფრად ღირდეს და ისეთი სრულიად უმნიშვნელო რამ იყოს, ვთქვათ, როგორც ჩხირის გატეხვა ან ღია ფანჯარაზე ჩამოფარებული ფარდის შრიალი ნიავის გაქროლებაზე”. 

ამ ნოველაში მოთხრობილი ამბავი ძალიან მოგვაგონებს გოეთეს ერთ პატარა ლექსს, რომელსაც “ილუზია” (“ზელბსტბეტრუგ”) ჰქვია. აი ამ ლექსის შინაარსი: 

“ჩემი მეზობელი გოგონას ფანჯარაზე ფარდა ირხევა. როგორც ჩანს, იგი იქიდან მითვალთვალებს – სურს გაიგოს შინ ვარ თუ არა, უნდა გამოიცნოს ჩემს გულში ანთია თუ არა მისდამი სიყვარული. მაგრამ, სამწუხაროდ, მშვენიერ არსებას არაფერი ამის მსგავსი არა აქვს გუნებაში: მისი ფანჯრის ფარდას საღამოს ნიავი ეთამაშება და არხევს”. 

განსხვავება ის არის, რომ გოეთეს ლექსის ლირიკული „მე“-ს ილუზია მხედველობითია (იგი ხედავს შერხეულ ფარდას), ნოველის გმირის კი – სმენითი. 

ამ მშვენიერ ლექსში ძალზე უპრეტენზიოდ გადმოცემული ანეკდოტური ამბავი ლეო ქიაჩელთან სერიოზული დაფიქრების საგანი ხდება. “ამხანაგებო, არსებობს თუ არა მოვლენა, გინდ ქვეყნიერება თავისთავად ან, როგორც გერმანელები იტყვიან, “ან ზიხ”, თუ იგი ჩვენი ფანტაზიის ნაყოფია? რანაირია იგი თავისთავად და რანაირია იგი, როგორც ჩვენი ფანტაზიის ნაყოფი?” – ასე სვამს საკითხს მთხრობელი ნოველის დასაწყისში. ფაბულის ამგვარად გააზრების შედეგად მივიღეთ შესანიშნავი ფილოსოფიური ნოველა, რომელიც ნებისმიერი დიდი მწერლის შემოქმედებას დაამშვენებდა. 
1979 წ.


Comments

Popular posts from this blog

ლევან ბრეგაძე - ბესიკ ხარანაულის „კარტოფილის ამოღება“

ლევან ბრეგაძე - ოთარ ჭილაძის „ჩანაწერები“

ლევან ბრეგაძე - კონსტანტინე გამსახურდიას ნოველა “მშვენიერება” და მისი მიმართება ფოლკლორულ წყაროებთან