ლევან ბრეგაძე - პირველი ქართული დეტექტივი



როგორც ცნობილია, დეტექტიურ ჟანრს, კრიმინალური ლიტერატურის დამოუკიდებელ სახეობას, საფუძველი ედგარ ალან პომ ჩაუყარა ნოველით “ორმაგი მკვლელობა მორგის ქუჩაზე” (1841 წ.; შემდეგ კიდევ რამდენიმე დეტექტივი გამოაქვეყნა). ედგარ პომდე ამ ჟანრის მხოლოდ ცალკეული ელემენტებია შენიშნული მკვლევართა მიერ. ამის შესახებ საყურადღებო წერილი აქვს გამოქვეყნებული კინორეჟისორსა და კინოდრამატურგს, სათავგადასავლო ლიტერატურის შესანიშნავ მცოდნეს ლეონიდ ტრაუბერგს (“ნაუკა ი ჟიზნ”, 1965, N8). დეტექტივის ელემენტებს იგი ამჩნევს ჰომეროსთან (ოდისევსის მოხერხებულობა), სოფოკლეს “კვალის მაძიებლებში” (ჰერმესმა აპოლონს ძროხები მოჰპარა, სატირები ნაკვალევის მიხედვით ეძებენ გატაცებულ საქონელს. ჰერმესმა ეშმაკურად აუბნია მათ კვალი და თავი დააღწია მდევრებს. აქ დამნაშავე იმარჯვებს, რაც არ არის დამახასიათებელი დეტექტივისთვის). იქვე ლ. ტრაუბერგი საუბრობს ვოლტერის “ზადიგზეც”, რომლის მთავარი გმირი, სხვათა შორის, დედუქციის უნარითაც არის დაჯილდოებული: “ დედოფლის ხვადი ფინია ხომ არ დაგინახავთ?” – ეკითხებიან მსახურები გზად შემოყრილ ზადიგს. “იგი ძუკნა გახლავთ და არა ხვადი” , – მიუგო ზადიგმა. “ერთი ციდა ფინიაა... დიდი ხანი არაა, რაც ლეკვები დაყარა, წინა მარცხენა ფეხით კოჭლობს და ძალიან გრძელი ყურები აქვს”. “– სად ნახეთ? – წამოიყვირა აქოშინებულმა საჭურისმა”. “– არსად! – მიუგო ზადიგმა, – ძაღლი თვალით არ მინახავს და არც ის ვიცოდი, დედოფალს ძუკნა თუ ჰყავდა...” (ნუნუ ქადეიშვილისა და რუსუდან დოდაშვილის თარგმანი).

(ნაკვალევის გენიალური წამკითხველის მოტივი ქართულ ფოლკლორსა და XVII საუკუნის ქართული პროზის ჩინებულ ძეგლში “რუსუდანიანშიც” გვხვდება. ამის შესახებ იხ. ალექსანდრე ღლონტის “ვოლტერი და ქართული ზღაპარი” გაზ. “სიტყვა ქართული”, 1993, N6, გვ. 13-14]. ამავე მოტივის შემცველი ეპიზოდით იწყება უმბერტო ეკოს “ვარდის სახელიც”).

ზადიგს მართლა არ უნახავს ძაღლი, მისი ნიშნები და თვისებები მან ნაკვალევზე ამოიკითხა. “ვოლტერს არ შეუქმნია ჟანრი, – აღნიშნავს ლ. ტრაუბერგი – მაგრამ მის ზადიგს აქვს დედუქციის უნარიც და დეტექტივის დამკვირვებლობაც”.

დიახ, ვოლტერს არ შეუქმნია დეტექტიური ჟანრი. ეს არ არის დეტექტივი თუნდაც იმიტომ, რომ აქ საქმე არა გვაქვს დანაშაულთან: დედოფლის ძაღლი და შემდეგ ცხენიც (რომლის ნიშნებიც ასევე ამოიცნო ზადიგმა), არავის მოუპარავს, ისინი თვითონ გაექცნენ მსახურებს.

რა თქმა უნდა, არცერთი ეს ნაწარმოები ნამდვილ დეტექტივს არ განეკუთვნება, რადგან არცერთ მათგანში არ არის ერთობლივად წარმოდგენილი ამ ჟანრისთვის სავალდებულო ელემენტები, როგორც ეს ედგარ პოსთან გვაქვს: 1. საიდუმლოებით მოცული დანაშაული და 2. საიდუმლოებით მოცული დანაშაულის გახსნა პიროვნების მიერ, რომელიც გამოირჩევა დაკვირვების არაჩვეულებრივი უნარით, მახვილგონიერებით, ძლიერი დედუქციური აზროვნებით, ადამიანის ფსიქოლოგიის ღრმა ცოდნით.

ამ მცირე ექსკურსის შემდეგ გავიხსენოთ სულხან-საბა ორბელიანის ნოველა “გრძნეული ცოლის პატრონი”, წიგნიდან “სიბრძნე სიცრუისა”.

ისპაჰანში ცხოვრობდა ერთი საწყალი კაცი, რომელსაც ფლიდი და გაიძვერა ცოლი ჰყავდა. ქმარს თავს წმინდანად აჩვენებდა (გამუდმებით ყურანს კითხულობდა, დღეში ხუთჯერ ლოცულობდა, ნასვამი წყლით ხელს არ დაიბანდა), სინამდვილეში კი გარყვნილი ადამიანი იყო და ჩუმად ღალატობდა მეუღლეს. ერთხელ ქმარი ბაღდადს მიმავალ ქარავანს გაჰყვა. ქარავანი მცირე ხნით შებრკოლდა და რადგან ისპაჰანს შორს არ იყვნენ გაცილებულნი, კაცი ღამის გასათევად შინ მობრუნდა. გარედანვე დაინახა, მისი ცოლი საყვარელთან ერთად ქეიფობდა. ამ აღმოჩენით გულმოკლული სახლში აღარ შესულა, უკანვე გაბრუნდა, მიატოვა ოჯახი და ბაღდადს დამკვიდრდა, სადაც წყლის ზიდვით ირჩენდა თავს.

ბაღდადში ამ დროს მძარცველთა ბანდა მოქმედებდა. სახლი აღარ დარჩა გაუძარცვავი, აოხრდა მთელი ქალაქი. ხალიფამ თავის მცველებს განუცხადა: “თუცა მპარავნი არ მიპოვნოთ... მუცლებს დაგიპობ ყოველთაო!”.

მცველებმა ვერ იპოვეს დამნაშავენი და სასჯელისაგან თავის დასაღწევად ეს საწყალი, ისპაჰანიდან გადმოხვეწილი წყლის მზიდავი შეიპყრეს და მას დააბრალეს ქურდობა. კაცმა მოითხოვა: ერთი კვირა მადროვეთ, იქნებ ქურდი ვიპოვო, თუ არადა, სად წაგივალთო. გადაუვადეს მცირე ხნით შეპყრობა. დადის ქალაქში ისპაჰანელი ლტოლვილი და აღარ იცის, რა ქნას. ერთხელაც დაინახა ქუჩაში ვიღაც მობრძანდება, წინ ორი მსახური მოუძღვის და ცოცხებით გვიან იმ ადგილს, სადაც მან ფეხი უნდა დაადგას. იკითხა, ვინ არის ეს ან რატომ უგვიან ქუჩას ყოველი ნაბიჯის გადადგმაზეო. აუხსნეს: ეს არის აქაური უმაღლესი სასულიერო პირი, სადრი, უწმინდესი ადამიანი, ამისი ლოცვით უდგას ქვეყანას სული, წვიმა და მოსავალიც ამისი ლოცვით მოდისო.

ისპაჰანელმა იფიქრა, ეს უნდა იყოს ამ ქალაქის მომთხრელი ქურდიო. მისდია, შეიპარა მის სახლში და დარწმუნდა, რომ მართლაც სადრი ყოფილა ბანდის უფროსი.

მოახსენა ეს ამბავი მცველებს, რომლებმაც იგი თავიდან, რა თქმა უნდა, საცინლად აიგდეს. დიდი ჯაფა დაადგა, ვიდრე ჯერ მცველებს და შემდეგ ხალიფას სადრის დანაშაულში დააჯერებდა, მაგრამ ბოლოს მაინც გაიტანა თავისი. სადრი შეიპყრეს და “რაც ეკადრებოდა, უყვეს”.

და, აი, ეკითხებიან საწყალ თულუხჩს, როგორ გამოიცანი, რომ სადრი ყოფილა მძარცველიო. ჩემი ცოლის პატრონს მაგისი მიხვედრა გამიჭირდებოდაო? – მიუგო მან და მოუთხრო მათ თავისი ფარისეველი, ვითომ წმინდანი ცოლის ამბავი, რომელსაც ნოველის დასაწყისში გავეცანით.

აქ, უპირველეს ყოვლისა, ძალიან მნიშვნელოვანია ავტორისეული მინიშნება დანაშაულის გრანდიოზულ მასშტაბზე: “ბაღდადის ქალაქში ასეთი ქურდობა შეიქმნა, სახლი დაუთხრელი არ დარჩა. აოხრდა მთელი ქალაქი იგი”. ამან უნდა აფიქრებინოს გასაჭირში ჩავარდნილ ისპაჰანელს, რომ ჩვეულებრივ, რიგით დამნაშავესთან არ უნდა ჰქონდეს საქმე. ჩვეულებრივი დამნაშავე ასე ვერ იპარპაშებდა. მიუხედავად დიდი მცდელობისა, დანაშაულობები იმიტომ რჩება ამდენ ხანს გაუხსნელი, რომ მათ ისეთი ადამიანი სჩადის, ვისზედაც ყველაზე ნაკლებ შეიძლება ეჭვის მიტანა.

შემდეგ აღსანიშნავია ორი საუცხოო დეტალი, ფარისევლობის ზენიტის გამომხატველი: 1. ცოლი ნასვამი წყლით ხელს არ იბანს, ისეთი “წმინდანია”, 2. სადრის ყოველი ფეხის გადადგმაზე მსახურები ქვეყნის დასანახავად ცოცხით წმენდენ იმ ადგილს, სადაც ამ “ წმინდა” კაცმა უნდა დააბიჯოს. წმინდანად თავის წარმოჩენის მეტისმეტი და დაჟინებული მცდელობა მეტისმეტი გარყვნილების საფარია.

დეტექტიურ ლიტერატურაში გათვითცნობიერებული ადამიანი უთუოდ მიხვდება, რომ საქმე გვაქვს ჯილბერტ ჩესტერტონისებურ დეტექტიურ ნოველასთან. აი, რას წერს ჩესტერტონის (1874-1936) დეტექტივებზე ნ. ტრაუბერგი რუსული გამოცემის ბოლოსიტყვაობაში (მ., 1967):

“იქნებ ჩესტერტონის მოთხრობები ეს არის დეტექტივი პლუს ფსიქოლოგია? საყოველთაოდ მიღებული აზრით, მათი თავისებურება ისაა, რომ ბრაუნი და ფიშერი (ჩესტერტონის პერსონაჟები. – ლ. ბ.) სამხილთა საძიებლად ლუპამომარჯვებულნი კი არ დახოხავენ, არამედ ცდილობენ ჩასწვდნენ დამნაშავის ფსიქოლოგიას. როგორც არ უნდა იყოს, ამ სიახლის შემოტანის პატივს არაიშვიათად ჩესტერტონს მიაგებენ – ეტყობა, ეს მას სხვებზე უკეთ და დამაჯერებლად გამოუვიდა”.

კიდევ რამდენიმე ციტატა ამავე ბოლოსიტყვაობიდან:

“ჩესტერტონის მხურვალე თაყვანისმცემელი, კრიტიკოსი რონალდ ნოკსი წერს: “...მოთხრობები ბრაუნზე არ შეიძლება ხელაღებით მივაკუთვნოთ დეტექტივებს: ეს არის დეტექტივი და კიდევ რაღაც. როგორც ყოველთვის, ჩესტერტონმა ისე გაჭედა ჩემოდანი, რომ ღვედები აღარ იკვრება; სენდვიჩში მეტისმეტად ბევრი ხორცი ჩადო”.

ეს სიტყვები სრული უფლებით შეიძლება გავიმეოროთ საბას ამ ნოველის მიმართაც.

“ჩესტერტონი მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ასწავლიდა ადამიანებს ცხოვრებას და ახლაც მისი სახელი საბრძოლო ნაღარის მოწოდებას ჰგავს... ჩესტერტონის მოთხრობები აღსავსეა განსაცვიფრებლად ღრმა და ბრძნული აზრებით ცხოვრებაზე” (იქვე).

ესეც თითქოსდა საბაზე ყოფილიყოს თქმული!

როგორც ცნობილია, ს.-ს. ორბელიანის მრავალ იგავსა და ნოველას ანალოგი თუ პარალელი მოეპოვება მსოფლიო ლიტერატურის სხვადასხვა ძეგლში. რა ვითარებაა ამ მხრივ ჩვენთვის საინტერესო ნოველასთან დაკავშირებით? “სიბრძნე სიცრუისას” 1939 წლის რუსული გამოცემის (გამომცემლობა “ზარია ვოსტოკა”) კომენტარებში სოლომონ იორდანიშვილი წერს:

“მოთხრობა აგებულია სპარსულ ანეკდოტზე, რომლის დანიშნულებაა ისპაჰანელთა ჭკუისა და მოხერხებულობის შექება. ორბელიანმა მოთხრობა (უნდა იყოს “ანეკდოტი”. – ლ. ბ.) გარდაქმნა ბაღდადის უმაღლესი სასულიერო წრის წარმომადგენლის, სადრის წინააღმდეგ მიმართულ სატირად”.

ეს კომენტარი ზურაბ ავალიშვილის მოსაზრებას ემყარება, რომელიც მკვლევარმა “სიბრძნე სიცრუისას” გერმანული გამოცემის წინასიტყვაობაში გამოთქვა (ბერლინი, 1933. თხზულების ტექსტის გერმანული თარგმანი შესრულებულია მიხეილ წერეთლის მიერ, წინასიტყვაობისა და კომენტარების ავტორია ზ. ავალიშვილი). ზ. ავალიშვილის ვარაუდით, ნოველა “უთუოდ აგებულია სპარსულ ქალაქურ ანეკდოტზე. იგი თავდაპირველად, როგორც ჩანს, ისპაჰანელთა ჭკუისა და მოხერხებულობის შექებას ისახავდა მიზნად. ორბელიანმა კი ის გადააკეთა საერთოდ ფარისევლობის წინააღმდეგ მიმართულ ნაწარმოებად და მისგან მშვენიერი სატირა შექმნა”.

ზ. ავალიშვილს არა აქვს ამგვარი სპარსული ანეკდოტის არსებობის დამადასტურებელი საბუთები, მაგრამ ნავარაუდევი ანეკდოტი მართლაც რომ არსებობდეს, მისი საბასეული დამუშავება, ცხადია, მაინც ორიგინალურ შემოქმედებად ჩაითვლება. ზეპირსიტყვიერებაში გავრცელებული ფაბულის დამუშავებით, როგორც ცნობილია, სიტყვაკაზმული მწერლობის უამრავი შდევრია შექმნილი. ასე რომ, არ არის გამორიცხული, ეს პირველი ქართული დეტექტივი, ამავე დროს, პირველი ნამდვილი დეტექტივი იყოს საერთოდ მსოფლიო ლიტერატურაში.

*
პირველი პუბლიკაცია: „ლიტერატურული საქართველო“, 1988, #4. გვ. 11.



Comments

Popular posts from this blog

ლევან ბრეგაძე - ბესიკ ხარანაულის „კარტოფილის ამოღება“

ლევან ბრეგაძე - ოთარ ჭილაძის „ჩანაწერები“

ლევან ბრეგაძე - კონსტანტინე გამსახურდიას ნოველა “მშვენიერება” და მისი მიმართება ფოლკლორულ წყაროებთან