თამარ გელიტაშვილი - კიდევ ერთხელ „ლურჯა ცხენების“ შესახებ
`მე არაერთხელ მქონია ფრთები
თავბრუდამხვევი სიმღერით მქროლი~.
გ. ტაბიძე
გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედების უკიდურესი ექსპრესიულობისა და მხატვრული მრავალფეროვნების კვალდაკვალ მკაფიოდ საცნაურდება სინტაქსური ერთეულის _ ლურჯა ცხენების _ ჭარბი გამოყენება, თუმც ქართული ლიტერატურის მკვლევართა უმეტესობის ყურადღება მხოლოდ ლექს `ლურჯა ცხენების~ ინტერპრეტაციისკენ იყო მიმართული. ასე გრძელდება დღესაც.
ლექსში `ლურჯა ცხენები~ ზოგი ლიტერატურათმცოდნე `ბედისწერით დადგენილი საზღვრების გარღვევასა~ და `ადამიანური შეზღუდულობის დაძლევის პათოსს~ ხედავდა, (კვესელავა
1977:77); ზოგი _ `სულის უკვდავებას, სულის მარადიულ ქროლვას~ (კენჭოშვილი
1999:205); ზოგი _ რუსი მხატვრის, ვასილი კანდინსკის ნახატის, `ლურჯი მხედრების~ გავლენას (სირაძე 2008:98, ზოგი კი _ `მისტიკურ ქარიშხალს~ (სიგუა 2014:309).
გალაკტიონისთვის, როგორც სიმბოლისტი პოეტისთვის, უცხო არ არის გამოსახვისა და აზროვნების აბსტრაქტული მანერა. ჩემს მიზანს ამ კონკრეტულ შემთხვევაში სწორედ ამ აბსტრაქციის შინაარსის ამოხსნა წარმოადგენს, მხატვრული სახის _ ლურჯა ცხენებისა _ და ამავე სახელწოდების ლექსის მაგალითზე.
სინტაგმა _ ლურჯა ცხენები _ გალაკტიონმა პირველად ზემოთ დასახელებულ ლექსში გამოიყენა, 1915 წელს (ლექსი ამ წლით თარიღდება, პირველი პუბლიკაცია კი _ 1916 წლით [ჟურნალი `ცისფერი ყანწები~, #1]) და მას შემდეგ აღნიშნულ ლექსიკურ ერთეულს არცთუ იშვიათად მიმართავს მგოსანი, ანუ, უკეთ რომ ვთქვათ, ეს მისი პოეზიის ერთ-ერთი თვალსაჩინო და გამორჩეული პოეტური სახეა, რაც იმის საფუძველს იძლევა, რომ მისი სახისმეტყველებითი შინაარსი მხოლოდ ერთი ლექსის განხილვა-გაანალიზებასა და კონცეფციურ მსჯელობაზე არ დავიყვანოთ.
გალაკტიონი რომ არ იყო შექმნილი მიწიერი, რაციონალური ყოფისთვის (`ო, უბრალო ხმებისთვის არასდროს არ მეცალა~ _ `ეფემერა~), ის ფაქტი, რომ ემპირიული სამყარო მისთვის ხშირად უდაბნოს (= სიცარიელეს), ქაოსს, ანუ, როგორც თვითონ უწოდებდა, `ღრიანცელს~ (`ვიყო ამ ღრიანცელში მარად ხელაღმართული~ _ `ეფემერა~) წარმოადგენდა, ეს არც უცხოა ვინმესთვის და არც ახალია. ამიტომაც ამ საკითხზე აღარ შევჩერდები. მხოლოდ მისი შემოქმედებიდან რამდენიმე სტრიქონს შევახსენებ მკითხველს:
დღესაც მარტო ვარ, სიყვარულის არ მესმის ნანა.
ჩემთვის მარტოდენ უდაბნოა მთელი ქვეყანა.
-------------------------------------------------
ო, სად ხარ, სადა უჩვეულო რაიმე ძალო,
სიცარიელის შავი ნისლი რომ გამაცალო.
(`უდაბნო~)
ან:
საით მივყავარ ჩემს მოწყენილ გზას,
სად ვპოვებ შვებას მიუსაფარი?
(`სად?~)
პოეტური ჰანგებით `დასნებოვნებული~ მგოსნის ეგზისტენციალური სულისკვეთებისთვის ხშირად მეტად უინტერესო და უშინაარსო იყო მიწიერი ყოფის კონცეფციური არსი (ამაზე მეტყველებს სიყმაწვილიდანვე მისი სუიციდისკენ მიდრეკილება) და ისიც შთაგონებით, ილუზიური წარმოსახვით ქმნიდა მხოლოდ მისეულ, მისთვის სასურველ იდეალურ სამყაროს: `ერთი შეხედვითაც შეატყობდით, სხვა კაცი იყო. როდესაც გესაუბრებოდათ, თითქოს სხვაგან იმყოფებოდა და ეს `სხვაგან~ იყო მისი სავანე~ (ჯავახაძე 1991:283). ამიტომაც ხშირად ტრანსცენდენტურისკენ იყო მიმართული მთელი მისი შინაგანი მსოფლგანცდის არეალი. `გალაკტიონი პოეზიის ძალით ეზიარება ღვთაებრივს~ (გომართელი
1997:24).
მიღმიურისკენ, მეტაფიზიკურისკენ ლტოლვა წარმართავდა გალაკტიონის გრძნობათა ბუნების ჰარმონიულობას (`ვიყო ამ ღრიანცელში მარად ხელაღმართული, / ლანდი არაქვეყნიურ დარდით გადამწვარისა~ _ `ეფემერა~ ).
მგოსნის დაუოკებელი სწრაფვა მიკროკოსმიურ საზღვრებს მიღმა, ზიარება ღვთაებრივთან, ხშირად ლურჯა ცხენებით ხორციელდება: `მოხდება ხოლმე, ცა მიზიდავს/ განუსაზღვრელი,/ ვარსკვლვთა შორის, სხივთა ტბაში/ არა მყავს ტოლი... (`შემოქმედება~). სწორედ ეს მაფიქრებინებს, რომ გალაკტიონის შემოქმედებაში, მხატვრული სახე _ ლურჯა ცხენები _ ღვთაებრივი ნიჭით მადლფენილ პოეტურ ზეშთაგონებას, პოეტური აღმაფრენის გამოვლინებასაც აღნიშნავს და საკუთარ პოეზიასაც. ლექსი შთაგონების, `ქროლვის~ გარეშე ვერ შეიქმნება, ამიტომაც გალაკტიონთან, ყველგან, სადაც კი ლურჯა ცხენებია ნახსენები, იქვეა `ქროლვაც~. ამგვარი მოსაზრების მართებულობაში ყველა იმ ლექსის მოხმობა და მათი აზრობრივი შინაარსის განხილვა-გაანალიზება დაგვეხმარება, სადაც კი ლურჯა ცხენებია ნახსენები.
ლექსში `ეფემერა~ შთაგონებამოგვრილი მგოსნის პათოსი პოეტური დიდებისა და გამარჯვების ემოციური მუხტით არის აღბეჭდილი:
ცხენთა შეჯიბრებაზე ჩემი ლურჯა ცხენები
ჰქროდნენ ეფემერული და ფერადი ქარებით...
ვფიქრობ, მოცემულ სტრიქონებში `ცხენთა შეჯიბრება~ პაექრობაში, პოეტურ შეჯიბრებაში ჩაბმას გულისხმობს, სადაც გალაკტიონი საკუთარი პოეზიისთვის დამახასიათებელი ზეაღმტაცობით, ტემპერამენტით, სტილური ორიგინალობით და რიტმულობით, ანუ ლურჯა ცხენების წყალობით იმარჯვებს:
ლექსთა შეჯიბრებაზე _ მხოლოდ ინტეგრალები,
ცხენთა შეჯიბრებაზე _ ისევ ლურჯა ცხენები.
პოეტის ეგზალტაცია აშკარაა. ის უზომოდ კმაყოფილია და, ამავდროულად, `ძლიერ წუხს~ (`ვწუხვარ: ერთადერთი ვარ...~), რომ საუკუნეების მანძილზე მისი მსგავსი პოეტური დიდების მწვერვალი ჯერ არც ერთ მგოსანს არ დაუპყრია, რომ მისი შესაძლებლობა უსასრულოა და განუსაზღვრელი (`სულს სწყურია საზღვარი, როგორც უსაზღვროება...~), მხოლოდ ისაა ერთადერთი:
ვწუხვარ: ერთადერთი ვარ და ზეცაზე სწერია
ჩემი გზა და ახალი ლალის კართაგენები.
იყვნენ საუკუნენი, მაგრამ მე ვიხსენები
გაფრენილი პირველი წყების ნიაგარებით.
ამგვარი პათეტიკური, გნებავთ, ამბიციური ტონი გალაკტიონის მხრიდან უცხო არ არის. ასეთი პიროვნული პათოსითაა გამსჭვალული მთელი მისი შემოქმედება. ეს არცაა გასაკვირი, თუ გავითვალისწინებით, რომ საკუთარ თავს პოეტების (პოეზიის) მეფეს ჯერ კიდევ მანამდე უწოდებდა, ვიდრე რეალურად შეამკობდნენ ამ რეგალიით. გავიხსენოთ `მთაწმინდის მთვარე~, სადაც საკმაოდ ხმამაღალ განაცხადს აკეთებს: `რომ მეფე ვარ, და მგოსანი...~ მეტიც, სხვა ლექსში _ `შემოქმედება~ _ შთაგონების სანეტარო ბურუსში გახვეული, მიწიერ ღმერთადაც კი მიიჩნევს თავს:
მზე ჩემთვის ბრწყინავს და მეფე ვარ
ყოვლისმომქმედი...
ჩემს ხელში არის მაშინ ჩემი
მძვინვარე ბედი,
ქვეყნად ყოველი არსის სული
მემორჩილება...
ო, უძლეველო დიდო წამო
შემოქმედების,
ახლა ყველაფერს... ყველაფერს ვქმნი
ახალი ღმერთი!
(`შემოქმედება~)
ლექსში `ეფემერა~ ვკითხულობთ:
ბედი _ ქროლვის გარეშე _ ჩემთვის არაფერია,
ჩემთვის ყველაფერია ისევ ლურჯა ცხენები.
ჰე, ქაოსში დაკარგულს ქარი დამედევნება
ძახილით: გალაკტიონ! და ძნელია მიგნება.
სულს სწყურია საზღვარი, როგორც უსაზღვროებას...
წინ! იმ უსაზღვრობაში მწუხარებას აიტან
ჩემებრ დიდ საიდუმლოს მე იქ მივესალმები.
მოცემული ფრაგმენტის უტრირებას თუ შევეცდებით, ცხადი და ნათელი გახდება, რომ საუბარი მუზის წვევას, შთაგონებით აღმაფრენას, ლექსის შექმნის პროცესს, საზოგადოდ, გალაკტიონის საკუთარ პოეზიას ეხება.
`ბედი _ ქროლვის გარეშე _ ჩემთვის არაფერია~, _ მიგვანიშნებს, რომ ცხოვრება გალაკტიონისთვის აზრსმოკლებულია ქროლვის, ე. ი. შთაგონების გარეშე, რა დროსაც ხორცს ისხამს მისი პოეტური შედევრები, ანუ ლურჯა ცხენები _ `ჩემთვის ყველაფერია ისევ ლურჯა ცხენები~. რაც შეეხება `ქაოსში დაკარგული~ მგოსნის ვერმიგნებას, აქაც მკაფიოდ საცნაურდება ქაოტურად მოვარდნილი პოეტური აღმაფრენის, შთაგონების ნისლით შებურვილი მიწიერი შემოქმედის წვა, ის ენერგეტიკული იმპულსი, რითაც აბსურდულ ქაოსს (ლექსის შექმნის პროცესს ვგულისხმობ) წესრიგის, მხატვრული ქმნილების ფორმა და სახე ეძლევა, რითაც მუზის დამორჩილება ხდება. ამიტომაც მოუწოდებს იგი საკუთარ პოეტურ ხმას, ანუ `ლურჯა ცხენებს~ _ `ცხენთა შეჯიბრებაზე~ პირველობა-გამარჯვებისაკენ.
ცხენთა შეჯიბრებაზე! ცხენთა შეჯიბრებაზე!
ცხენთა შეჯიბრებაზე გასწით, ლურჯა ცხენებო!
პოეტური აპოთეოზი ამ სტრიქონებში უმაღლეს მწვერვალს აღწევს, რადგანაც მგოსანი ზეშთაგონების კოსმიურ, ენერგეტიკულ ძალას ფლობს და ყველაფერზე მაღლდება.
ანალოგიური დატვირთვა აქვს ლურჯა ცხენებს ლექსში `დრო~, სადაც ლირიკული გმირის მიერ პოეტური პარნასის დაპყრობა მხოლოდ შედევრების შექმნას ემყარება:
მსუბუქი ტალღები და ლურჯა ცხენები!
შენ მხოლოდ მარადი სიმაღლე გიშველის,
როს შუქად მშობლიურ ცას შეეშენები.
როგორც ვხედავთ, ერთადერთი ფაქტორი განსაზღვრავს გალაკტიონის დიდებასა და უკვდავებას _ ლექსი, რომელიც, ცხადია, შთაგონების გარეშე ვერ შეიქმნება. ამიტომაც ლექსიკური ერთეულის _ ლურჯა ცხენების _ შინაარსი გალაკტიონის შემოქმედებაში აღნიშნავს მის ლექსებსაც და შთაგონების ექსპრესიასაც, პოეტური აღმაფრენის სტიქიურ ქაოსს, ისეთსავე მგრგვინავსა და წყვილად მქროლავს, როგორც ველური, გაუხედნავი და დაუმორჩილებელი ურა ულაყებია.
გალაკტიონის პოეზიაზე, შთაგონებაზე მიგვანიშნებს ლურჯა ცხენები აგრეთვე ლექსებში: `ნუგეში~, სადაც მგოსანი ამბობს: `შევიდე უცხო სიმსუბუქეში, / გამომყვეს ლურჯა ცხენების მტვერი~ და `ვინ არის ეს ქალი?~ _ `მიმაფრენდა ნაპირებზე ლურჯა ცხენი~.
თუ ლურჯა ცხენების სახისმეტყველებას ერთდროულად მივყავართ გალაკტიონის პოეზიასა და პოეტურ აღმაფრენასთან, მაშინ ლოგიკურია ცხენების ფერიც _ ლურჯი. განმარტებით ლექსიკონებში ლურჯა არის ისეთი ცხენი, რომელსაც ლურჯი ფერი გადაჰკრავს. ვინაიდან ზეშთაგონება ყოველთვის ღვთაებრივ ძალასთან წილნაყარობა და რომანტიკულობის უსამანო გამოვლინებაა, ამიტომაც ასოცირდება იგი ლურჯ ფერთან, რამეთუ ლურჯი, ლაჟვარდი, ცისფერი _ პირველქმნილი, სამყაროს პირველსაწყისის ფერებია. ამიტომაც არის ისინი გაბატონებული პოეზიაში, განსაკუთრებით კი რომანტიკოსებსა და სიმბოლისტებთან (მაგ. ნოვალისის `ცისფერი ყვავილი~, ბარათაშვილის `ცისა ფერს~ და `ცისფერყანწელები~).
ცხენი, არეოპაგელის მიხედვით, ღვთაებრიობის სიმბოლოა. ამიტომაც გამოხატავს ლურჯა ცხენები პოეზიის ღვთაებრიობას. ამ სიტყვათშეთანხმებით (სინტაგმით), როგორც ითქვა, გალაკტიონი პოეტურ შთაგონება-აღმაფრენასაც გამოხატავს და საკუთარ პოეზიასაც, რომელიც ღვთაებრივთან არის წილნაყარი. მისთვის პოეზია, რუსთაველის მსგავსად, საზეო საქმეა (`იგია საქმე საზეო...~, `საღმრთო, საღმრთოდ გასაგონი~).
მკვლევარ კონსტანტინე ბრეგაძის აზრით: `გალაკტიონისა და ნოვალისის პოეტურ ტექსტებში მნიშვნელოვანია ლურჯი ფერის სიმბოლიკის ტიპოლოგია, სადაც ლურჯი ფერის პოეტურ-სახისმეტყველებით რეცეფციაში, კვლავ ვლინდება გალაკტიონისა და ნოვალისის, შესაბამისად, ქართული სიმბოლიზმისა და გერმანული რომანტიზმის ესთეტიკურ-კონცეპტუალური თანამოაზრეობა~ (ბრეგაძე ).
ნოვალისის შემდეგ მისი შემოქმედების ცენტრალური სიმბოლო _ ცისფერი ყვავილი (ლურჯი ყვავილი) იქცა რომანტიკოსთა ერთ-ერთ უმთავრეს პოეტურ ხატად, სიმბოლიზმმა კი სწორედ რომანტიზმისგან იმემკვიდრა თავისი უმთავრესი კონცეფცია _ სამყაროს ტრანსცენდირება, ზეგრძნობადი სინამდვილის შემეცნება, საკუთარ `მე~-სგან გამოყოფა, თავისი თავის გარეთ გასვლა. რომანტიზმისა და სიმბოლიზმის დემიურგიული ხასიათიდან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ საღმრთო ფერი, ტრანსცენდენტური სივრცის სიმბოლო _ ლურჯი/ცისფერი _ ქცეულიყო, როგორც ზოგადად რომანტიკოსთა (ბარათაშვილი), ისე ცისფერყანწელთა თუ გალაკტიონის პოეტური მეტყველების ერთ-ერთ უმთავრეს ქვაკუთხედად და ინსპირაციის წყაროდ. გალაკტიონთან ლურჯა ცხენებით `გასეირნებაში~, ლურჯი ფერი საღმრთო, ტრანსცენდენტურ ძალას განასახიერებს, რადგან, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ლექსის შექმნის პროცესი სხვა არაფერია, თუ არა ღვთაებრივ არსთან ზიარება.
გალაკტიონი ამ მისთვის სათაყვანო ფერს (ლურჯი/ცისფერი) იდეალური სამყაროს სიმბოლოდ სახავდა. მისი შემოქმედების მრავალფეროვან თემატიკაში, რომელიც აღსავსეა განუმეორებელი პოეტური ინტონაციებით, რიტმის უმახვილესი გრძნობით, მუსიკალური ფერადოვნებითა და ორიგინალური ფერთამეტყველებით, განსაკუთრებულად არის აქცენტირებული ლურჯი. წინამდებარე ნარკვევი ვერ დაიტევდა, ყველა იმ ლექსიდან სტრიონების მოხმობა რომ მეცადა, რომლის მხატვრულ გამომსახველობაშიც სტიქიურადაა შეჭრილი ლურჯი და ცისფერი. მხოლოდ რამდენიმე ნიმუშის მოხმობით შემოვიფარგლები და, აქვე ვიტყვი, რომ, თუ ნოვალისთან ცისფერი ფერი ერთმნიშვნელოვანია და მხოლოდ ტრანსცენდენტურ ძალას განსახიერებს, გალაკტიონთან ის სხვადასხვა ნიშნითა და ასპექტით გვხვდება:
ცა ლურჯი, ასე უსაზღვროდ ლურჯი...
(`ციხის ნანგრევებთან~)
ლურჯ ზღაპარივით ხავსი ფარავს დაწეწილ წისქვლს...
(`ძველი წისქილი~)
იქ ლურჯ კუნძულებს დაენახვება
ხან სიზმარივით, ხან ნაფოტივით...
(`ძველი მოტივით~)
ველად ყრია ლურჯი კომში
და ცისფერი ატამი...
(`ომნიბუსით~)
ტბას დაეცა ლურჯი ნისლი, მსუბუქი და გამჭვირვალე...
(`განთიადზე~)
განთიადს სძინავს ლურჯ სარეცელზე...
(`ახალ ცისკართან~)
ლურჯ მთების ზოლი ლურჯ ცის სივრცეში
შორს, უსაზღვროდ შორს მიიკლაკნება,
ლურჯ ოკეანის ლურჯი ტალღები
ლურჯ ტყიან ნაპირს აქცევს, აკვდება...
(`გემზე~)
ასევე მრავლად არის გამოყენებული ხატოვანი გამოთქმები: `ლურჯი იორი~; `ლურჯი ბურუსი~; `ლურჯი ნიავქარი~; `ლურჯი იალქნები~; `ლურჯი ანგელოზები~; `ლურჯი დღე~ და ა. შ. უამრავი ასეთი მხატვრული სახის დასახელება შეიძლება. გალაკტიონს _ სიტყვათქმნადობის ნამდვილ ჯადოქარს _ ეს არ გაუჭირდებოდა. ასე რომ, შეიძლება ითქვას, გალაკტიონის შემოქმედების მთელ რომანტიკულ მგრძნობელობას ლურჯი/ცისფერი ფონი აძლევს ელფერს.
***
როგორც ითქვა, გალაკტიონის ეგზისტენციალური მსოფლგანცდა, მთელი მისი პიროვნული თუ პოეტური `მე~ სხვა, მხოლოდ მისეული სამყაროს გამუდმებული ძიებით იყო აღბეჭდილი. რეალისტური ყოფის ამაოების ნისლს იგი ლურჯად შეფერილი ირაციონალური მიღმიურობისაკენ სწრაფვით ფანტავდა. მის შემოქმედებაში ხშირია ასეთი მისტიკური გარდასახვები. აქვე უნდა შევნიშნო, რომ გალაკტიონის პოეზიისათვის დამახასიათებელი არაა გრძნობათა ერთფეროვნება. თუ ზემოთ მოხმობილ ლექსებში აშკარაა პოეტის მგზნებარე, ოპტიმისტური პათოსი და კონკრეტული მიზნისკენ სწრაფვაც შეინიშნება, იმ მხატვრულ ნიმუშებში, რომელზედაც ქვემოთ გვექნება მსჯელობა, სკეპსისსა და იმედგაცრუებას ამოიკითხავს მკითხველი. გრძნობათა ასეთი გაორება მუდმივად შეინიშნება გალაკტიონის შემოქმედებაში. ეს, ალბათ, არცაა გასაკვირი, რადგანაც, ზოგადად, ლექსი პოეტის განწყობას, მის კონკრეტულ სიტუაციურ განცდას ამჟღავნებს. მგოსნის გრძნობისა და განცდის იმპულსურობა, საკუთარ ვნებათა ტყვეობაში მოქცეული აზროვნების საზრისი ვერ იქნება ერთგვაროვანი და საგანგებოდ დამუშავებულ, რაფინირებულ ჩარჩოებში ვერ მოთავსდება.
ლექსში `მგლოვიარე სერაფიმები~ ნაჩვენებია სულთა სამყოფლიდან `მიწაზე დაბრუნებული~ ლირიკული გმირის განცდები. ის ამქვეყნიურ, ემპირიულ ყოფას `სამშობლოს~ უწოდებს:
ერთხელ ზმანებით მე ამოველ ბნელ სამარიდან.
მე მოვდიოდი სამშობლოსკენ გზებით ირიბით,
ჰაერში კვნესდა დაწყვეტილი წვიმის სიმები
და სასაფლაოს ძეგლებიდან მწუხარე რიგით
მე მომყვებოდნენ და სტიროდნენ სერაფიმები.
ტრაგიკული სიმძაფრით ასახული სკეპსისი და ნიჰილიზმი აშკარაა. პოეტმა ვერც მიღმიურ და ვერც მატერიალურ სამყაროში ვერ ჰპოვა სულის სიმშვიდე. ამის მიზეზად, ვფიქრობ, ის სულიერი კრიზისი იქცა, ღვთაებრივ წიაღთან დაშორებამ რომ გამოიწვია, თუმც მგოსანი აქვე შენიშნავს, რომ მისთვის ამქვეყნიური ყოფის ერთადერთ სიამეს, სიცოცხლის ერთადერთ საზრისს მხოლოდ შემოქმედებითი პროცესი, შთაგონებით მოგვრილი ეგზალტაცია წარმოადგენს. ისევე, როგორც სხვა პოეტურ ნიმუშებში, ვფიქრობ, `მგლოვიარე სერაფიმებშიც~ ლურჯა ცხენები ერთნაირად გულისხმობს გალაკტიონის ლექსებსაც და შთგონებასაც:
ყოველი წვეთი სავსე იყო უმძაფრეს შხამით;
ლურჯა ცხენებით თუ გაფრენდა გრძნობათ სინაზე.
იყავ საოცრად მოხიბლული ასეთი ღამით
და უაილდის ყვავილივით დაეცი გზაზე.
გალაკტიონის ოკაზიონალიზმებითა და სიტყვათქმნადობით სავსე პოეზიისათვის დამახასიათებელი მხატვრული სახე _ ლურჯა ცხენები _ პოეტურ ლიცენციად ქცეული, მეტყველების ფერადოვნებით გამორჩეული ეს სინტაქსური წყვილი, ნიშანდობლივია არა მარტო თავისი ტევადი შინაარსით, არამედ გასაოცარი მუსიკალური ჟღერადობითა და რიტმული ინტონაციით.
ერთი რამ აშკარად შეინიშნება გალაკტიონის შემოქმედებაში: როგორც უკვე აღვნიშნე, მისთვის ლექსის შექმნის პროცესი საღმრთო მისტერიაა, ეს კი ერთმნიშვნელოვნად არის დამოკიდებული პოეტის განწყობილებაზე _ რაც მეტია რწმენა, მით მეტია სწრაფვა ღვთაებრივისაკენ, რათა შედგეს სრულყოფილი მისტიკური ექსტაზი (`სულს სწყურია საზღვარი, როგორც უსაზღვროება~), მაგრამ, როგორც კი პოეტის რწმენას ბზარი უჩნდება, მის სამშვინველში, ეგზალტირებული პათოსის ნაცვლად, სკეპტიკური ურვა სახლდება. ამ დროს აშკარად ვხედავთ უნუგეშო ყოფაში ჩავარდნილ გალაკტიონს, რომლის დემონური იმპულსებიც რელიგიურმა სკეპტიციზმმა შეაფერხა, საღვთო სამყოფელისკენ მიმსწრაფავი მისი იდუმალი გზის სავალი ნაწილი კი გამრუდდა, რამაც პოეტის აზროვნებისა და გამოსახვის დინამიკა შეაფერხა და შემოქმედებითი პულსი შეანელა. სწორედ ამის მაგალითია ლექსი `დილიჟანსი~, სადაც ბნელი ღამე, ჩემი აზრით, სწორედ უღმერთობით გამოწვეულ სულიერ კრიზისთან ასოცირდება:
წინეთ მივქროდი ლურჯა ცხენებით,
ვარ დილიჟანსის ამჟამად მგზავრი,
ვეღარ შევძახებ ცხენებს: `წინ გასწით!~
მეეტლეს ვეტყვი: `წყნარად იარე~.
მივაპობ ტალღას, ო, დილიჟანსო,
გარეშემო კი ღამეა ბნელი,
ჩემო მეეტლევ, ნუ გეჩქარება,
შენ კარგად იცი, არვინ მოგველის.
(`დილიჟანსი~)
`დილიჟანსი~ 1948 წლით თარიღდება. ამ დროს პოეტი უკვე 56 წლის არის. ასაკმა, ბუნებრივია, მკვეთრად შეამუხრუჭა მისი შემოქმედებითი მუხტი. ამ ლექსში სავსებით გამქრალა გალაკტიონის ჭაბუკური აღტკინებაცა და სხვა მგოსნებთან შეპაექრების განუზომელი პათოსიც (`ვწუხვარ, ერთადერთი ვარ...~). მეტიც, აქ სამყაროს ტრანსცენდენტურ მოდელს ბზარი გასჩენია და ძალაგამოცლილი და უილაჯო შემოქმედის ზეგრძნობადი განცდა სინანულს ჩაუნაცვლებია (`წინეთ მივქროდი ლურჯა ცხენებით, ვარ დილიჟანსის ამჟამად მგზავრი~). ამასთან, გასათვალისწინებელია ეპოქის კონიუნქტურაც. `დილიჟანსი~ იმ ლექსთა ციკლს მიეკუთვნება, სადაც რწმენაშერყეული გალაკტიონის პესიმიზმია ნაჩვენები, სადაც გამქრალია საღმრთო მისტერიის მისეული იდუმალთმეტყველება. ამიტომაც ჯდება არა სწრაფად მქროლავ ცხენ(ებ)ზე, არამედ დილიჟანსში, რომელიც ნელა, დუნედ მოძრაობს და მირახრახებს.
***
საღვთო ყოფიერების დაკარგვით გამოწვეული დაეჭვება და პესიმიზმია აგრეთვე გადმოცემული გალაკტიონის სიმბოლისტურ ლექსში _ `ლურჯა ცხენები~, რომელზე მსჯელობითაც დავიწყე წინამდებარე ნარკვევი და, სადაც პოეტი დეტალურად აღწერს იმ სულისშემძვრელ მელანქოლიურ განწყობას, რომელიც მან `სამუდამო მხარეში~, ანუ საიქიოში წარმოსახვითი მოგზაურობის ჟამს განიცადა. ლექსი მთლიანად ეფემერული ხასიათისაა და მასში გალაკტიონის ვიზიონერული ხედვის, პოეტური წარმოსახვის შთაბეჭდილებები აირეკლება.
`ლურჯა ცხენების~ პირველ ორ სტრიქონში თითქოს გამჟღავნებულია გალაკტიონის წარმოდგენა თუ ლტოლვა `სამუდამო მხარის~ იდუმალებით მოცული მშვენიერებისაკენ: `როგორც ნისლის ნამქერი, ჩამავალ მზით ნაფერი, / ელვარებდა ნაპირი სამუდამო მხარეში!~, თუმცა მომდევნო ტაეპებში მთლიანად ქარწყლდება ეს მცდარი წარმოდგენა და პოეტური რეპორტაჟი ჯოჯოხეთის საშინელებათა ლაბირინთებიდან ხორციელდება:
შეშლილი სახეების ჩონხიანი ტყეებით
უსულდგმულო დღეები რბიან, მიიჩქარიან!
----------------------------------------------
ვერავინ განუგეშებს საოცრების უბეში,
სძინავთ ბნელ ხვეულებში გამოცნობ ქიმერებს!
მიუხედავად იმისა, რომ ლირიკულმა გმირმა სამოთხის ჩამავალი მზით ნაფერი სილამაზე იხილა (`ელვარებდა ნაპირი~), რწმენის კრიზისით გამოწვეული სკეპსისი და ნიჰილიზმი აშკარა და თვალნათელია _ სულთა საუფლოში, `სამუდამო მხარეში~ მან ვერ იხილა ის დაპირებული, ენით აღუწერელი ნეტარება (`არ ჩანდა შენაპირი, ვერ ვნახე ვერაფერი~), რაც სასუფეველში მოხვედრის შემდეგ ელოდა. ამქვეყნიური ამაოებით მოგვრილ კაეშანს ვერც სულთა სამყოფელში გაიქარვებს პოეტი, ვერც იქ ჰპოვებს სულის სიმშვიდეს, ვინაიდან იქაც ისეთივე ცივი და მიუსაფარი მდუმარება დახვდა გამეფებული, ისეთივე სევდა-კაეშანი და უსასოება, რასაც რეალურ, ემპირიულ სამყაროში ყოფნისას განიცდის:
სამუდამო მხარეში მხოლოდ სიმწუხარეა!
ცეცხლი არ კრთის თვალებში, წევხარ ცივ სამარეში,
წევხარ ცივ სამარეში და არც გულს უხარია.
საიქიო ყოფის ამგვარი აღქმა, ერთი შეხედვით, მოულოდნელია სასულიერო სემინარიაგამოვლილი, ქრისტოლოგიაში გაწაფული პოეტისათვის, მაგრამ ერთი რამ აუცილებლად გასათვლისწინებელია: გალაკტიონი იმ ეპოქის შვილია, როცა საზოგადოება ერთი დილემის _ ღმერთის არსებობა-არარსებობის _ წინაშე აღმოჩნდა. ამიტომაც გალაკტიონის სიმბოლისტურ პოეზიასთან მკვეთრდ არის შენივთებული ნიცშესეული დებულება: `ღმერთი მოკვდა!~ `ლურჯა ცხენებიც~ ამ ყაიდის ლექსთა ციკლს მიეკუთვნება, რომლის კონცეფციური შინაარსი თუ არქიტექტონიკა რწმენის კრიზისით არის გამსჭვალული. სასოწარკვეთილი პოეტი ორივე განზომილებაში ეძიებს ღმერთს _ არაქვეყნიურ, უცხო, შორეულ ლანდს (როგორც თვითონ უწოდებს ლექსში `ლანდი არაქვეყნიური~). ასევე რწმენის კრიზისით მოგვრილი ყოვლისმომცველი ნიჰილიზმი და დაეჭვება ათქმევინებს გალაკტიონს 1922 წელს დაწერილ ლექსში `სამშობლო შავი ლიუციფერის~ _ `არასდროს ჩვენთან აქ არ ყოფილა ნაზარეველი~. ამიტომაც არის `ლურჯა ცხენებში~ მის მიერ აღქმული საიქიო ასე მკვეთრად გამოხატული მწუხარე პოეტური მგრძნობელობით, თუმც, როგორც უკვე ითქვა, ღვთაებრივ ჭეშმარიტებაში დაეჭვება გალაკტიონთან მუდმივი არ არის, ამგვარ სკეპსისს მის შემოქმედებაში ხშირად ენაცვლება რწმენისა და სასოების პათოსი. მაგალითად, იმავე `ლურჯა ცხენებში~ ერთადერთი იმედი, რასაც კი `შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეებითა~ და უსულდგმულო დღეებით სავსე მწუხარე `სამუდამო მხარეში~ განიცდის პოეტი, ღმერთის ძიება, ღვთაებრივი ნათლის მოლოდინია (`მხოლოდ შუქთა კამარა ვერაფერმა დაფარა~).
აღნიშნული საკითხის შესახებ ამირან გომართელი ასეთ მოსაზრებას გამოთქვამს: `ლურჯა ცხენები~ პოლემიკაა `მერანის~ ავტორთან. მაგრამ არც გალაკტიონის სკეპსისია მყარი და მუდმივი. იგი, ჟამიდან ჟამზე იტყვის: `თუ გინდა ჯვარს ეცვი, საშველი არ არის, არ არის, არ არის!~ (ამ დროს მისი განცდა უფრო ტრაგიკულია, ვინემ ბარათაშვილისა), მაგრამ დროდადრო ღვთაებრივი სამყაროს არსებობის რწმენაც კიაფობს მასში~ (გომართელი
2005:19).
`ლურჯა ცხენებში~ არის ასეთი ფრაზა: `მშრალ რიცხვების ამარა უდაბნოში ღელდება!~, რაც უმალ ბადებს კითხვას: რას უნდა ნიშნავდეს ეს მშრალი რიცხვები? აქაც აშკარა სკეფსისი და პესიმიზმია გამოხატული. ამ ფრაზის ავტორისათვის ადამიანისგან სიკვდილის შემდეგ ერთადერთი რამ რჩება _ საფლავის ქვაზე მიწერილი მცირე ინფორმაცია _ დაბადებისა და გარდაცვალების თარიღები. ამიტომ, უნდა ვივარაუდოთ, რომ გალაკტიონი ლექსში სწორედ ამ მშრალი, არცთუ ისე ბევრისმთქმელი ციფრების შესახებ საუბრობს.
როგორც ვხედავთ, გალაკტიონისთვის არც მეორე, მიღმიური, `სამუდამო მხარე~ თუ სამყოფელი აღმოჩნდა მიმზიდველი. მისთვის მიწიერი ყოფაცა და ვიზიონერული წარმოსახვაც, ქვესკნელიცა და ზესკნელიც ერთნაირად წარმოადგენს ფატალურ, ბედისწერით შემოსაზღვრულ არეალს. ორივე ერთნაირად შენაჩვენები და მიუღებელია (`ზევით თუ სამარეში, წყევლით შენაჩვენები~).
ამდენად, როგორც ზემომოხმობილი პოეტური ნიმუშების ანალიზმა ცხადყო, პოეტური ხატი ლურჯა ცხენები ერთდროულად აღნიშნავს, როგორც საკუთრივ გალაკტიონის პოეზიას, ისე შთაგონების ექსპრესიას, რადგანაც პოეტური აღმაფრენის სტიქიურ ქაოსს საბოლოოდ ლექსის დასრულებული სახე ეძლევა.
დამოწმებული ლიტერატურა:
1. ბრეგაძე ბრეგაძე კ. გალაკტიონის სიმბოლისტური და ნოვალისის რომანტიკული პოეზიის ტიპოლოგიისთვის; ელექტრონული ჟურნალი `სპეკალი~, #4, თბ.:
2. გომართელი 2005: გომართელი ა. ლიტერატურული წერილები და ესეები, `უნივერსალი~, თბ.: 2005;
3. გომართელი 2005: გომართელი ა. ქართული სიმბოლისტური პროზა, თსეუ-ს გამომცემლობა, თბილისი:. 1997;
4. კენჭოშვილი 1999: კენჭოშვილი ი. გალაკტიონ ტაბიძის სამყაროში, თბ:. 1999;
5. კვესელავა 1977: კვესელავა მ. პოეტური ინტეგრალები. გალაკტიონ ტაბიძე და თანამედროვე პოეზია, საბჭოთა საქართველო, 1977;
6. სიგუა 2014: სიგუა ს. მოდერნიზმი, თბ.: 2014
7. სირაძე 2008: სირაძე რ. გალაკტიონის `ლურჯა ცხენები~ და ვ. კანდინსკის `ლურჯი მხედარი~, გალაკტიონილოგია IV, თბ:. 2008;
8. ჯავახაძე 1991: ჯავახაძე ვ. `უცნობი~, ნაკადული, თბ:. 1991.

Comments
Post a Comment