ლევან ბრეგაძე - რამდენიმე მოსაზრება ჯემალ ქარჩხაძის დაუმთავრებელი მოთხრობის გამო



ჩვენ წინაშეა მწერლის დაუმთავრებელი მოთხრობა, რომლის სათაურია „სახელი მისი იაკობ“, ხოლო სათაურის ქვეშ, ფრჩხილებში, ვკითხულობთ: „და არა ღუტუ“. დაუმთავრებელი არა იმ გაგებით, რომ დასახვეწია, ანუ ე.წ. შავ (თავდაპირველ) ვარიანტს წარმოადგენს. არა: რასაც აქ წაიკითხავთ, ის სრულყოფილია (ამას ადასტურებს თუნდაც მისი შედარება შემორჩენილ ნამდვილად „შავ“ ვერსიასთან, რომელიც მოცულობით თითქმის ამის ნახევარია).

სრულყოფილია როგორც სტილისტურად (ფრაზის დახვეწილობა, ფორმულირებათა სიზუსტე), ასევე იმ მხრივაც, რომ პერსონაჟთა ხასიათები მკაფიოდ არის გამოკვეთილი. დაუსრულებელი კი იმ თვალსაზრისით არის, რომ თხრობა ბოლომდე არაა მიყვანილი, იქ წყდება, საიდანაც ყველაზე საინტერესო მოვლენები უნდა დაწყებულიყო (სამწუხაროდ, ამ უცნაური ამბის დასასრულზე, ანუ, როგორც ლიტერატურის თეორეტიკოსები ამბობენ, კვანძის გახსნაზე, მინიშნებას ვერც „შავ“ ვარიანტში ვპოულობთ, რომელიც „თეთრზე“ ბევრად მცირეა).

რა უნდა იყოს ესოდენ მრავლისაღმთქმელად დაწყებული მოთხრობის დაუმთავრებლობის მიზეზი? იქნებ ის, რომ ამ ამბის გამოყენება მწერალს
რომან „განზომილებაშ“ განუზრახავს? (რომელზედაც, ეტყობა, იმავდროულად მუშაობდა და რომელიც, სამწუხაროდ, ასევე დაუმთავრებელი დარჩა).

ყოველ შემთხვევაში, აშკარაა, რომ „განზომილებისა“ და წინამდებარე მოთხრობის ბედ-იღბალი ერთმანეთს არიან გადაჯაჭვულნი.

ზოგი რამ უცვლელად გადასულა მოთხრობიდან რომანში, ზოგი დეტალი კი მოდიფიცირებულია.

უცვლელად არის გადატანილი უმთავრესი ინტრიგა – სოფლის ეკლესიის გაქრობის იდუმალებით მოცული ამბავი.

თითქმის უცვლელად მეორდება რომანში ფრაზა, რომლითაც ეკლესიის გაქრობის შესახებ ატყობინებს მთავარ გმირს მისთვის უცნობი პიროვნება ტელეფონით.

უცვლელია მთავარი პერსონაჟის სახელი – იაკობი, იმ სოფლის სახელი ეწერი – სადაც ეკლესია გაქრა, ამ ამბის ტელეფონით შემტყობინებლის სახელი – დათიკო.

ახლა განსხვავებები:

მოთხრობის იაკობი დაოჯახებულია, ცოლ–შვილის პატრონია, რომანის იაკობი – უცოლშვილოა.

მოთხრობის იაკობი წარმატებული მეცნიერია, კარგი სამსახური აქვს და უკეთესის მოლოდინშია. რომანის იაკობი მწერალია, თავისუფალი შემოქმედია, ანუ კონკრეტულ სამსახურში არ დგას.

რომანის იაკობი სანაკლიოელია, მოთხრობის იაკობი – ეწერელი (სანაკლიო რაიონული ცენტრია, ეწერი კი სანაკლიოს რაიონში შემავალი სოფელი).

რაც შეეხება „ღუტუს“, სათაურშიც რომ არის გატანილი, რითაც ხაზგასმულია მისი მნიშვნელობა ნაწარმოებისთვის, ის მოთხრობაში იაკობის მოფერებითი (ბავშვობისდროინდელი) მეტსახელია, რომლის გახსენება მას ახლა აღარ
სიამოვნებს; რომანის იაკობს კი გაუკვირდა, როცა ვინმე დათიკომ ზემოხსენებული სატელეფონო საუბრისას მას ამ სახელით მიმართა (ანუ „ღუტუ“ მისი მეტსახელი არ ყოფილა და რატომ მიმართავენ მას ასე, დაუმთავრებელი რომანის ერთ-ერთი საიდუმლოთაგანია).

ამრიგად, „განზომილების“ პრობლემატიკაში უკეთ გარკვევის მიზნით ამ მოთხრობის მონაცემთა გათვალისწინება აუცილებელია, მეტადრე ერთი გარემოების გამო:

ცნობილია რაოდენ მნიშვნელოვანია მხატვრული თხზულების პერსონაჟისთვის სახელის შერჩევა. რაზე შეიძლება მიგვითითებდეს ამ შემთხვევაში სახელი „იაკობი“? ამის თაობაზე მკაფიო მინიშნებას შეიცავს მოთხრობის „შავი“ ვარიანტი, კერძოდ, ეს ადგილი:

„ასე, ჩემო კირილე. შენ რომ კურსები გაიარე […], ეგ არ კმარა საიაკობოდ და ღმერთთან დასაჭიდებლად“ (ხაზგასმა ჩვენია. – ლ. ბ.). (მოთხრობის „თეთრ“ ვერსიაში ერთგან ვკითხულობთ: „ცოლი, როგორც ამას დიდი წინამორბედიც ურჩევდა, ოცდაექვსი წლისამ შეირთო“, – „დიდ წინამორბედში“ შესაძლოა პერსონაჟის სეხნია ბიბლიური იაკობი იგულისხმებოდეს, რომელსაც ღმერთი მისი შთამომავლობის გამრავლებას შეჰპირდა).

ღმერთთან ჭიდილის შემცველი ფრაზა (რომელიც „თეთრშ0“ აღარ არის) ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობის პერსონაჟის ბიბლიურ იაკობთან მიმართებაზე მიგვანიშნებს. მისი „ღვთისმებრძოლობაც“, – მოთხრობის მთავარი მოტივი,
ამასვე გვაფიქრებინებს. (ჩემი დაკვირვებით, მოთხრობის სტილისტიკა იმაზე მეტყველებს, რომ მთავარი პერსონაჟის თავდაჯერებული ათეისტობა, მისი აზროვნების აშკარად პოზიტივისტური ხასიათი, მოთხრობის ბოლოსკენ საფუძვლიანად უნდა შერყეულიყო).

რაც შეეხება რომანის იაკობს, გამოქვეყნებულ ნაწილში იგი ღმერთთან ჭიდილის წადილს არ ამჟღავნებს მისი აზროვნების სკეპტიკური, პარადოქსული მანერა მისთვის „ღვთისმებრძოლის „ტიტულის“ მისანიჭებლად საკმარისი არ ჩანს.

მაგრამ პერსონაჟის სახელს რომ გამართლება უნდა? შესაძლოა ამ მოტივს რომანში შემდგომ ეჩინა თავი.

და ბოლოს: იმის გამო, რომ ჯემალ ქარჩხაძე არაჩვეულებრივი სტილისტი და იუმორით შეზავებული თხრობის დიდოსტატია, მისი ხელიდან გამოსული ტექსტის კითხვისგან სიამოვნების მისაღებად დაუმთავრებლობა დაბრკოლებას არ წარმოადგენს.

*
დაიბეჭდა: ჟ. „ჯემალ ქარჩხაძის ფორუმი“ , 2016, #1, გვ. 103-105.



Comments

Popular posts from this blog

ლევან ბრეგაძე - ბესიკ ხარანაულის „კარტოფილის ამოღება“

ლევან ბრეგაძე - ოთარ ჭილაძის „ჩანაწერები“

ლევან ბრეგაძე - კონსტანტინე გამსახურდიას ნოველა “მშვენიერება” და მისი მიმართება ფოლკლორულ წყაროებთან