ლევან ბრეგაძე - ვახტანგ ჯავახაძე - კოლაჟი და დეკონსტრუქცია



[ფრაგმენტი ნაშრომიდან „ქართული პოსტმოდერნიზმი]

სამოცდაათიანი წლების შუა ხანებში პოსტმოდერნიზმი ქართულ მწერლობაში ერთ-ერთ მძლავრ სტილურ ნაკადად ჩამოყალიბდა. პოსტმოდერნისტულ პოეტურ ტექსტებს უხვად ქმნის ამ დროისათვის ვახტანგ ჯავახაძე. განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს იგი კოლაჟისადმი.

კოლაჟი თავდაპირველად სახვით ხელოვნებაში გაჩნდა და იქიდან გადმოვიდა მწერლობაში – ჯერ ავანგარდისტებმა (ფუტურისტებმა, დადაისტებმა...) გამოიყენეს, ჩვენს დროში პოსტმოდერნისტებმაც მიმართეს მას. ეს ტექნიკა ზედგამოჭრილი აღმოჩნდა პოსტმოდერნიზმისთვის, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი თავისებურება ინტერტექსტუალობაა.

წავიკითხოთ ვახტანგ ჯავახაძის ერთი “ფერწერული” კოლაჟი, რომელიც სახვითი ხელოვნების მსოფლიო შედევრთა ფრაგმენტებისაგან არის შედგენილი:

მანეს იასამანთან და
მონეს იასამანთან
მზემ
გოიას საქანელა
გაჰკიდა და გამართა.
ჰოკუსაის მთებზე
ენთო კოროს შარავანდედი,
იღვიძებდნენ
ვან გოგის და რენუარის ვარდები.
არც როდენის ქარი ჩანდა –
უთავისებურესი –,
არც ვრუბელის
ღრუბელი და
არც რემბრანდტის ბურუსი.
ორი ფერი ბატონობდა
შერწყმით და შეთავსებით:
ხან სეზანის ფორთოხლები,
ხან მატისის თევზები.
ველასკესის მეძებარი
აღარავის უყეფდა,
ფიროსმანაშვილის
შველი
იდგა რუსოს მუხებთან.
დორეს ედემს ფერს მატებდა –
ტინტორეტოს ედემი,
ვერონეზეს ლაჟვარდები
და პიკასოს მტრედები.
გადაევლო
ცას
რუბენსის ცისარტყელა ხალასი,
ბიტიჩელის გაზაფხული
შედიოდა ძალაში.
შემოვიდა ცხრა ნაცნობი
და ბაღს დაეპატრონა:
ტიციანის მადონა და
ვან ეიკის მადონა და
ვან დეიკის მადონა და
ბოსხის,
გრეკოს,
ლეონარდოს,
ჯოტოს,
მიქელანჯელოს და
რაფაელის მადონა.

“ფერწერული” კოლაჟის გარდა ვახტანგ ჯავახაძეს “ფოტო”-კოლაჟიც მოეპოვება:

მოდი,
ბებრების უცნაური ფოტო გაჩვენო,
ყველას იცნობ და
ჩამოთვლაში თვითონ მიშველი, –
სხედან:
პლატონი,
რუსთაველი,
მიქელანჯელო;
დგანან:
ვოლტერი,
გოეთე და
გურამიშვილი;
ფეხმორთხმით სხედან:
ლევ ტოლსტოი,
ვიქტორ ჰიუგო,
პაბლო პიკასო,
კლოდ მონე და
ჩარლი ჩაპლინი.
ქვეშ გაჭირვებით იკითხება
სოფლის აუგი,
უღონო ხელით
გადაწერილ-გადაჩხაპნილი:
“წუთისოფელი რა არი? –
– აგორებული ქვა არი,
როდესაც დავიბადებით,
იქვე საფლავი მზა არი”.

შეამჩნიეთ, რა პრინციპით არიან “ფოტო”-კოლაჟისათვის” შერჩეული მაინცდამაინც ეს გენიოსები? ყველა მათგანმა ოთხმოც წელზე მეტი იცხოვრა! დიახ, რვა ათეულს გადააბიჯეს, მაგრამ მათი ამქვეყნად ფიზიკური არსებობაც წუთი იყო (“წუთისოფელი”). ამით არის გამართლებული ცნობილი ხალხური ლექსის გადაწერა “ფოტო”-კოლაჟის ბოლოს.

ასე ქმნის პოსტმოდერნიზმი მონტაჟის ტექნიკის გამოყენებით ახალ მხატვრულ ღირებულებებს ძველისაგან.


* * *

პოსტმოდერნიზმის ერთ-ერთი პრაქტიკათაგანია დეკონსტრუქცია (დეკონსტრუქტივიზმი). დეკონსტრუქციის მეთოდი სალიტერატურო კრიტიკის მეთოდია, მაგრამ მისი გამოყენებით ვახტანგ ჯავახაძე უნიკალურ მხატვრულ ტექსტებს ქმნის.

ჯერ მოკლედ დავახასიათოთ ჟაკ დერიდასეული დეკონსტრუქციული ანალიზის დედაარსი.

ჟაკ დერიდა ტრადიციული ბინარული (ორწევრა) ოპოზიციის დეკონსტრუქციას ახდენს. ბინარული (ორწევრა) ოპოზიციის შემადგენელი კომპონენტები უპირისპირდებიან და გამორიცხავენ კიდეც ერთმანეთს. ასეთი ოპოზიციები უთვალავია, მაგალითად: სინათლე და სიბნელე, სიკეთე და ბოროტება, სიმართლე და სიცრუე, თავმდაბლობა და ამპარტავნობა, ლექსი და პროზა, ზოგადად, პლუსი და მინუსი. თანაც ბინარული ოპოზიციის მარცხენა წევრი პრეტენზიას აცხადებს პრივილეგირებულ მდგომარეობაზე და, ასე ვთქვათ, ჩაგრავს მარჯვნივ მდგომს, რომელზედაც იგი ამავე დროს დამოკიდებულია. მაგალითად, სინათლე მხოლოდ სიბნელის წყალობით არსებობს, სიბნელე რომ არ იყოს, სინათლეც ვერ იარსებებდა. ჟაკ დერიდას დეკონსტრუქციის მიზანი ის კი არ არის ბინარული ოპოზიციის წევრებს ადგილები შეუცვალოს და ამით ღირებულებათა გადაფასება მოახდინოს (მაგალითად, პრივილეგირებული მდგომარეობა სიბნელეს მიანიჭოს სინათლის ნაცვლად), არამედ მისი ამოცანაა მოშალოს წინააღმდეგობა ბინარული ოპოზიციის წევრთა შორის, წარმოაჩინოს მათი დაპირისპირების ფარდობითი ხასიათი.

ვნახოთ, როგორ ახერხებს ვახტანგ ჯავახაძე ტრადიციული ბინარული ოპოზიციის “რითმიანობა – ურითმობა” დეკონსტრუქციას მხატვრულ ტექსტში.

ამ ოპოზიციის მარცხენა წევრს – რითმიანობას – მარჯვენა წევრთან – ურითმობასთან – შედარებით პრივილეგირებული მდგომარეობა უკავია, იგი აღიქმება ლექსის ერთ-ერთ უმთავრეს მაკონსტრუირებელ ელემენტად, ის ურითმობის უარყოფაა, თუმცა ამავე დროს თავის არსებობას მას უნდა უმადლოდეს, როგორც მისთვის აუცილებელ ფონს.

ამ შესავლის შემდეგ წავიკითხოთ ვახტანგ ჯავახაძის ლექსი, ქეთევან დედოფლისადმი მიძღვნილი.

შაჰი ქეთევანისგან რჯულის გამოცვლას მოითხოვს, მოითხოვს მისგან დასტურის სიტყვას “დიაღ”, მაგრამ ქეთევანის პასუხია “არა!” – უარყოფის გამომხატველი სიტყვა:

– დიდსულოვნება ჩვენი
დიდი და დიადია,
ოღონდ დასტური მოგვეც,
დასტურის სიტყვა!

– არა!

აქ ქეთევანისგან დასტურის სიტყვას მარტო შაჰი კი არ მოითხოვს, არამედ ამას დაჟინებით მოითხოვს რითმაც. “მაგრამ ლექსის ლოგიკა რითმის კარნახს კი არ ემორჩილება, არამედ დედოფლის ისტორიულ პასუხს – “არა”... ყოველი სტროფის პირველი სარითმო სიტყვა (...) მოითხოვს ევფონიურ გამართლებას – “დიაღ”, მაგრამ ნაწარმოების აზრობრივი წყობა ყველგან საპირისპირო “არას” წამოწევს” (თ. დოიაშვილი, ლიტერატურულ-კრიტიკული წერილები. თბ., 1982, გვ. 196-197).

მოკლედ, გაუტეხელი მოწამე არც შაჰის თხოვნას დაგიდევთ და არც სალექსო ფორმის მოთხოვნილებას. იგი შეუვალია და მისი ეს შეუვალობა, მისი ნონკონფორმიზმი, რითმიანი სალექსო დისკურსის, პრივილეგირებული სალექსო დისკურსის, მოშლას იწვევს:

– რაც ქვეყნად გაბადია,
და რაც არ გაბადია,
გიბოძებთ ყოველივეს,
 ოღონდ ინებე!

– არა!

– არ არი დიდი ცოდვა
და დიდი ტრაგედია,
იზრუნო მომავალზე,
და სიცოცხლეზე...
                                    
– არა!
    
– თუ გსურს,
ქართული ხმა და
ქართული მელოდია
ოდესმე მოისმინო,
უარს ნუ იტყვი!
– არა!

– თუ გსურს
გახედო კვლავაც
ალაზანსა და ლიახვს,
თანხმობის ერთადერთი
სიტყვა გვაღირსე!
                                          
– არა!

– თუ გსურს
დაბრუნდე კვლავაც
მთათა მაღალთა წიაღ,
ნუღა წარმოსთქვამ – არას,
წარმოსთქვი ოდენ...
                                   
– არა!

– მაშასადმე
რჩევამ ამაოდ ჩაგვიარა,
აღარც მუდარამ გასჭრა,
აღარც მუქარამ...
                                   
– დიაღ!

ბოლო სტროფში, როგორც ვხედავთ, ქეთევან წამებულის ოპონენტიც და სარითმო სიტყვაც (“ჩაგვიარა”) დედოფლისაგან ამჯერად უარყოფის გამომხატველ სიტყვას მოითხოვენ, პასუხად კი “დიაღ” გაისმის (სხვათა შორის, დასკვით სტროფში “არა” ორ არასარითმო სიტყვაშიც ჟღერს – “მუდ-არა-მ”, “მუქ-არა-მ”, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ავტორი ვირტუოზულად ფლობს ვერსიფიკაციის ხელოვნებას).

ვერ ვიტყვით, რომ ეს რითმიანი ლექსია, ანუ რითმიანი სალექსო დისკურსია, მაგრამ ვერც იმას ვიტყვით, რომ ურითმო სალექსო დისკურსთან გვაქვს საქმე. ეს გახლავთ ბინარული იპოზიციის დეკონსტრუქცია დერიდასებური გაგებით, ეს არის ოპოზიციის შემადგენელ კომპონენტებს შორის დაპირისპირების მოსპობა, მათი რელატიურობის წარმოჩენა. უარყოფილი რითმიანი კონსტრუქცია ამ ტექსტში იმანენტურად მაინც არსებობს, მაგრამ ლექსის “ფაქტურაში” იგი ჯიუტად არ ვლინდება, რაც შინაარსთან მიმართებით უკომპრომისობის, ნონკონფორმიზმის თემის ეფექტური, უნიკალური ფორმით ხორცშესხმას განაპირობებს.

ამ ტექნიკით შესრულებული ლექსი ვახტანგ ჯავახაძეს სხვაც აქვს. ვნახოთ ორი სტროფი იქიდან:

დაისადგურებს სულში
სიცივე გამთიშავი,
შორს, თანაგრძნობის ნიშნად
მთა გამოჩნდება თეთრი.
…. . . . . . . . . . . . .
და თუკი მთვარემ ზეცა
მოაშარავანდედა,
დაგესიზმრება ისევ
შენზე უმცროსი მამა.

სრულყოფილად დაახასიათა ამ ლექსის თავისებურებები თეიმურაზ დოიაშვილმა 1978 წელს გამოქვეყნებულ წერილში “არ ვეთანხმები მაინც მაგელანს...”. კერძოდ, იგი წერს:

“ევფონიური სიტყვის” “ლოგიკური სიტყვით” შეცვლის ეფექტი განსაკუთრებით საგრძნობია მაშინ, როდესაც რითმა შეცულია, ე. ი. როდესაც რითმის პირველი თანაწევრი მთლიანად შეიცავს ასოციაციურად მისაგნებ სიტყვას, “მოსალოდნელი” და “რეალური” სიტყვები კი ერთმანეთის ანტონიმებია (...). პოეტი ქმნის ისეთ კონსტრუქციას, სადაც რითმა, როგორც ასოციაციური წევრი, არსებობს, მაგრამ უარიყოფა კიდეც აზრობრივი ლოგიკით. რითმა არის და არც არის”.

ჩვენ მხოლოდ იმას დავუმატებდით ამ მსჯელობას, რომ ეს “არის და არც არის” წარმოადგენს სწორედ ჟაკ დერიდასთან დეკონსტრუქციის მიზანს.

ვახტანგ ჯავახაძის ლექსებში მხატვრული გამოსახვის უამრავ ნაცად თუ ორიგინალურ პოსტმოდერნისტულ ხერხს წააწყდებით. პოეტის გამომგონებლობას ამ სფეროში ჭეშმარიტად არა აქვს საზღვარი!





Comments

Popular posts from this blog

ლევან ბრეგაძე - ბესიკ ხარანაულის „კარტოფილის ამოღება“

ლევან ბრეგაძე - ოთარ ჭილაძის „ჩანაწერები“

ლევან ბრეგაძე - კონსტანტინე გამსახურდიას ნოველა “მშვენიერება” და მისი მიმართება ფოლკლორულ წყაროებთან