ლევან ბრეგაძე - ქართული ინტერვიუს ისტორიისათვის

 
დღესდღეობით ერთობ პოპულარული ჟურნალისტური ჟანრი ინტერვიუ ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ჟანრია ამავდროულად.
 
პაატა ნაცვლიშვილი, ამ ჟანრის ისტორიის მკვლევარი, წერს:
 
„დღემდე მიღებული მოსაზრებით, იგი [ინტერვიუ] ამერიკული გამოგონებაა და მისი პირველი ნიმუშები მაშინ შეიქმნა, როცა პრესის ისტორია უკვე სამ საუკუნეს ითვლიდა. [...] მკვლევართა ერთი ნაწილი ფიქრობდა და ფიქრობს, რომ ინტერვიუს პირველი ნიმუშები პრესაში 1860-ანი წლების მეორე ნახევრიდან გამოჩნდა“ [ნაცვლიშვილი 2012: 82]. ზოგიერთი მკვლევრის მოსაზრების თანახმად კი, „ინტერვიუ XIX საუკუნის 30-იანი წლების ამერიკულ პრესაში ჩნდება, როგორც კრიმინალური ქრონიკის ქვეჟანრი, რომელსაც რეპორტიორები ეგრეთწოდებული „ადამიანური ისტორიების“ გადმოსაცემად იყენებენ“ [ნაცვლიშვილი 2012: 83].
 
მაგრამ, პაატა ნაცვლიშვილის მართებული მოსაზრებით, თანამედროვე ინტერვიუს ეს წინაპრები „უფრო მეთოდით იყო ინტერვიუ, ვიდრე ფორმითა თუ ჟანრობრივად“ [ნაცვლიშვილი 2012: 83].
 
ისტორიის გარდა ინტერვიუს პრეისტორიაც მოეპოვება. შესაძლოა ვილაპარაკოთ ინტერვიუს წინაპრებზე იმ ეპოქებიდან, როდესაც ჯერ კიდევ არ არსებობდა პრესა, ჟურნალისტიკა. ამავე მკვლევრის სავსებით მართებული შეხედულებით, „გაზეთი და ჟურნალი, თავისთავად, ჟურნალისტური ტექნოლოგიებია, მაგრამ სულაც არ არის აუცილებელი, ყველაფერი, რაც გაზეთსა და ჟურნალში იბეჭდება, ჟურნალისტიკა იყოს. მეორე მხრივ – შეიძლება ტექსტი, რომელიც ჟურნალისტური ტექნოლოგიით არ გავრცელებულა, თავისი არსით სწორედაც ჟურნალისტიკას წარმოადგენდეს“ [ნაცვლიშვილი 2012: 86].
 
ამ წანამძღვრიდან გამომდინარე, პაატა ნაცვლიშვილი აკეთებს სენსაციურ განცხადებას:
 
„პირველი ინტერვიუ საქართველოს სინამდვილეში 1756 წელს ჩაიწერა და იგი, იმავდროულად, არის პირველი ინტერვიუ მსოფლიო ჟურნალისტიკის ისტორიაში!“ [ნაცვლიშვილი 2012: 84]. მკვლევარი გულისხმობს ტიმოთე გაბაშვილისა (1704-1764) და ევგენიოს ბულგარისის (1716-1806) საუბარს ათონის მთაწმინდაზე 1756 წლის აპრილში. ტიმოთე გაბაშვილს, ჩვენს გამოჩენილ სასულიერო მოღვაწეს, ქუთათელ და შემდეგ ქართლის მთავარეპისკოპოსს, დიპლომატს, მწერალსა და მოგზაურს, თავის წიგნში, რომლის სათაურია „მიმოსლვა“, შეტანილი აქვს ზემოთ დასახელებული საუბრის ჩანაწერი, რომელიც კითხვა-პასუხის ფორმით არის წარმოდგენილი [გაბაშვილი 1956: 50-51].
 
ანუ, თანამედროვე ტერმინოლოგიით თუ ვიტყვით, ინტერვიუერი არის ტიმოთე გაბაშვილი, ხოლო ინტერვიუირებული – „ახალი საბერძნეთის ყველაზე სახელოვანი ღვთისმეტყველი, ათონის მთის ცნობილი საღვთისმეტყველო სკოლის რექტორი, ევგენიოს ბულგარისი [...], შთამბეჭდავი ბიოგრაფიის მქონე დიდი ფილოსოფოსი, რომელსაც ტიმოთე გაბაშვილი „ახალ პლატონად“ მოიხსენიებს“ [ნაცვლიშვილი 2012: 86].
 
მათი კითხვა-პასუხი შეეხება როგორც საღთვისმეტყველო, ასევე გეოგრაფიულ საკითხებსაც (ტიმოთე გაბაშვილს აინტერესებს რატომ იხსენიებიან ესპანელებიც და ქართველებიც იბერიელებად. მისი შეკითხვა ასეა ფორმულირებული: „ვითარ და რასათვის ქართველთა შპანია ეწოდების და შპანიელთა ქართველი?“, აგრეთვე – „რასათვის ფრანგნი და მრავალნი ქართლს გიორგიანად უწოდენ და თურქნიცა, ვითარმედ გურჯნი?“).
 
მკვლევრის შეფასებით, „თავისი ფორმით ეს ტექსტი ნამდვილი ინტერვიუა და ამ ჟანრის ყველა ნიშან-თვისებას ატარებს, თუმცა კითხვა-პასუხი აქაც რამდენადმე პერიფრაზირებულია. დღევანდელი გაგებით, იგი უფრო მეტადაა ინტერვიუ, ვიდრე ინტერვიუს პირველ ნიმუშებად მიჩნეული ის ამერიკული ტექსტები, რომლებზეც ზემოთ გვქონდა საუბარი. მერე რა, რომ იგი პრესაში არ გამოქვეყნებულა და მხოლოდ წიგნის ერთი ფრაგმენტია. მერე რა, რომ იგი არ არის ჩაწერილი ჟურნალისტის მიერ და საერთოდ, როცა ეს ინტერვიუ შედგა, სიტყვა „ჟურნალისტიკა“ არც კი არსებობდა“ [ნაცვლიშვილი 2012: 85].
 
პაატა ნაცვლიშვილმა ფართოდ და ღრმად განიხილა საკითხი. კერძოდ, მან წარმოაჩინა, რომ ყოველგვარი დიალოგი როდი ჩაითვლება ინტერვიუდ, თუნდაც რომ ის მასობრივი ინფორმაციის საშუალებით იყოს გავრცელებული. იგი მკაფიოდ განასხვავებს ერთმანეთისგან ინტერვიუს, როგორც ჟანრს, და ინტერვიუს, როგორც მეთოდს: „ინტერვიუ, უწინარეს ყოვლისა, მოსაუბრეთა შორის როლების არათანაბარ განაწილებას გულისხმობს, როცა ერთი მხარე თითქმის არ გამოხატავს თავის აზრს და მეორისაგან სიახლის გაგებას ესწრაფვის, თანაც არა მხოლოდ და არა იმდენად თავისთვის, რამდენადაც სხვათათვის გასაზიარებლად. ინტერვიუდ ვერ ჩაითვლება პლატონის კლასიკური დიალოგები; ინტერვიუ არ არის ღირსი ანასტასი სინელის, წმინდა მარკოზ ეფესელის ან იაკობ შემოქმედელის კითხვა-მიგებანი [...]; ინტერვიუ არ არის არც გოეთესა და ეკერმანის, თავისთავად, უაღრესად საინტერესო საუბრები, არც პოეტ გრიგოლ აბაშიძის მიერ 1899 წელს გალექსილი „კითხვა-მიგება“ და არც გოდერძი ჩოხელის მთლიანად კითხვა-პასუხზე აგებული რომანი „ადამიანთა სევდა“... ჟურნალისტური გაგებით, ინტერვიუ არ არის მოძღვრისა და მრევლთაგანის, მასწავლებლისა და მოსწავლის, ექიმისა და პაციენტის, გამომძიებლისა და ეჭვმიტანილის, მოსამართლისა და მოწმის, დამსაქმებლისა და სამუშაოს მაძიებლის კითხვა-პასუხი, თუმცა ყველა ამ შემთხვევაში საქმე სწორედ ინტერვიუს მეთოდთან გვაქვს“ [ნაცვლიშვილი 2012: 81].
 
2013 წლის დეკემბერში პაატა ნაცვლიშვილის ეს ნაშრომი ინგლისურად გამოქვეყნდა „Eუროპეან შციენტიფიც ჟოურნალ“-ში [Nატსვლისჰვილი 2013: 384-387], რის შემდეგაც ის ფაქტი, რომ პირველი ინტერვიუ მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში მე-18 საუკუნის ქართველ მწერალს, დიპლომატს, მოგზაურსა და საეკლესიო მოღვაწეს, მთავარეპისკოპოს ტიმოთე გაბაშვილს ეკუთვნის, ინგლისურ ვიკიპედიაშიც აისახა [Interview (journalism)].
 
ეს არის ქართული მწერლობის ერთობ საყურადღებო მოვლენის ინტერნაციონალიზაციის წარმატებით დაგვირგვინებული მცდელობა. ამ ფაქტის საერთაშორისო აღიარება ამშვენებს ქართული დოკუმენტური პროზის არაჩვეულებრივად მდიდარ და მრავალმხრივ საინტერესო ისტორიას.
 
* * *
ქართულ პრესაში ინტერვიუს გამოჩენის ისტორიას რამდენიმე ნაშრომში შეიძლება გავეცნოთ.
 
ნოდარ ტაბიძის კვლევით, „საქართველოში ინტერვიუ მხოლოდ XX საუკუნეში იკიდებს ფეხს. ეს ჩანს „თეატრსა და ცხოვრებაში“ 1910 წელს გამოქვეყნებული გ. თუმანიშვილის წერილიდანაც: „მაგრამ ახალ ჟურნალს, როგორც მისი სათაური გვიჩვენებს, კიდევ სხვა დანიშნულება აქვს: მიზნად მას აქვს სცენის დაახლოება ცხოვრებასთან. ჩემის აზრით, ამის მიღწევა შეიძლება, სხვათა შორის, შემდეგის გზით. კარგი იქნება ახალმა ჟურნალმა შეითვისოს ის ჩვეულება, რომელიც არსებობს საზღვარ-გარეთის ჟურნალ-გაზეთობაში. ეს არის ესრედ წოდებული „ინტერვიუ“, ე. ი. საუბარი სხვა და სხვა ცნობილ მოღვაწესთან ამა თუ იმ საინტერესო საგანზე“ [ტაბიძე 1978: 51-52; შდრ. ნაცვლიშვილი 2012: 83-84; შდრ. თუმანიშვილი 1910: 3].
 
დალი ოსეფაშვილს, ავტორს ნაშრომისა `პუბლიცისტიკის ჟანრთა ტრანსფორმაცია თანამედროვე ქართული პრესის მიხედვით~, 1904 წლის „ივერიაში“ მიუგნია, როგორც თვითონ წერს, „ელემენტების სახით წარმოდგენილ ამ ჟანრის ნიმუშებისთვის“, გამოქვეყნებულს რუბრიკით „ომის თემები“, ესენია „უცხოური დეპეშათა სააგენტოების მიერ გავრცელებული 2-3 კითხვიანი დიალოგები, რომლებიც რუსეთ-იაპონიის ომს შეეხება“, რაც საყურადღებო ფაქტია ქართულ პრესაში ინტერვიუს ისტორიის შესწავლის თვალსაზრისით, თუმცა, მკვლევრისავე სიტყვით, „ძნელია, ეს ნათარგმნი, მცირე ინტერვიუები საქართველოში ამ ჟანრის პირველ კლასიკურ ნიმუშებად ჩაითვალოს“ [ოსეფაშვილი 2004: 123].
 
პაატა ნაცვლიშვილი მე-19 საუკუნის ქართულ პრესაშიც პოულობს ინტერვიუს (გაზ. „ივერია“, 22.06.1893, გვ. 3) – ისიც იაპონიას უკავშირდება (იაპონიის სოციალისტური პარტიის ერთ-ერთ მეთაურთან არის საუბარი). მკვლევრის სიტყვით, ეს ფორმით კლასიკური ინტერვიუა, „მგრამ აშკარაა, რომ უცხოური, ალბათ რუსული, პრესიდან უნდა იყოს თარგმნილი“ [ნაცვლიშვილი 2012: 84].
 
დალი ოსეფაშვილი განაგრძობს ქართული ინტერვიუს ძიებას და გვაუწყებს:
 
„როგორც ჩანს, ქართულ სინამდვილეში 1910 წლის შემდეგაც, კარგა ხანს უჭირს ამ ჟანრს დამკვიდრება. ამის თქმის უფლებას გვაძლევს ჩვენ მიერ გაცნობილი ყოველდღიური გაზეთი „საქართველო“ (1915-17 წწ.). მისი სამი წლის ნომრებში მხოლოდ ერთ ინტერვიუს წავაწყდით – ალ. ახმეტელის „საუბარი საქართველოს ექსარხოსთან“ [ოსეფაშვილი 2004: 123-124].
 
გაზეთ „საქართველოს“ 1916 წლის 15 იანვრის ნომერში გამოქვეყნებული ეს ინტერვიუ, რომელიც გამოჩენილ რეჟისორს ალექსანდრე (სანდრო) ახმეტელს ეგზარქოს პლატონისაგან აუღია, მკვლევარს კლასიკურ ინტერვიუდ არ მიაჩნია, ვინაიდან, მისი დაკვირვებით, ის ჩანახატის, რეპორტაჟის და ანგარიშის ელემენტებსაც შეიცავს, რის გამოც იგი მას „ინტერვიუს განვითარების ადრეულ ეტაპს“ მიაკუთვნებს [ოსეფაშვილი 2004: 124-125].
 
დღემდე მიკვლეული არ ყოფილა ამაზე ადრინდელი ორიგინალური ქართული ინტერვიუ, არადა იგი არსებობს.
 
ალექსანდრე (სანდრო) ახმეტელისა და ეგზარქოს პლატონის საუბრამდე ოთხი წლით ადრე, 1912 წელს, გაზეთ „სახალხო გაზეთის“ 669-ე ნომერში (08.08, გვ. 3) დაიბეჭდა გაზეთის ანონიმი თანამშრომლის ინტერვიუ აკაკი წერეთელთან, რომელიც (ჯერჯერობით!) ყველაზე ადრინდელ ქართულ ინტერვიუდ უნდა ჩაითვალოს. იგი არ შესულა აკაკი წერეთლის აკადემიურ 15-ტომეულში (1950-1963), არც კრებულებში: „უცნობი აკაკი“ (ახლად გამოვლენილი ნაწარმოებები, გამოსაცემად მოამზადეს იუზა ევგენიძემ და ნანა ფრუიძემ; თსუ, აკაკი წერეთლის კაბინეტი. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2001. – 251 გვ.) და აკაკი წერეთლის „უცნობი პუბლიცისტიკა“ (შემდგ.: ნანა ფრუიძე, ჯულიეტა გაბოძე, ელისაბედ ზარდიაშვილი. თბილისი: ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა, 2010. – 267 გვ.).
 
ამ ინტერვიუს შემოკლებული და ალაგ-ალაგ ჩასწორებული ტექსტი გაზეთ „თბილისში“ გამოაქვეყნა 1965 წელს (17.03) ადვოკატმა და ჟურნალისტმა ვახტანგ სიდამონიძემ სათაურით „აკაკის ინტერვიუ“ (პუბლიკატორს არ აინტერესებდა ამ ინტერვიუს როლი და ადგილი ქართული ჟურნალისტიკის ისტორიაში).
 
გთავაზობთ ინტერვიუს სრულ ტექსტს:
 
„ს ა უ ბ ა რ ი  ა კ ა კ ი ს თ ა ნ
 
გუშინ, შუადღის 12 საათზე გავეშურე „თემის“ რედაქციისაკენ. იქ, ბ. გრიგოლ დიასამიძის ბინაზე ჩამოხტა ჩვენი ძვირფასი მოხუცი აკაკი, რომელიც გუშინ წინ დაბრუნდა რაჭა-ლეჩხუმში მოგზაურობისაგან.
გულის ფანცქალით შევდგი ფეხი ოთახში. უსაზღვრო სიყვარული ძვირფასი მგოსნისადმი არ მაძლევდა ნებას დამშვიდებით ვყოფილიყავ. აკაკის ძლიერ მხიარული გამომეტყველება აქვს, მზე მოჰკიდებია. „სახალხო გაზეთის“ მხრივ მი[ვ]ულოცე და ხანგრძლივი სიცოცხლე ვუსურვე. აკაკიმ მადლობა მითხრა და თავაზიანად გამიზიარა საგაზეთოდ ზოგიერთი აზრი.
 
– როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ მოგზაურობიდან საერთოდ?
 
– განა შეიძლება აღწერა ჩემი აღტაცებისა და ყველა იმისი, რაცა ვნახე? ისეთი აღფრთოვანება იყო ყველგან, რომ სიზმარში მეგონა თავი.
 
შემდეგ ჩემ შენიშვნაზე, მზე მოგკიდებიათ, აკაკიმ ბრძანა:
 
– ყველანი მეუბნებიან, გაშავებულხარო. როგორ არ გავშავდებოდი, როდესაც საზღვრებიდან დაწყებული, ე. ი. ქუთაისის გუბერნიას რომ გავცილდით, ონამდის ორივე მხარეს ჩამწკრივებული იყო ხალხი: „ვაშას და აკაკის გაუმარჯოს“ ყვირილით მეგებებოდნენ. მეც სრულიად დამავიწყდა ყველაფერი და ქუდი აღარც კი გამხსენებია, არ დამიხურავს.
 
– ქალებიც იღებდნენ მონაწილეობას?
 
– ყველაზე სასიამოვნო ის იყო, რომ ამ ზეიმში უმეტეს ნაწილად გლეხობა იღებდა მონაწილეობას. ქალებიც და ბავშვებიც აუარებელი იყო.
 
– თან გახლდათ ვინმე აქედან წაყოლილთა გარდა?
 
– რასა ბრძანებთ? საოცარი ის იყო, რომ მუდამ თანა მსდევდა ასი-ორასი კაცისაგან შემდგარი ცხენოსანი. ონში რომ ჩაველით, კი მგონი ხუთასამდე კაცი ჩაგვყვა. მიკვირდა სწორედ, სად შეიკრიბა ამდენი ხალხი ამ მუშაობის დღეებში, ვინ შეატყობინა?
 
– რასა ბრძანებთ, ბატონო, როგორ თუ რა უნდოდათ. აკაკის ნახვას ეღირსნენ!..
 
– მე პირდაპირ მცხვენიან მაგ ფიქრისა. მე რომ არ ვყოფილიყავ, სხვა რომ ყოფილიყო ვინმე ჩემ ალაგას, ჩემს აღფრთოვანებას საზღვარი არ ექნებოდა, მაგრამ მე რომ ვიყავი, მერიდებოდა, მრცხვენოდა.
 
– რა საკვირველია თქვენ არ ამბობთ ამას, მაგრამ მეკი და ყოველი ქართველიც მგონი, დარწმუნებულია, რომ თქვენი ღვაწლის დაფასება შეუძლებელია და ეს აღფრთოვანება ხალხისა დამსახურებულია თქვენგნით.
 
– არა, მე მგონია ამის ღირსი არა ვარ, ეს გადაჭარბებულია. კიდევ უკეთესი: მე მგონია, რომ ის გამოღვიძება, რომელიც იქ იყო, მე კი არ მეკუთვნის, ის სხვას ელის.
 
– როგორი შთაბეჭდილება მიიღეთ რაჭველებისაგან?
 
– რაჭველები ჭკუა მძიმე ხალხად მქონდა წარმოდგენილი. მაგრამ ჩემს განცვიფრებასა და სიხარულს საზღვარი არა ჰქონდა, როდესაც ბევრი გლეხკაცთაგანის სიტყვა საბერძნეთის ორატორებსაც კი შეშურდებოდათ. მაგალითად, ერთი მოხუცი ასოცი წლის იყო, ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან სთქვა, ლევან დადიანს ვემსახურებოდიო, და მას აქეთ სწორედ ასი წელია; ამ გლეხმა სიტყვა მითხრა და სთქვა, ამ სახლში რომ ბრძანდებით, ეს სახლი გრიგოლ წერეთელს ეკუთვნოდა, შემდეგ კი გოცირიძეს დარჩა, გრიგოლ წერეთელი იმდენად მკაცრი იყო, აი გზას რომ ჰხედავთ, არცერთ თავადაზნაურს არ შეეძლო შიშით ყველა ხელზედაც კი ჰკოცნიდნენო [აქ რაღაც აკლია ტექსტს. – ლ. ბ.]. სამჯერ შემოიყვანა რუსის ჯარი და ააწიოკა აქაურობა. მაგრამ ღმერთმა მომასწრო, რომ ეხლა ამავე სახლში ვხედავ მეორე წერეთელს, მაგრამ არა ცეცხლითა და მახვილით მომავალს, არამედ ხალხის სიყვარულითა და ნდობით აღჭურვილს, ქართველს ხალხის მოჭირნახულეს და მესვეურს. ამაზე სანეტარო ჩემთვის რა იქნება. შემდეგ და ეხლა თუ სიცოცხლე მომესპობა, აღარად მიმაჩნიაო“.
 
აქ წყდება ტექსტი, რომელსაც ბოლოში ფრჩხილებში ჩასმული ეს ორი სიტყვა უზის: „დასასრული იქნება“. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენთვის უცნობი მიზეზის გამო, დასასრული აღარ გამოქვეყნებულა.
 
ამჟამად შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი გამოსცემს აკაკი წერეთლის თხზულებათა 20-ტომეულს, გამოსულია 10 წიგნი, რომელთა შორის პუბლიცისტიკის შემცველი ტომები ჯერ არ ჩანს. იმედია, ერთ-ერთ შემდგომ ტომში ამ ინტერვიუსაც ვიხილავთ, რომელიც ამ ჟანრის პირველ ქართულ ნიმუშად უნდა ჩაითვალოს.
 
* * *
ისე მოხდა, რომ ქართული პრემოდერნიდან მოდერნის ეპოქაზე გადასვლა, ორი ნიშანდობლივი ფაქტის მეოხებით, აკაკი წერეთლის სახელთან არის ასოცირებული:
 
1. საქართველოში ყველაზე ძველი არამუსიკალური აუდიოჩანაწერი არის აკაკი წერეთლის მიერ წაკითხული ლექსები და მისი მიმართვა მომავალი თაობისადმი. აკაკი არის პირველი ქართველი მწერალი, რომლის ხმა გრამოფონმა შემოგვინახა;
 
2. ქართული კინოს ისტორია იწყება ვასილ ამაშუკელის მიერ 1912 წელს გადაღებული სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმით „აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“. აკაკი არის პირველი ქართველი მწერალი, რომლის მოძრავი გამოსახულება კინოფირმა შემოგვინახა.
 
და ამის შემდეგ ლამის კანონზომიერებად მოჩანს, რომ პირველი ქართული ინტერვიუც აკაკის სახელს უკავშირდება.
 
როგორც გრამოფონი და კინემატოგრაფი, ასევე ინტერვიუც ახალი ეპოქის დაწყების მაუწყებელნი არიან, პირველი ორი – ტექნოლოგიური რევოლუციის პროდუქტია, მესამე კი – ტექნოლოგიური რევოლუციის ეპოქას ყველაზე მეტად მორგებული ჟურნალისტური ჟანრი გამოდგა.
 
*
დამოწმებული ლიტერატურა
 
გაბაშვილი 1956: გაბაშვილი ტ. 1956, მიმოსლვა. ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ელ. მეტრეველმა. თბილისი
 
თუმანიშვილი 1910: თუმანიშვილი გ. 1910, სათეატრო ჟურნალის დანიშნულებანი. თეატრი, #2, 3-4
 
ნაცვლიშვილი 2012: ნაცვლიშვილი პ. 2012, ძველი ტექსტი ახალი თვალით. უფლის ციხე, #2, 81-93
 
ოსეფაშვილი 2004: ოსეფაშვილი დ. 2004, პუბლიცისტიკის ჟანრთა ტრანსფორმაცია თანამედროვე ქართული პრესის მიხედვით (ინფორმაციული შენიშვნა, ანგარიში, ინტერვიუ და რეპორტაჟი). თბილისი 
 
ტაბიძე 1978: ტაბიძე ნ. 1978, ინტერვიუ. კრებულში: საბჭოთა ჟურნალისტიკის თეორია და პრაქტიკა, ნაწ. 2. თბილისი, 51-66 
 
Interview (journalism): https://en.wikipedia.org/wiki/Interview_(journalism) (bolo naxva: 21.11.2020)
 
Natsvlishvili 2013: Natsvlishvili P. 2013, For the genesis of interview as a genre.   
European Scientific Journal December 2013 /SPECIAL/ edition vol.2 ISSN: 1857 – 7881 (Print) e – ISSN 1857– 7431. https://eujournal.org/index.php/esj/article/view/2376/2249 (bolo naxva: 21.11.2020)
 
*
გელათის მეცნიერებათა აკადემიის შრომები, VII. თბილისი: 2021, გვ. 159-167.





Comments

Popular posts from this blog

ლევან ბრეგაძე - ბესიკ ხარანაულის „კარტოფილის ამოღება“

ლევან ბრეგაძე - ოთარ ჭილაძის „ჩანაწერები“

ლევან ბრეგაძე - კონსტანტინე გამსახურდიას ნოველა “მშვენიერება” და მისი მიმართება ფოლკლორულ წყაროებთან