ლევან ბრეგაძე - უსირცხვილოს თუ არ არცხვენ“
განათლების სისტემის ე. წ. რეფორმას, რომელიც ახლა ჩვენში მიმდინარეობს, ყველასათვის ცნობილ ოფიციალურ მესვეურთა გარდა „რუხი კარდინალებიც“ წარმართავენ. ამ წერილში ერთ-ერთ მათგანზე, საერთაშორისო შარლატანზე, გვექნება საუბარი. ის რამდენიმე წლის წინ დაბრუნდა თბილისში ხანგრძლივი ევროპული „ტურნედან“ და თანამზრახველთა მოწადინებით, რომელთა შორის ზოგი მისი საყვარელი მასწავლებელია, ზოგიც არანაკლებ საყვარელი მოწაფე-მეგობარი, დიდი სწავლულისა და მოაზროვნის სახელი დაიგდო. ბოლოს, ეტყობა, თვითონაც დაიჯერა თავისი მნიშვნელოვანება, კულტურტრეგერისა და მენტორის მანტია მოისხა, უმეცრები გააცუცურაკა და ყოვლად დაუმსახურებლად რამდენიმე მაღალ სამეცნიერო პოსტზეც ``მოჯდა``.
აქ მის ნამდვილ სახეს წარმოვაჩენთ.
* * *
ხელთა მაქვს მერაბ ღაღანიძის „სინამდვილე და წარმოსახვა დავით გურამიშვილის „მხიარულ ზაფხულში“ („ლომისი“, 2002), ამ ავტორის ერთადერთი მეცნიერული პრეტენზიის მქონე ნაშრომი, მცირე ფორმატის 190-გვერდიანი წიგნი, და მინდა მის შესახებ ჩემი აზრი გაგიზიაროთ.
ჯერ სარჩევს ჩავხედე, მერე დამოწმებული ლიტერატურის სიას და ორი ისეთი წიგნი მოვისაკლისე, მივხვდი - მართლა კნინ ნაშრომთან მქონდა საქმე. მართლა-მეთქი იმიტომ ვამბობ, რომ წინათქმაში თავის ამ ნააზრევს ყალბი თავმდაბლობით თვითონვე უწოდებს მოკრძალებულსა და კნინს (მე-8 გვერდზე წერს: „ჩვენს მოკრძალებულ და კნინ ნაშრომში ვეცადეთ გაგვეგო...“ და ა. შ. ამ თავმდაბლობის სიყალბე იქიდანაც ჩანს, რომ ბოლოთქმაში განსახილავ წიგნს მთელი თავისი თაობის ლიტერატორთა ინტერესებისა და შესაძლებლობების წარმომჩენად სახავს, იმის ილუსტრაციად, „თუ როგორ ფიქრობდა იმდროინდელი ახალგაზრდა თაობა ლიტერატურის შესახებ, როგორ ესახებოდა ამ თაობას ლიტერატურის კვლევისა და ლიტერატურული კვლევის მიმართულებანი“ (გვ. 188). (ხაზგასმები აქაც და ქვემოთაც ჩვენ გვეკუთვნის, ისევე, როგორც ფრჩხილებში ჩასმული კითხვის ნიშნები ციტატებში. - ლ . ბ.).
იმ ორი ნაშრომიდან, დამოწმებული ლიტერატურის სიაში რომ ვერ აღმოვაჩინე, ერთის ავტორი გრიგოლ კიკნაძე გახლავთ.
ნახეთ არაკეთილსინდისიერების რა დონეა: დავით გურამიშვილის შემოქმედებაზე წერდე, შესწავლის მთავარ საგნად პოემა „მხიარული ზაფხული“ გაგეხადოს, საგანგებო ყურადღებას უთმობდე იუმორსა და სიცილს ამ პოემაში და, საზოგადოდ, მთელ „დავითიანში“, აცხადებდე - „სიცილს ამ ტკივილიან წიგნში დიდი და მნიშვნელოვანი ადგილი უკავიაო“ (გვ. 92) და არსად ახსენებდე გრიგოლ კიკნაძეს, ავტორს ფუნდამენტური გამოკვლევისა - „ქართული სატირისა და იუმორის განვითარების ისტორიისათვის“!
მ. ღაღანიძე წერს: „სიცილის გარემო განუსაზღვრელად ბატონობს „დავითიანის“ ფურცლებზე, მაგრამ ხშირად იგი ტრაგიკულის საფუძველზეა აღმოცენებული... გურამიშვილი სერიოზულად აღიქვამდა თავის ბედკრულობას და ამიტომ არ აძლევდა თავის თავს უფლებას სერიოზულად ელაპარაკა მის შესახებ“ (გვ. 95).
აზრის გამოთქმის პარადოქსული ფორმა აქ ვერ მალავს უზუსტობას: ისე გამოდის, თითქოს სერიოზულ ბედკრულობაზე სერიოზულად არ შეიძლებოდეს გზიანი საუბარი.
დავით გურამიშვილის მსოფლხედვის ამ თავისებურებას ყურადღება ბევრად ადრე მიაქცია გრიგოლ კიკნაძემ, აღწერა ეს მოვლენა და მისი მართებული შეფასებაც მოგვცა:
„როგორც ჩანს, მოვლენათა განხილვის ვერც რელიგიურმა ასპექტმა და ვერც გამოკვეთილმა დიდაქტიკურმა თვალსაზრისმა - ვერ შეაფერხეს გამომჟღავნება ჩვენი პოეტის ხალისიანი განწყობილებისა. მას, მარტოხელად დარჩენილ ამ ადამიანს, კიდევ შერჩა იმის უნარი, რომ სერიოზული და ზოგჯერ წმინდათა-წმინდად მიჩნეული საკითხები, კომიკურ საღებავებში წარმოედგინა და დაეხასიათებინა“ (II გამოც. გვ. 121).
ან იქ როგორ უნდა აევლო გვერდი გრიგოლ კიკნაძისთვის, სადაც დავით გურამიშვილის თვითირონიაზე გველაპარაკება! შეადარეთ ქვემოთ მოყვანილი ორი ციტატა ერთმანეთს, და განსაჯეთ, ამ საკითხზე მაინც თუ ამბობს რამეს ახალს, გამოჩენილი მეცნიერისგან განსხვავებულს:
„...სადაც იგი (დავით გურამიშვილი. - ლ. ბ.) საკუთარ ბედს ქართლ-კახეთის მწარე ბედს უერთებს, თვითირონია ბატონობს... ის, როგორც ყოველი ზნემაღალი ადამიანი, სიმაღლიდან დაჰყურებს თავის ყოველ ფათერაკსა და დამარცხებას; თვით იქაც კი, როდესაც (მიაქციეთ ყურადღება: „იქაც კი, როდესაც“. ავტორის ენობრივ უმწეობაზე ქვემოთ გვექნება საუბარი. - ლ. ბ.) თავის, ალბათ, საკმაოდ მძიმე ტყვეობას აგვიწერს დაღესტნის მთებში, იქაც არ ივიწყებს საქილიკო განწყობილებას. „დავითიანის“ ავტორი ამით ამაღლებულია თავის ტკივილებზე და ამით ამარცხებს კიდეც ამ ტკივილებს“ (გვ. 95).
განა გრიგოლ კიკნაძეც ამასვე არ წერს:
„ამ პოეტის იუმორისტიკული თვალსაზრისის გათვალისწინებისათვის უფრო მნიშვნელოვანია მისი საკუთარი თავის, მისი საკუთარი მდგომარეობის, შემფასებელი სტრიქონები. დავ. გურამიშვილი ახერხებს საკუთარ თავზე ამაღლებას; მან შესძლო ისეთი მოვლენების მიჩნევა არარად და ღიმილის მომგვრელ მოვლენებად, რომლებმაც იგი მძიმე და სახიფათო მდგომარეობაში ჩააყენეს; მან მოახერხა თავისი პირადი მდგომარეობის გადაქცევა იუმორისტიკული დახასიათების ობიექტად“ (გვ. 122).
გავითვალისწინოთ, რომ აქ რიგითი ლიტერატურული მოვლენის შეფასებასთან როდი გვაქვს საქმე - თვითირონიამ ქართულ მწერლობაში პირველად (თანაც ასეთი მძაფრი და მაღალმხატვრული ფორმით!) დავით გურამიშვილთან იჩინა თავი. ამიტომაც იმისი მოუხსენებლობა, ვინც უფრო ადრე მიაქცია პოეტის შემოქმედების ამ თავისებურებას ყურადღება, არაკეთილსინდისიერება კი არა, თავხედობაც კია.
წინამორბედი მკვლევარის ნათქვამს - „დავ. გურამიშვილი ახერხებს საკუთარ თავზე ამაღლებას; მან შესძლო ისეთი მოვლენების მიჩნევა არარად და ღიმილის მომგვრელ მოვლენებად, რომლებმაც იგი მძიმე და სახიფათო მდგომარეობაში ჩააყენეს“ - ასე რომ გადააკეთებ: „ის, როგორც ყოველი ზნემაღალი ადამიანი, სიმაღლიდან დაჰყურებს თავის ყოველ ფათერაკსა და დამარცხებასო“ - ამით სხვის ნააზრევს, სხვის დაკვირვებას შენად ვერ აქცევ.
ერთგან წერს: „...ვეცადეთ... შევხებოდით „მხიარული ზაფხულის“ შესახებ გამოთქმულ არცთუ ისე მრავალრიცხოვან მოსაზრებებს`` (გვ. 42).
მერედა, „მხიარული ზაფხულის“ შესახებ არცთუ ისე მრავალრიცხოვანი მოსაზრებები თუა გამოთქმული, მით უფრო არ უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული გრიგოლ კიკნაძის თვალსაზრისი სკაბრეზის თავისებურებასა და ფუნქციაზე ამ პოემაში?!
* * *
მეორე ნაშრომი, რომელიც დამოწმებული ლიტერატურის სიაში ვერ ვიპოვე, და რამაც გამიძლიერა ეჭვი, მართლაც კნინ გამოკვლევასთან რომ მექნებოდა საქმე, ალექსეი ლოსევის „სიმბოლოს პრობლემა და რეალისტური ხელოვნება“ გახლავთ (А. Ф. Лосев, Проблема символа и реалистическое искусство. М., 1976).
ჩვენი ავტორი წამდაუწუმ ოპერირებს ცნებებით: მეტაფორა, ალეგორია, სიმბოლო, ემბლემა; მთელი თავი დაუსათაურებია ამგვარად: „დრო და მეტაფორა“, სადაც ამტკიცებს მეტაფორის ახალი სახეობა აღმოვაჩინე დავით გურამიშვილთანო. ჰოდა, ასეთ დროს როგორ უნდა მოახერხო ა. ლოსევის დასახელებული წიგნის გვერდის ავლა, ვერაფრით გამიგია!
ა. ლოსევის ამ ნაშრომამდე დიდი ქაოსი იყო ზემოთ ჩამოთვლილ ცნებათა გამოყენების თვალსაზრისით, ვინაიდან მეტაფორა, ალეგორია, სიმბოლო, ემბლემა, მართალია, გასხვავდებიან ერთმანეთისაგან, მაგრამ საერთოც აქვთ. ა. ლოსევმა გამოწვლილვითი ანალიზის შედეგად დაადგინა მსგავსება-განსხვავებანი მათ შორის, მკაფიოდ გამიჯნა ისინი ერთმანეთისგან.
როცა ა. ლოსევის ამ ნაშრომის გაუთვლისწინებლად მეტაფორა-ალეგორია-სიმბოლო-ემბლემასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელებ, დიდია შანსი, ისეთივე აბდაუბდა რამ გამოგივიდეს, როგორიც განსახილავი თხზულებაა.
ავტორი იზიარებს გავრცელებულ აზრს, რომ (ტრადიციული) მეტაფორა დავით გურამიშვილის პოეზიის სტილური ნიშანი არ არის, რომ რუსთველისებური მეტაფორული აზროვნება მისთვის უცხოა (გვ. 69), მაგრამ გვაუწყებს, ამ პოეტის შემოქმედებაში განსხვავებული მეტაფორულობა შეინიშნებაო.
დაუგდეთ ყური: „შესაძლოა, „დავითიანში“ არ მრავლობდეს ტრადიციული, სასკოლო ტიპის მეტაფორა, - სახე მხატვრული სამკაულისა (?), - მაგრამ გურამიშვილის მეტაფორა განსხვავებულია, იგი პოეზიისა და ცხოვრების გადაკვეთაზე ცხოვრობს. ამაშია მისი შემოქმედების ერთ-ერთი გამორჩეული და იშვიათი ნიშანი“ (გვ. 69).
(სტილი, სტილი ნახეთ! - „ამაშია... ნიშანი“!).
(სტილი, სტილი ნახეთ! - „ამაშია... ნიშანი“!).
„გურამიშვილი მეტაფორის ახალ სახეს, ახალ რაგვარობას ქმნის. იგი უპირისპირდება თავის წინამორბედთა მეტაფორულ ხედვასა და ხატვას, ისეთს, როცა საგანთა ორერთიანობა პოეტიკური მიზნების სამსახურშია ჩაყენებული, სადაც მეტაფორის სიხასხასესა და სიმკვეთრეს ფორმის ვირტუოზობის (?) მოწოდება (?) წარმოშობს. ``დავითიანის`` ავტორისათვის კი მეტაფორის საფუძველი ხდება არა დაუინტერესებელი, ობიექტური თვალით აღქმული ნივთები და საგნები, სადაც თითოეულმა მათგანმა და მათმა შეთავსებამ უნდა წარმოშვას სილამაზე, არამედ თავად ავტორის - დავით გურამიშვილის ცხოვრება, პოეტის ცხოვრების ფაქტები და მოვლენები`` (გვ. 77).
მისივე აზრით, „...გურამიშვილის წიგნი მთლიანად მეტაფორად შეგვიძლია გავიაზროთ“ (გვ. 71).
ა. ლოსევის ნაშრომში ნათლად არის ნაჩვენები, რომ ის, რაც ამ ჩვენს ავტორს მეტაფორის ახალი სახეობა ჰგონია, მეორე ხარისხის სიმბოლოა (символ второй степени), განსხვავებული წმინდა მხატვრული სახისაგან, რომელსაც ა. ლოსევი პირველი ხარისხის სიმბოლოს უწოდებს („…это безусловно чисто художественный образ, то есть символ первой степени“, გვ. 147).
მოკლედ, ყველა მეტაფორა სიმბოლოა, მაგრამ ყველა სიმბოლო როდია მეტაფორა. პირველი ლოგიკური შეცდომა აქ მოსდის ავტორს.
მისი მეორე ლოგიკური შეცდომა ასეთია: მან იცის, რომ მეტაფორაში ერთიანდება „ორი საგანი, რომელთაც განსხვავებული ადგილი უჭირავთ სივრცეში, ან ორი მოვლენა, რომელთაც განსხვავებული დროითი გამოხატულება აქვთ“ (გვ. 73), მაგალითად, ``გიშრის ტევრი`` და ``წამწამები`` რუსთველის ცნობილ მეტაფორაში: ``სისხლისა ღვარმან შეღება წითლად გიშრისა ტევრები``; ისიც იცის, რომ დავით გურამიშვილმა თავისი პოეზიის ერთ-ერთ მთავარ თემად საკუთარი ცხოვრება აიღო, ამიტომ, მისი აზრით, „ერთი მხრივ, რეალურად მომხდარი ცხოვრებისეული ფაქტი და, მეორე მხრივ, იმავე ფაქტის ხელახალი შეფასება და მენტალური განცდა დროში ფეხმძიმობის (?) შემდეგ შობს მეტაფორას, სადაც ცხოვრების ეს ორი მოვლენა ერთიანად აღიქმება, სადაც რეალური და მენტალური განუყოფელი ხდება, სადაც ორი დროითი ფრაგმენტი ერთიანდება, რითაც დროის მოპოვება და გაუქმება, დროისა და წარმავლობის დაძლევა და დამარცხება ხდება“ (გვ. 77).
აქ შეცდომა ის არის, რომ, მართალია, ყველა მეტაფორაში ერთიანდება „ორი საგანი, რომელთაც განსხვავებული ადგილი უჭირავთ სივრცეში, ან ორი მოვლენა, რომელთაც განსხვავებული დროითი გამოხატულება აქვთ“, მაგრამ ასეთი რამ მარტო მეტაფორაში როდი ხდება. ორი განსხვავებული საგანი ან მოვლენა ალეგორიაშიც ერთიანდება, სიმბოლოშიც და ემბლემაშიც.
მოკლედ, თუ ავტორს ეს საკითხები მართლა აინტერესებს, ვურჩევთ ა. ლოსევის დასახელებულ წიგნში ყურადღებით წაიკითხოს შემდეგი ქვეთავები: „სიმბოლო და მხატვრული სახე“ (გვ. 142), „სიმბოლო და მეტაფორა“ (გვ.153), „სიმბოლო და რეალისტური სახე“ (გვ. 162), ``სიმბოლო და ნატურალისტური ასლი“ (გვ. 164).
და აქვე კიდევ ერთი რამის გამო უნდა ავუწიოთ ყური.
ბოლოთქმაში ეს ვაიმეცნიერი ასეთ რამეს წერს:
„დღეს ხომ აშკარაა, რომ რუსული სამეცნიერო ლიტერატურა, რომლის თეორიულ პოსტულატებს უხვად ეყრდნობა წარმოდგენილი ნაშრომი, მსოფლიო ჰუმანიტარულ აზროვნებას მაშინ (და, ალბათ, ახლაც) მხოლოდ მკრთალად, ნაწილობრივ და მოზრდილი დროითი დაცილებით თუ ირეკლავდა“ (გვ.189).
ამის დამწერს რამე გაეგება „მდგომარეობის შესახებ“ ჰუმანიტარულ აზროვნებაში? თვითონ მისი სტერეოტიპული (შაბლონური) აზროვნების წესი ნახეთ! აქაოდა, რაკი რუსეთი თითქმის ყოველმხრივ ჩამორჩენილი ქვეყანაა, ჰუმანიტარული მეცნიერებებითაც ვერ გამოიჩენდა თავსო! სინამდვილეში კი მ. ბახტინს, რ. იაკობსონს, ი. ტინიანოვს, ა. ლოსევს, ს. ავერინცევს, ვ. ტოპოროვს და მათ თანამედროვე მრავალ სხვა რუს მეცნიერს „სტოსი მიჰყავდა“ მსოფლიო ჰუმანიტარულ აზროვნებაში!
იმ ამბავს, რომ არცერთი არარუსული უცხოური სამეცნიერო ნაშრომი არ გამოუყენებია თავის ამ გამოკვლევაში (არადა, როგორც ვიცი, ეს მისი სადისერტაციო ნაშრომი უნდა იყოს!) ეს ვაჟბატონი ასე ხსნის: „...სხვა ლიტერატურა - სხვაგვარი და სხვაენოვანი ლიტერატურა - იმ დროს მეტად ძნელი ხელმისაწვდომი ან, საერთოდ, ხელმიუწვდომელი იყო“ (იქვე).
ცრუობს! ორი ათეული წლის წინ, მე-20 საუკუნის 80-იანი წლების მეორე ნახევარში შეუქმნია ეს შედევრი. იმ დროისათვის კი უკვე ყველანაირი ლიტერატურის შოვნა შეიძლებოდა ჩვენში, მოწადინებული ხალხი კი ადრეც ახერხებდა ამას!
უცხოური სამეცნიერო ლიტერატურის გამოუყენებლობას მასთან სხვა, გაცილებით „ადამიანური“ მიზეზი აქვს: მათ იგი ვერ წაიკითხავდა.
პოლიგლოტობას, მრავალი ენის, მათ შორის ძველი ბერძნულის ცოდნასაც იჩემებს და ნახეთ მის მიერ ნათარგმნი ერთი ადგილი ა. გურევიჩის ნაშრომიდან ამ წიგნის 76-ე გვერდზე, სადაც იმაზეა ლაპარაკი, რომ დავით გურამიშვილი თავისი დიდი სეხნიის, ბიბლიური დავითის, სულიერ გზას ბაძავს, იმეორებს:
„სახელი ნეიტრალური აღმნიშვნელი არ იყო, ეს ნიშანი იდუმალად ეხებოდა ადამიანის არსს, და ზეციურ ე თ ნ ო ნ ი მ ს ა და მის მოკვდავ სეხნიას შორის გარკვეული კავშირი მყარდებოდა“.
ეთნონიმი ბერძნული სიტყვაა და ხალხის სახელს ნიშნავს (``ეთნოს`` - ხალხი, ``ონიმა`` - სახელი. ეთნონიმია ქართველი, ჩეხი, იტლიელი და მისთანანი). რა შუაშია აქ ეს სიტყვა, რა არის ``ზეციური ეთნონიმი``? არაფერიც არ არის!
ეთნონიმის ნაცვლად ა. გურევიჩთან ე პ ო ნ ი მ ი წერია, რაც ვინმესთვის თავისი სახელის მიმცემს ნიშნავს, იმ პიროვნებას ეწოდება, ვის სახელსაც შემდეგ სხვას არქმევენ. ბიბლიური დავითი ჩვენი პოეტის ეპონიმია. ეპონიმი ვინ ჯგუფის სახელია (სულიერია), ეთნონიმი კი - რა ჯგუფისა (უსულო).
დავით გურამიშვილი ზეციური ეთნონიმის სეხნია კი არ არის (ეს სასაცილოა!), არამედ ზეციური ეპონიმისა!
* * *
ახლა ამ ჩვენი კვაზიმეცნიერის აზროვნების მანერაზე ნათელი წარმოდგენის შესაქმნელად მის რამდენიმე მოსაზრებას გაგაცნობთ.
* * *
ახლა ამ ჩვენი კვაზიმეცნიერის აზროვნების მანერაზე ნათელი წარმოდგენის შესაქმნელად მის რამდენიმე მოსაზრებას გაგაცნობთ.
ქაცვიად წოდებული მწყემსი ბიჭუნა, გურამიშვილის პერსონაჟი, ხომ გახსოვთ. აი, ამ ქაცვიას სულიერ სამყაროს როგორ აგვიწერს იგი, საკვლევი ნაწარმოების ერთი უბირი ყმაწვილი პერსონაჟის გულთამხილავი:
„ქაცვია შინაგანად აღადგენს იმას, რაც ცოტა ხნის წინ მოხდა, - მან იცის, რომ წარსული ის ტექსტია, რომელიც უნდა ამოიხსნას, ის ბიძგია, რომელმაც ნამდვილი აწმყოს დანახვასა და მომავლის განჭვრეტას უნდა მისცეს დასაბამი, ის გაკვეთილია, რომელიც იმ ცოდნას იძლევა, ურომლისოდაც უზენაესთან ზიარებას შეუძლებლად მიიჩნევს გურამიშვილი“.
აქ ცოტა ხანს შევისვენოთ და გავიაზროთ, რა გვითხრეს.
პერსონაჟმა, მწყემსმა ბიჭუნამ, ი ც ი ს, რას მიიჩნევს შეუძლებლად... მისი ავტორი!
განვაგრძოთ ციტირება, ვნახოთ, კიდევ რა ი ც ი ს ქაცვიამ:
``მან იცის, რომ განცდა გამოცდილებად უნდა იქცეს, ყოფიდან უნდა გამოაშუქოს ყოფიერებამ, არსებობამ უნდა დაგვანახოს არსი`` (გვ. 45).
აი, ეს ყოველივე ს ც ო დ ნ ი ა ქაცვიას!
იცისო! - ამის ნაცვლად გუმანით გრძნობსო, ასე მაინც დაეწერა! მაგრამ, რას ვამბობ! გუმანით გრძნობს, რომ ყოფიდან უნდა გამოაშუქოს ყოფიერებამ, არსებობამ უნდა დაგვანახოს არსი? ამის გუმანით გრძნობა ვინ გაიგონა, ეს მართლა უნდა იცოდე!
მომდევნო თავში, სამოცდაათიოდე გვერდის შემდეგ, კიდევ არის საუბარი იმაზე, რა და რა ი ც ი ს ქაცვიამ, მწყემსმა ჭაბუკმა:
`სწორედ ამ ცოდნად ქცეული გამოცდილების შედეგად ი ც ი ს ქაცვიამ, რომ ``ყოველი საგანი საკრალურია, თუკი მას არ დაუკარგავს მთლიან კოსმოსთან კავშირი`` (ტოპოროვი 1983, გვ. 238), მაგრამ მან ისიც ი ც ი ს, რომ ``სივრცე ათავისუფლებს ადგილს საკრალური ობიექტებისათვის და მათში აცხადებს თავის უზენაესს არსს, აძლევს რა ამ არსს ცხოვრებას, ყოფიერებას, საზრისს`` (იქვე)`` (გვ. 114-115).
„იქვეო“, ანუ იმავე ტოპოროვთანო, - რაც ნიშნავს: ვ. ნ. ტოპოროვმა 1983 წელს რომ ნაშრომი გამოაქვეყნა სათაურით ``Пространство и текст`` (კრებულში: Текст: семантика и структура, მ., გამომცემლობა ``ნაუკა``), რომელშიც სივრცისა და საკრალური ობიექტების ურთიერთმიმართების შესახებ ზემოთ ციტირებული ღრმა აზრები გამოთქვა ღრმა მოაზროვნეებზე, მათ შორის მარტინ ჰაიდეგერზე, დაყრდნობით, ეს ყოველივე მე-18 საუკუნის საქართველოში მწყემსმა ბიჭმაც კი იცოდაო; დიახ, გუმანით, ანუ ინტუიციით კი არ გრძნობდა, იცოდა! თუმცა, რას ჩავაცივდი ამ გუმანს: სივრცე რომ საკრალური ობიექტებისათვის ათავისუფლებს ადგილს და მათში თავის უზენაეს არსს აცხადებს, აძლევს რა ამ არსს ცხოვრებას, ყოფიერებას, საზრისს, - ამას გუმანით რას იგრძნობ, ეს უნდა იცოდე!
* * *
ახლა ვნახოთ, ჩვენი ავტორის აზრით, რას ეუბნება, რას უხსნის ეს მწყემსი ბიჭი გოგონას, რომელსაც იგი (მწყემსი ბიჭი) ძალიან მოეწონა:
„ამ დროს გოგოს ჩაკეტილობა იხსნება. იგი ელაპარაკება მეორეს (მწყემს ბიჭს, ქაცვიას. - ლ. ბ.) და მისი შინაგანი სივრცე ამით ფართოვდება. ხოლო იმისათვის, რათა ქალს საზღვარზე გადაბიჯება გაუადვილდეს, მწყემსი ბიჭი უხსნის მას, რომ ყოფიერების კანონები და კანონზომიერებანი უპირველესად დროისა და სივრცის შრეებში აირეკლება, რომ ადამიანი დრო-სივრცეში შინაგანი და გარეგანი ორიენტაციის შემდეგ წვდება თავის თავს, თავის არსს“ (გვ. 82).
ამას როგორ ეტყოდა! სად ეუბნება ამას! სად წერია „მხიარულ ზაფხულში“ ამის მსგავსი რამე?!
უბრალო ამბავია. გაგახსენებთ, სინამდვილეში რა მოხდა.
მწყემსმა გოგონამ მწყემსი ბიჭი დაინახა ჭალაში, მოეწონა და უთხრა, მოდი ერთად დავწვეთო. ბიჭი უარზეა და უხსნის, მხოლოდ ცოლქმრული სიყვარული შეერგებაო ადამიანს. ამას უხსნის, ამას განუმარტავს, და არა იმას, ``რომ ყოფიერების კანონები და კანონზომიერებანი უპირველესად დროისა და სივრცის შრეებში აირეკლება, რომ ადამიანი დრო-სივრცეში შინაგანი და გარეგანი ორიენტაციის შემდეგ წვდება თავის თავს, თავის არსს``.
ვინ დაიჯერებს ამას? რა ჭკუაზე უნდა იყო, რომ მწყემს ბიჭუნას, რომელიც უარზეა ქორწინების გარეშე ტყეში თანაეყოს ამის ძალიან მსურველ გოგონას, ის სიტყვები თუ აზრები მიაწერო, რაც ახლა წავიკითხეთ!
* * *
ანდა ვნახოთ, რა ინტერპრეტაციას აძლევს დავით გურამიშვილის ლექსის „ადამის საჩივარის“ ერთ ადგილს:
„ადამის საჩივარში“ კაცობრიობის მამამთავარი და ავტორი გაუმიჯნავია, მაგრამ გურამიშვილი უფრო ღრმადაც ჩადის პრეისტორიულ შრეებში და მისი ცნობიერება კოლექტიურ მახსოვრობაში, კულტურულ მახსოვრობაში აღმოაჩენს საოცრად არქაულ პლასტებს: ის იხსენებს არა მარტო თავის დასაწყისს, - ადამად ყოფნას, ის იხსენებს ყოფნამდელ ყოფნას; უცებ გამოკრთება არქეტიპული ხსოვნის ნაპერწკალი, ხსოვნა ადამისწინარე, დაბადებამდელი მდგომარეობისა`` (გვ. 62).
წაიკითხავ ამას და ერთი სული გაქვს, როდის გეტყვიან, როდის მოგაწვდიან იმ სტრიქონებს, სადაც გურამიშვილი ყოფნამდელი ყოფნის, ადამისწინარე, დაბადებამდელი მდგომარეობის ხსოვნას აცოცხლებს. და, აჰა, ეს ადგილიც ``დავითიანიდან``:
„ნეტავი ისევ მიწადა მე ვყოფილიყავ, არ კაცად!“
ანუ: ნეტავი ისევ მიწად დავჩენილიყავი, მიწიდან კაცად არ გამოვეძერწე მამაზეციერსო.
აი, ყოფნამდელი ყოფნის გახსენება!
ციტირებულ ტაეპს ასეთი კომენტარი მოსდევს:
„მის (დავით გურამიშვილის. - ლ. ბ.) ხსოვნაში შემორჩენილია ის დრო, როცა იგი მიწა იყო, რომლისგანაც შეიქმნა ადამი (...) - მას ახსოვს მიწადყოფნა“ (გვ. 63).
რა „ხსოვნაში შემორჩენა“, რა „ადამისწინარე ხსოვნა“, რა „არქეტიპული ხსოვნის ნაპერწკალი“?! ბიბლიაში არ წერია, ღმერთმა ადამი მიწისაგან შექმნაო? ბიბლიიდან არ იცის ეს გურამიშვილმა?
ამ მსჯელობის ავტორს მიახლოებითი წარმოდგენა მაინც აქვს არქეტიპზე?
მოკლედ, ``მხიარული ზაფხულის`` ანალიზი მეტისმეტად მხიარული (ჭკუამხიარული) გამოსვლია ამ ჩვენს მკვლევარსა. ზოგჯერ გეეჭვება, აქვს კი წესიერად წაკითხული ეს პოემა?
* * *
ერთ სამხიარულო პასაჟსაც გაგაცნობთ. ღაღანიძე ერთგან წერს:
„...ყველაზე ყურადსაღები და მნიშვნელოვანი, ალბათ, ისაა, რომ ``დავითიანის`` ის ნაწილი, რომელიც ამთავრებს პოეტის შემოქმედებასა და მისი შემოქმედების წიგნს - ``მხიარული ზაფხული`` - არნახული ახალგაზრდული სუნთქვით ფეთქავს (...). ახალგაზრდული სიხალისითა და სიცელქით დახატული ახალგაზრდული ყოფა სიბერის დავიწყება და უგულებელყოფაა. სიკვდილის წინ მდგარი პოეტი თავისი წიგნის დამაგვირგვინებელ, შემაჯამებელ მონაკვეთში ხელს უწოდებს (``ხელს უწოდებს`` ბრწყინვალეა! ოღონდ ამაზეც ქვემოთ. - ლ. ბ.) არა მარტო ``დავითიანის`` მკითხველ თუ მსმენელ ჭაბუკებს, არამედ მათს კონკრეტულ ხორცშესხმასაც (?) - ოცი წლის ქაცვიას. მართალია, პოემის ფურცლებზე ერთი, ერთადერთი მოხუცი ჩნდება - ქაცვიას მამა, მაგრამ იქ იგი მხოლოდ მთხრობელ-მქადაგებელია და ავტორის ხმის გადმოცემა ევალება, ხოლო როცა იგი მოქმედებს და ცხოვრობს, როგორც პერსონაჟი პოემისა (მხოლოდ შვილის მონათხრობში), იგი თექვსმეტი წლის ცელქი მწყემსია`` (გვ. 65-66).
ამ აბდაუბდიდან ძნელია აზრის გამოტანა, მაგრამ ვცადოთ.
``პოემის ფურცლებზე ერთი, ერთადერთი მოხუცი ჩნდება - ქაცვიას მამა``.
ქაცვიას პაპა?! ქაცვიას პაპა არა ჩანს? ის პაპა, რომელიც ისე დაუმძიმებია წლებს, დღე-დღეზე მის სიკვდილს ელოდებიან; სწორედ ამიტომ აყოვნებს შვილის დაქორწინებას ქაცვიას მამა - უძლური მოხუცის პატივსაცემად იქცევა ასე! ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ პერსონაჟს, პაპას, რომელსაც ჩვენი მკვლევარი ვერ ამჩნევს, მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია ამბის განვითარებაში. ახალგარდაცვლილი დედის ხსოვნის წინაშე მოვალეობის გრძნობაც არ აძლევს ქაცვიას მამას იმის უფლებას, რომ იმ ხანებში საქორწილო ზარ-ზეიმი გამართოს ოჯახში. გავიხსენოთ: ``ბიჭის მამასა არა სცალიან; / დედა მოუკვდა, გლოვობს ძალიან. / მამაც ყავს ავადა, / გახდა ძვალ-ტყავადა, / მალე მოკვდების``. აი, თუ არ ჩანს - პორტრეტიც კია მისი დახატული! აქ სამი თაობაა წარმოდგენილი, როგორც წესითა და რიგით უნდა იყოს ნორმალურ ოჯახში.
ეს უცნაური სიბრმავე ამ ჩვენი სუტმეცნიერისა, ეტყობა, იმით არის გამოწვეული, რომ ჰგონია, თუკი პოემაში ხნიერი პერსონაჟებიც იქნებიან გამოყვანილნი, მაშინ ვეღარ ვიტყვით, ნაწარმოები ``არნახული ახალგაზრდული სუნთქვით ფეთქავსო``! მოკლედ, ძალიან უნდა ``მხიარული ზაფხული`` ოდენ თინეიჯერებით დასახლებულ მხატვრულ ტექსტად შემოგვასაღოს, მაგრამ ნურას უკაცრავად, არ გამოვა ასე! მღვდელი განაცხადებს პროტესტს ამის გამო, მოძღვარი, ღირსეულ როლს რომ ასრულებს ამ თხზულებაში, - მე რომელი თინეიჯერი ვარო, არ იტყვის ეს დარბაისელი კაცი?! ანდა მეზობელი, არაჩვეულებრივი პერსონაჟი, კოლორიტული, შექსპირის ფალსტაფს რომ მოგვაგონებს, იქნებ ის და მისი მეუღლე, ქალბატონი ლელა, არიან თინეიჯერები? ან თვით ქაცვიას დედა! ქაცვიას მამა თუ მოხუცია, მისი მეუღლე, ქაცვიას დედა, როგორ იქნება ისე ნორჩი, რომ შეგვეძლოს ვთქვათ, პოემის ფურცლებზე ერთი, ერთადერთი მოხუცი ჩნდება - ქაცვიას მამა და მეტი არავინო!
უნდა დავამშვიდო განსახილავი წიგნის ავტორი: ``მხიარული ზაფხული`` მართლაც ``არნახული ახალგაზრდული სუნთქვით ფეთქავს``, მაგრამ არა იმიტომ, რომ მასში პირწმინდად გოგო-ბიჭები არიან პერსონაჟებად გამოყვანილი. გოგო-ბიჭებს გარდა საშუალო და უფრო ხანდაზმული ასაკის ხალხსაც დაინახავს აქ მიუკერძოებელი მკითხველის გონების თვალი. დავით გურამიშვილმა კარგად იცის, რომ ნორმალური საზოგადოება სამი თაობის თანაარსებობას გულისხმობს (დიახ, ასეა, თუმცაღა, ვატყობ, დღევანდელებს ორი წინა თაობა ზედმეტი ჰგონიათ!).
* * *
ახლა ერთ ციტატას მოვიყვან, მაგრამ გამიჭირდება ვთქვა, მისი ავტორი მართლა ისეთი სულელია, როგორც იქიდან გამოჩნდება, თუ ჩვენ გვთვლის სულელებად, ჩვენ გვაყრის თვალში ნაცარს. 96-ე გვერდზე ვკითხულობთ:
``მაგრამ ჩვეული სერიოზული თემატიკა უჩვეულო იუმორისტულ ფორმაში ისევე აფაქიზებს მკითხველის სმენასა და ხედვას, ისევე აღვიძებს ახლებურად, სხვაგვარად აღქმის უნარს, როგორც იუმორისა და სერიოზულობის გაუმიჯნაობა და გაერთიანება``.
``სერიოზული თემატიკა უჩვეულო იუმორისტულ ფორმაში`` სხვა რა არის, თუ არა ``იუმორისა და სერიოზულობის გაუმიჯნაობა და გაერთიანება``.
``ისევე... როგორც`` - შედარებას, განსხვავებულთა მსგავსების წარმოჩენას გვპირდება, ნაცვლად კი ტავტოლოგიას გვთავაზობენ! ტავტოლოგიას, ანუ ამის მსგავს რაღაცას:
ლამაზად გამოცემული კარგი წიგნი ისევე ახარებს გულს კაცისას, როგორც კარგი წიგნისა და კარგი გამოცემის გაუმიჯნაობა და გაერთიანება.
* * *
ერთი უცნაური სენიც სჭირს ამ ავტორს: უჭირს გაარკვიოს, მის მიერ დამოწმებული მკვლევარები მთელ ``დავითიანზე`` გამოთქვამენ შეხედულებას, თუ ``დავითიანის`` ამა თუ იმ ნაწილზე.
მაგალითად, 57-ე გვერდზე წერს:
``ნელ-ნელა მთავრდება ``დავითიანი``: მთავრდება ადამის ნაკადი ``ადამის საჩივარში``, მთავრდება დავით ფსალმუნთმგალობლის ნაკადი ლექსში ``მეოთხე დავითის შესხმა და დავითის ქების იგავი``, პოეტი უახლოვდება თავის დასასრულს, - წიგნის დასასრული ცხოვრების დასასრულს ემთხვევა``.
``ნელ-ნელა მთავრდება ``დავითიანი``: მთავრდება ადამის ნაკადი ``ადამის საჩივარში``, მთავრდება დავით ფსალმუნთმგალობლის ნაკადი ლექსში ``მეოთხე დავითის შესხმა და დავითის ქების იგავი``, პოეტი უახლოვდება თავის დასასრულს, - წიგნის დასასრული ცხოვრების დასასრულს ემთხვევა``.
აქ სქოლიოს ნიშანია, ხოლო სქოლიოში გვაუწყებს:
``ცნობილია, რომ ``დავითიანის`` დასასრული მიუღებელი და გაუგებარი დარჩა თვით მარი ბროსესთვისაც``-ო, და ბეჟან კილანავას ნაშრომს იმოწმებს.
მერედა ბეჟან კილანავას ის უწერია, მარი ბროსესთვის ``დავითიანის`` დასასრული დარჩა მიუღებელი და გაუგებარიო?
მერედა ბეჟან კილანავას ის უწერია, მარი ბროსესთვის ``დავითიანის`` დასასრული დარჩა მიუღებელი და გაუგებარიო?
ვნახოთ, რას წერს ბეჟან კილანავა:
``მარი ბროსესთვის არსებითად გაუგებარი დარჩა ``ქაცვია მწყემსის`` დასასრული. ამიტომაც ერთგვარი გულისტკივილითაც კი აღნიშნა მან: ``აქ ქრება პოეტური კომიზმი დავითისა და ეს უაღრესად ორიგინალური პოემა, რომელიც ლონგუსის ბრწყინვალე ფურცლებს გვაგონებს, მთავრდება დამოძღვრასა და მსოფლიო წარღვნაზე ცივი გადასვლით``.
ლაპარაკია ``ქაცვია მწყემსის`` და არა ``დავითიანის`` დასასრულზე.
``დავითიანის`` დასასრული მიუღებელი და გაუგებარი რატომ უნდა ყოფილიყო მარი ბროსესთვის, გონიერი მეცნიერისთვის?!
მეორე მაგალითი. ჩვენს ავტორს 22-ე გვერდზე უწერია:
``მაშინ, როცა ყოველგვარი სუსტი მცდელობა ქრისტიანული სიმბოლიკის საფუძველზე აეხსნათ ``დავითიანის`` თვალშისაცემი და უეჭველი ქვეტექსტები, ჟურნალ ``ნიანგის`` კარიკატურებში პოულობდა გამოხმაურებას, გ. ქიქოძემ განაცხადა, რომ ``წიგნის მთავარი გმირი ქართველი ერია...``
გერონტი ქიქოძესთან ასეა:
``მისი მთავარი გმირი ქართველი ერია...``
ნაცვალსახელი ``მისი`` თვითნებურად შეცვალა ჩვენმა ავტორმა ``წიგნით`` და გამოვიდა, თითქოს ქართველი ერი მთელი ``დავითიანის``, მისი ყოველი ნაწილის მთავარი გმირია, რაც, ცხადია, სწორი არ არის.
იმის გასაგებად, თუ რას გულისხმობს გერონტი ქიქოძე ნაცვალსახელში ``მისი``, წინა წინადადებაც უნდა წავიკითხოთ; ორივე ერთად ასე ჟღერს: ``ქართლის ჭირი`` ყველაზე პირქუში წიგნია ქართულ ლიტერატურაში. მისი მთავარი გმირი ქართველი ერია``.
მოკლედ, ე. წ. ``ქართლის ჭირზე``, ანუ ``დავითიანის`` ერთ ნაწილზე, ამბობს გერონტი ქიქოძე, მისი მთავარი გმირი ქართველი ერიაო, და არა მთელ ``დავითიანზე``. მთელი ``დავითიანის``, თუნდაც იმავე ``მხიარული ზაფხულის``, მთავარი გმირი ქართველი ერი არ არის, არც პირქუში წიგნია ``მხიარული ზაფხული``.
(იქვე, გ. ქიქოძის ციტატაში, სხვა უზუსტობებთან ერთად, რომლებზეც სიტყვას აღარ გავაგრძელებ, ასეთსაც წავაწყდი: გ. ქიქოძეს უწერია ``განცალკევებულად``, ამ სწორ ფორმას ჩვენი ახალგასრულპროფესორებული ავტორი მდაბიურ-პროვინციული ``განცალკავებულად`` ფორმით უცვლის გამოჩენილ მწერალსა და სტილისტს).
სრული ტექსტი იხ.: საქართველოს რესპუბლიკა. თბილისი, 2006. 8 აგვისტო, N152 (5493).

Comments
Post a Comment